მსახიობ ეკა ჩხეიძის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებული 56 წლის უჩა მიშველიძე, გირაოს გადახდის შემდეგ, საპატიმროს დატოვებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქორწინების იძულებას გულისხმობს. ცნობილია, რომ ბრალდებული, მსახიობ ეკა ჩხეიძეს იძულებით ქორწინება სთხოვდა.
„პრაიმტაიმი“ დაუკავშირდა მსახიობს, რომელმაც მომხდართან დაკავშირებით განაცხადა, რომ ბრალდებული არაადეკვატურია. მისი თქმით, ეს არ არის სიყვარული, ეს პათოლოგიაა, ავადმყოფობაში გადაზრდილი გრძნობა და ადამიანის ამოჩემებაა. წლების მანძილზე ვაფრთხილებდი, მაგრამ საბოლოოდ იძულებული გავხდი დამერეკა, რადგან სროლის შემეშინდა. 112 - ში, მას შემდეგ დავრეკე მეც და შემდეგ ჩემმა მეზობლებმა, რაც ბრალდებულმა სადარბაზოში ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა 5-6 ჯერ განახორციელა. ეს პიროვნება, 2 წელია მირეკავს და სახლთან მხვდება. მობილურზე დავბლოკე მისი ნომერი. ხშირად სადარბაზოსთან მხვდებოდა და მე არც კი ვესაუბრებოდი. მე მხოლო გასროლის შემდეგ მივმართე პოლიციას, მანამდე ვცდილობდი, რომ დამენდო. ვთვლი, რომ მკურნალობა უფრო ჭირდება, ვიდრე დაჭერა. ასეთი პათოლოგია, წლების მანძილზე, ჩემი აზრით, უკვე ავადმყოფობაა. “ - ამბობს ჩხეიძე.
„პრაიმ ტაიმმა“ გაარკვია უჩა მიშველიძის სამუშაო ადგილი და აღმოჩნდა რომ ბრალდებული, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელია. პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილის მირიან ხოსიტაშვილის ინფორმაციით, ბრალდებული უჩა მიშველიძე 10 წელია, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შიდა უსაფრთხოების თანამშრომელია.
მირიან ხოსიტაშვილი: - „უჩა მიშველიძე, 28 სექტემბერს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გავიდა ეკა ჩხეიძესთან. იმ დღეს, ბრალდებული მორიგე იყო. ვწუხვართ, რომ ასეთი ფაქტი მოხდა და ამ ინციდენტში, ბიბლიოთეკის სახელი უნებურად ფიგურირებს. რაც შეეხება ბრალდებულ პიროვნებას, მისი ნერვიული აშლილობის შესახებ, თანამშრომლებს არაფერი შეგვიმჩნევია. იარაღთან დაკავშირებით, გვაქვს ინფორმაცია, რომ რეგისტრირებული ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 28 სექტემბერს მოხდა, როდესაც მსახიობს სახლთან დახვდა ბრალდებული უჩა მიშველიძე, რომელიც სიყვარულს ეფიცებიოდა, რაზეც უარი მიიღო. მსახიობის სახლში შევიდა და რამდენიმე წუთის შემდეგ, სადარბაზოდან სროლის ხმა გაისმა. მეზობლებმა, 112-ში დარეკეს, ვინაიდან ბრალდებული თვითმკვლელობით იმუქრებოდა.
ბრალდებული, მსახიობს ორი წლის განმავლობაში სიყარულს ეფიცებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თვითმკვლელობით ემუქრებოდა.
სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა დანაშაული აღიარა. პროკურორმა მოსამართლეს 10 000 ლარიანი გირაოს შეფარდება მოსთხოვა. მოსამართლემ განაჩენში მცირე ცვლილება შეიტანა და საბოლოოდ ბრალდებულს 3 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. გირაოს გადახდის შემდეგ, ის საპატიმროს დატოვებს. წინასასამართლო სხდომა 31 ოქტომბერს, 11 საათზე დაინიშნა.