მედია-კავშირი „ობიექტივის“ მთავარი რედაქტორი ბონდო მძინარაშვილი, საქართველოს ყოფილი ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის გარდაცვალებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„ნოდარ ხადური გარდაიცვალა და ხალხი გაკვირვებულია, - გლდანში უცხოვრია, სამოთახიან ბინაშიო...
ასე იყო თემურ ქორიძის გარდაცვალების დროსაც: ხალხს უკვირდა, - გლდანში, ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდაო...
გვიკვირს, ძალიან გვიკვირს, როცა გავიგებთ, რომ მაღალი თანამდებობის პირი დედაქალაქის ცენტრში, ფეშენებელურ სახლში ან აპარტამენტში კი არა, გარეუბანში, ჩვეულებრივი კორპუსის ჩვეულებრივ ბინაში მოკრძალებულად ცხოვრობს...
თემურ ქორიძეს 90-იანი წლების დასაწყისიდან ვიცნობდი და ვიცოდი, როგორი უსაზღვროდ განათლებული და მოკრძალებული ადამიანი იყო. ეს განათლება, ეს წიგნიერება აყენებდა მას ამქვეყნიურ კომფორტზე მაღლა. საკუთარი თავის ფასი იცოდა და სხვათა მიმართ უდიდესი თანაგრძნობით გამოირჩეოდა. მეტსაც გეტყვით: როცა მას საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება, ანუ კომფორტული ბინა შესთავაზეს ქალაქის ცენტრში, ბატონმა თემურმა მრავალშვილიან ოჯახს გადასცა ის ბინა, - მათ უფრო სჭირდებათო...
ახლა ნოდარ ხადურიც წავიდა...
***
ბატონი ნოდარი ჩემზე ერთი წლით უფროსი იყო, მაგრამ ყოველთვის ბატონობით მივმართავდი. ასე იმსახურებდა, ასეთი ადამიანი იყო: უშუალო, კეთილგანწყობილი, იუმორით სავსე და, ამავდროულად, თავისი ცოდნით, განათლებით და ადამიანურობით პატივისცემით რომ განგაწყობს...
ბევრი ტალახი ესროლეს, ბევრი ჭორი მოუგონეს, ბევრჯერ სცადეს მისი დამცირება, მაგრამ კეთილად იღიმოდა, რადგან ფიქრობდა, რომ... ჰო, გლდანში ცხოვრობდა, კორპუსში, ჩვეულებრივ სამოთახიან ბინაში... მარტო მან ხომ არა, სხვებმაც იცოდნენ - მეზობლებმა, ნათესავებმა, მეგობრებმა, კოლეგებმა... ეს საკმარისი იყო მისთვის, ნასროლი ტალახი რომ არ მიკარებოდა.
მაგრამ ეს არ იცოდა საქართველოს მოსახლეობამ, არ იცოდა რომ კაცი, რომელსაც არც უყვარდა და არც ეცალა ღრეობებისთვის და რომლისთვისაც ქართული სუფრა კეთილგანწყობილი ადამიანების თავყრილობა იყო, ციკანს არ მიეძალებოდა...
ხალხს უყვარს მითები.
აბა, რა, მინისტრი იყო და მთელს თუ არა, ნახევარ ციკანს ხომ მაინც შეჭამდა?!
ბევრჯერ ატკინეს გული, მაგრამ მაინც არ იშორებდა კეთილგანწყობილ ღიმილს...
ჰოდა, გარდაიცვალა, გულით გარდაიცვალა მოულოდნელად და ყველას გაგვახსენდა, მოულოდნელად გაგვახსენდა, რომ ჩვენც ადამიანები ვართ. მივხვდით, რომ შეგვიძლია ადამიანი მოვკლათ სიტყვით, დაუმსახურებელი ლანძღვით... ანდა, - არ მოვკლათ!..
49 წლის ასაკში წავიდა დიდი პროფესიონალი, პროფესორი, რომლისთვისაც მინისტრობა ტვირთი იყო და არა კომფორტის შექმნის საშუალება. მაგრამ ამაზე არ ლაპარაკობდა, რადგან სჯეროდა, რომ რაც ოჯახის წევრებმა, მეზობლებმა, ნათესავებმა, მეგობრებმა და კოლეგებმა იცოდნენ, სრულიად საკმარისი იყო და თავი არ უნდა ემართლებინა.
ჟურნალისტებსაც ამიტომ პასუხობდა ღიმილით და არა აგრესიულად.
ასე განათლებული და თავდაჯერებული ადამიანები იქცევიან, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ადამიანები. და კიდევ, - ადამიანები, რომლებიც თანაგრძნობით ეკიდებიან სხვათა სისუსტეებს. ამიტომაც არ იყო აგრესიული.
***
კი, ნოდარ ხადური ჩვეულებრივ, სამოთახიან ბინაში ცხოვრობდა ქალაქის გარეუბანში...
ახლა ხომ გაიგეთ?!
ჰოდა, (და)იძინეთ მშვიდად!“ - წერს მძინარაშვილი.