„პოლიციელის მკვლელის შეწყალება ჩემთვის მიუღებელია“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულ რამაზ დევაძის შეწყალების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
გომელაურის თქმით, მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირები არ უნდა შეიწყალონ.
„რა თქმა უნდა. ეს ჩემთვის მიუღებელია. მე ვთვლი, რომ მძიმე დანაშაულები ვისაც აქვს ჩადენილი, შეწყალება არ უნდა ხდებოდეს. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა. მით უმეტეს, პოლიციელის მკვლელის. ეს ჩემთვის მიუღებელია“, - განაცხადა გომელაურმა.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 34 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორისაა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევიძე.
ის ბათუმში პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. დევაძეს 2015 წელს 12 წლიანი პატიმრობა შეეფარდა.