დღეს, ლეგენდარული კინოვარსკვლავის სესილია თაყაიშვილის დაბადების დღეა.
ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი სესილია თაყაიშვილი, დაიბადა 1906 წლის 17 სექტემბერს, ქალაქ ბათუმში, გარდაივვალა ქალაქ თბილისში 1984 წლის 21 მაისს.
მსახიობს, შესრულებული აქვს 120-მდე როლი. მისი განსახიერებული ყველა პერსონაჟი შეუდარებელია. სცენიდან თუ ეკრანიდან, სითბოსა და სიყვარულს ასხივებდა, მაგრამ, საყოველთაოდ ცნობილია, რომ საკუთარ თავზე საუბარი არ უყვარდა:
- “არ მიყვარს ჩემი თავი ეკრანზე, რადგან ვიცი - რაც გაკეთებულია, ვერ დააბრუნებ, ვერ გაასწორებ და არ მინდა კიდევ ერთხელ დავრწმუნდე, რომ შეიძლებოდა გაცილებით უკეთ მეთამაშა... საკუთარი თავის თამაში ადვილია, საკუთარი მომავლის წინასწარმეტყველება კი ძნელი, მირჩევნია სიბერე განვასახიერო, რადგან ასაკში შესული ადამიანი უფრო საინტერესოა”, - განაცხადა შეუდარებელმა მსახიობმა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში.
სესილიას ბოლო ფილმი “ცისფერი მთები, ანუ ტიანშანი” იყო, რომელიც 1984 წელს გადაიღეს. ლეგენდარული მსახიობიც ამავე წელს გარდაიცვალა. განუმეორებელი მსახიობის ბოლო კინოროლი მოხუცი ბუღალტერი იყო, ელდარ შენგელაიას ფილმში „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“, სადაც სესილია სულ შვიდჯერ ჩნდება კადრში.
მძიმე ავადმყოფი მიდიოდა ხოლმე გადაღებებზე, რადგან იცოდა, რომ ძალიან საჭირო იყო ფილმისთვის. კი ამბობდა, რას ვაკეთებ ისეთს, რომ სხვა მსახიობით ვერ შემცვალონო, მაგრამ… გადაღებების დროს გარეთ სასწრაფო ელოდებოდა, რაიმე რომ არ დამართნოდა (მისი სცენების ნაწილი ინფარქტამდეა გადაღებული, ნაწილი – ინფარქტის შემდეგ), დიდი მსახიობი ლამის სიცოცხლესთან განშორების გარდაუვალობის წინაშე იდგა, მაგრამ მაინც ძველებურად იხარჯებოდა.
რეჟისორი ელდარ შენგელაია იხსენებს:
„ცისფერ მთების“ სცენარზე მუშაობა რომ დავასრულეთ, ბუღალტრის როლზე უკვე ქალბატონი სესილია მყავდა წარმოდგენილი და სცენარით ხელში მივადექი კიდეც შინ.
– დეიდა სესილია, აი, სცენარი, მგონი, ძალიან საინტერესო როლია თქვენთვის, მინდა გაეცნოთ და…
– ყველაფერი დამთავრდა, არანაირ ფილმში აღარ ვითამაშებ, არც თეატრში ვთამაშობ. გაიგეთ, არ შემიძლია…
მაშინ ცოტა ვიეშმაკე და ასეთი რამ ვუთხარი: იქნებ სცენარი წაიკითხოთ და თქვენი აზრი მითხრათ-მეთქი.
– რომელი რედაქტორი მე ვარ, სცენარი ვიკითხო. მეტი საქმე არა მაქვს, ვიჯდე და შენი უნიჭო სცენარი ვიკითხო, – მომახალა.
ფარ-ხმალი არ დავყარე და როგორც იქნა, დავითანხმე… მეორე დღესვე დავურეკე და ვკითხე: კითხვა ხომ არ დაგიწყიათ-მეთქი?
– წავიკითხე. მოდი და რაღაცებს გეტყვი.
იმ წამსვე გავვარდი… კარი თავად გააღო და რას ვხედავ, საგანგებოდ არის ჩაცმული, სწორედ ისე, როგორც ფილმშია: ხალათი, ჩუსტები, ვარცხნილობაც კი სხვანაირი აქვს, ხელში რაღაც ქაღალდები უჭირავს:
– აი, შენი გმირი ასეთი უნდა იყოს და ქაღალდებით ხელში სულ უნდა დადიოდესო, – მითხრა.
– დეიდა სესილია, აგერ არა ხართ-მეთქი? – შევაპარე.
– არა, არა, მე არ შემიძლია, არ შემიძლია, ყველაფერი მტკივა. გაიგე რა, მე უკვე იმ ასაკისა ვარ…
– ეს ქალიც ამ ასაკისაა, ამ ქალსაც ყველაფერი სტკივა და თანაც აქანავებს.
მეც მაქანავებსო, შემომჩივლა.
ბოლოს და ბოლოს, მაინც მითხრა:
– კარგი, მაგრამ, იჩქარე. იცოდე, რაც შეიძლება იჩქარე.
გადასაღებ მოედანზე დიქტატორ რეჟისორებს არ ვგავარ, მაგრამ ამ შემთხვევაში გავხდი დიქტატორზე დიქტატორი, უმკაცრესი დისციპლინით. ზოგჯერ გადაღებაზე საავადმყოფოდან მოგვყავდა, მის ეპიზოდს ნახევარ საათში ვიღებდით და უკან ვაბრუნებდით მანქანით. გადაღებაზე ექიმიც თან მოჰყვებოდა…“
ფილმის გამოსვლიდან, სესილია, სულ რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ითხოვა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ დედის სურათის უკან შენახული ანდერძი წაეკითხათ, სადაც წერდა:
-„ვგრძნობ, ძალიან ცუდად ვარ, არ მცილდება ნახველში სისხლი. უსაშველო ხველა, ვიხრჩვები. რა კარგია, კაცი რომ დიდი სიცხით არის ავად, გრძნობა ეკარგება და კვდება. რა ცუდია, ყველაფერი გტკივა, დადიხარ ძლივს და არ კვდები.
ვთხოვ ჩემიანს ყველას, შემისრულონ ეს თხოვნა. არავითარ შემთხვევაში თეატრში არ გადამიყვანონ, ჩემი არ გადაყვანით, შეწყდება თეატრში ხშირი სიკვდილი. მერწმუნეთ, არავითარ შემთხვევაში, მუხლმოდრეკილი გეხვეწებით.
დიდუბე არ მიყვარს და, გთხოვთ, ნუ გამომიძებნით ადგილს. საბურთალოში თუ შეძლებთ, მაგრამ გთხოვთ ორ ადგილს იმიტომ, რომ ჩემს გვერდით მოხვდება, ვინც ჩემს შემდეგ წავა ოჯახიდან და არ ვიქნები მარტო. იწამეთ თხოვნა.
რა საჭიროა საპატიო ყარაული. ნუ დაღლით ხალხს. არავითარი სიტყვები! ვიყავი, ვშრომობდი და დასრულდა ჩემი ცხოვრება!
იმედია, ასე მშვიდად და წყნარად მიაბარებთ ჩემს ნეშტს ცივ მიწას“.
დიდ მსახიობს თხოვნა შეუსრულეს და იგი, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
ეროვნულ არქივში, სესილია თაყაიშვილის მონაწილეობით, 30-მდე მხატვრული ფილმის, გადასაღები მოედნის კადრებია დაცული.
შერგახსენებთ, რომ ლეგენდარულ ვარსკვლავს, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის წოდება -1939 წელს, მარჯანიშვილის თეატრის ათი წლისთავთან დაკავშირებით, მსახიობთა ჯგუფთან ერთად მიენიჭა. 1966 წელს, სსრკ სახალხო არტისტის; დაჯილდოებული იყო ლენინის, შრომის წითელი დროშის ორდენებით. 1982 წელს კი, თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. 1983 წლის დასაწყისში კი, გარდაცვალებამდე სულ რაღაც ერთი წლით ადრე, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიით დაჯილდოვდა, საქართველოს სახელმწიფო პრემია კი 1985 წელს, გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა.