პრეზიდენტმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხდა. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
„შეწყალება არ არის ის რაც ზოგს ჰგონია. ეს არ არის რევიზია სასამართლოსი, ეს არის სუბიექტური, პერსონალური გადაწყვეტილება. ეს არის გარემოების შეფასება გარემოების. მე ადრეც ვთქვი, რომ შეწყალების წესები გადასახდილი იქნას პარლამენტის მიერ. გამომდინარე ამ ვითარებისგან, მე ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მარიამობის დღესასწაულისთვის 34 პატიმრის შეწყალება სალომე ზურაბიშვილის მიერ ხმაურიანი აღმოჩნდა.
ერთ-ერთი შეწყალებული რამაზ დევაძე ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.
ამ ფაქტის გახმაურებას კი პრეზიდენტის მიმართ მწვავე კრიტიკა მოჰყვა, როგორც საზოგადოების მხრიდან, ასევე პოლიტიკურ წრეებში.
ოპოზიციამ ზურაბიშვილს კრიმინალების პრეზიდენტი უწოდა. პრეზიდენტის გადაწყვეტილება მიუღებელი და პასუხგასაცემია მმართველი გუნდისთვისაც.
პოლიციელის მკვლელის შეწყალების გამო კრიტიკა არ დამცხრალა, როცა მორიგი სკანდალური ინფორმაცია გავრცელდა.
16 სექტემბერს საზოგადოებამ შეიტყო, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ასლან ბეჟანიძე, რომელიც 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.
დღეს ცნობილი გახდა კიდევ ერთი შეწყალებული პირის ვინაობა, გაირკვა, რომ შეწყალებულ პირს ციხეში არც ერთი დღე არ გაუტარებია და ის ძებნილია.