ვისი რჩევით მიიღო პრეზიდენტმა შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება - ზურაბიშვილის განმარტება

11:19 09-18-2019
387

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, იღებდა თუ არა რჩევებს შეწყალების შესახებ, მათ შორის პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისგან.

„ასევე იყო ძალიან ბევრი სპეკულაცია სხვადასხვა ადამიანების ჩარევაზე ამ გადაწყვეტილებების მიღებაში მათ შორის ჩემი საპარლამენტო მდივანი, რომელიც არც კომპეტენციით და არც არანაირად არ იყო ამ პროცესში ჩართული. მისგან არც რჩევა არ მიმიღია არანაირი, არც არავის არ უკითხავს რას ფიქრობდა ამ გადაწყვეტილებაზე. ამიტომ მას არანაირი კომპეტენცია არ გააჩნია ამ გადაწყვეტილების.“ - განაცხადა ზურაბიშვილმა

მარიამობის დღესასწაულისთვის 34 პატიმრის შეწყალება სალომე ზურაბიშვილის მიერ ხმაურიანი აღმოჩნდა.

ერთ-ერთი შეწყალებული რამაზ დევაძე ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.

ამ ფაქტის გახმაურებას კი პრეზიდენტის მიმართ მწვავე კრიტიკა მოჰყვა, როგორც საზოგადოების მხრიდან, ასევე პოლიტიკურ წრეებში.

ოპოზიციამ ზურაბიშვილს კრიმინალების პრეზიდენტი უწოდა. პრეზიდენტის გადაწყვეტილება მიუღებელი და პასუხგასაცემია მმართველი გუნდისთვისაც.

პოლიციელის მკვლელის შეწყალების გამო კრიტიკა არ დამცხრალა, როცა მორიგი სკანდალური ინფორმაცია გავრცელდა.

16 სექტემბერს საზოგადოებამ შეიტყო, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ასლან ბეჟანიძე, რომელიც 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.

დღეს ცნობილი გახდა კიდევ ერთი შეწყალებული პირის ვინაობა, გაირკვა, რომ შეწყალებულ პირს ციხეში არც ერთი დღე არ გაუტარებია და ის ძებნილია.

დღესვე, სალომე ზურაბიშვილმა პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.