ერთიანი ეროვნული გამოცდები უკვე დასრულებულია და აბიტურიენტები პასუხების მოლოდინის რეჟიმში არიან. პირველადი მონაცემებით, წელს უნარების გამოცდაზე ჩაჭრილთა რაოდენობა 13%-ს აღემატება. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი, აბიტურიენტების მოუმზადებლობა, თუ ტესტების სირთულე, ამის შესახებ „პრაიმტაიმი“ განათლების ექსპერტებს დაუკავშირდა.
განათლების ექსპერტი გია მურღულია „პრაიმტაიმთან“ ამბობს, რომ ეს შედეგები არ შეიძლება იყოს გამოწვეული ბოლო დროს გატარებული განათლების რეფორმის გამო.
„ამის მიზეზი შეიძლება იყოს ორი: ნაკლებად მოემზადნენ აბიტურიენტები, ან გართულდა ტესტები და ვერ დაძლიეს. ასეთ კორელაციას ვერ ვხედავ, სახელმწიფო გამოცდები ერთია, მაგრამ არსებობს სასკოლო გამოცდები და ყველა სკოლა, რომელიც თავის თავს პატივს სცემს, რა თქმა უნდა საკუთარი მოსწავლეებისთვის ამზადებს ისეთ საგამოცდო ტესტებს, რომლებიც მეტ-ნაკლებად სრულად შეაფასებენ მომზადების დონეს.“ - განაცხადა გია მურღულიამ.
განათლების ექსპერტი სიკო ჯანაშია ამბობს, რომ წინასწარი აკრობაციის ჩატარებაა აუცილებელი.
„უმაღლეს ქულას აიღებს თუ არა ვინმე, მაგას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს არ წყვეტს იმას, აბიტურიენტი სად მოხვდება. ეს შეიძლება დამოკიდებული იყოს ტესტის სირთულის დადგენაზე. როგორ ჩატარდა წინასწარი აკრობაცია, ეს ტექნიკური საკითხია. თუ ტესტი სწორად არის შედგენილი, მაშინ სირთულე არის თანაბრად განაწილებული“ , - ამბობს სიკო ჯანაშია
2018 წლის მონაცემებით მინიმალური კომპეტენციის ყველაზე დაბალი ზღვარი შემდეგ საგნებზე დაფიქსირდა: მათემატიკა 76,27%, ქიმია 77,74%, ფიზიკა 74,60%. ხოლო დანარჩენ საგნებში აბიტურიენტების დაახლოებით 90%-ზე მეტმა გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი
2019 წლის ქართული ენის მინიმალური ზღვარი გადალახა 87%-მა, რომელიც 2018 წელს, 93,88% იყო.
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 ათასი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 12000-მდე კანდიდატმა გაიარა.
ზოგადი უნარების გამოცდაზე წელს მაქსიმალური 80 ქულა ვერცერთმა აბიტურიენტმა ვერ დააგროვა.
ავტორი: ალექსი ქამადაძე