თელავის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში საერთაშორისო ფონდ „მედიქორ ფაუნდეიშენის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შპს „ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრს“ საერთაშორისო ფონდმა საჩუქრად მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური და სამკურნალო აპარატურა გადასცა: მაღალფუნქციური ექოსკოპიის აპარატი, ექოკარდიოგრაფიული პროგრამით; სისხლის ანალიზატორები; მრავალარხიანი კარდიოგრაფი; მონიტორები პაციენტის კვლევებისათვის; უახლესი ხელოვნური სუნთქვის აპარატები; ჟანგბადის კონცენტრატორები; ქირურგიული და სარეანიმაციო სხვადასხვა აპარატურა (ელ.დანა, ელ.ამომქაჩები).
ასევე, ფონდის მიერ დაფინანსდა სამედიცინო პერსონალის სპეციალური ტრენინგ-პროგრამა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ბავშვთა სტაციონარის განვითარების, სერვისების გაფართოვების და საინვესტიციო ფონდთან შემდგომი თანამშრომლობის საკითხები.
შეხვედრას ესწრებოდნენ: თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი - გიორგი ენუქიძე, ბავშთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი - თამილა თეიმურაზიშვილი, ფონდი „მედიქორის“ სამედიცინო პროექტების მენეჯერი - რიკუს ჯაკომეტი და არასამთავრობო ორგანიზაცია „თემი და გარემო“-ს წარმომადგენლები. თელავის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის ფონდ „მედიქორ ფაუნდეიშენს“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „თემი და გარემო“-ს გაწეული დახმარებისთვის.