მითხარით მაგალითი, სადაც ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნისთვის ცუდი საქმე გააკეთა - გია ვოლსკი „ქართული ოცნების“ 7 წლიან რეჟიმს აფასებს

16:14 10-02-2019
219
თეგები: გია ვოლსკი

მინდა ვუთხრა საზოგადოებას იცოდნენ, სულ რომ დაითხოვო მთელი სახელმწიფო აპარატი თავის მინისტრებით, ჯარისკაცებით, მეხანძრეებით, ის თანხა, ვერ მოგროვდება, რასაც „ნაციონალურ მოძრაობა“ პირდება მოსახლეობას,- პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში, პარტია „ქართული ოცნების“ მმართველი გუნდის 7 წლიან მუშაობას აფასებს და შედეგებზე საუბრობს:

გასაკეთებელი ყოველთვის იქნება

„გასაკეთებელი ყოველთვის იქნება უამრავი, მაგრამ მთლიანობაში მაინც მგონია, რომ ადამიანისკენ გამოხედვა, არის მთავარი თემა, რაც ახასიათებს 2012 წლიდან 2019 წლებში მოსულ ხელისუფლებას. არ მინახავს ადამიანი, რომ სრულიად კმაყოფილი იყოს, მით უმეტეს, თუ ამდენი წელი, პრობლემებით დამძიმებული ჰქონდა. 

საყოველთაო ჯანდაცვა

ადამიანები აღარ კვდებიან უფულობის გამო, ჯანმრთელობის გადარჩენის გამო, არ დებს საკუთარ ქონებას ბანკში და იპოთეკით დაზარალებულების რაოდენობა, ათეულ ათასობით დაგვხვდა - ხალხი, რომელსაც პრაქტიკულად პერსპექტივა აღარ აქვთ, რომ ნორმალურ სახლში იცხოვრონ. ძალიან რთული მდგომარეობა დაგვხვდა, იმ ოჯახებშიც, რომლებმაც ომის პერიოდში ახლობელი ადამიანები დაკარგეს, გაუჭირდათ, როგორც მორალურად, ისე ფინანსურად. როგორც ახალგაზრდა თაობა, ასევე ჩვენი ასაკის ხალხი მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, დაგვხვდა ღვიძლის კიბოთი დაავადებული უამრავი ადამიანი,საზოგადოების დიდი ნაწილი, რომლებმაც პრაქტიკულად, საშინელი წამება გამოიარეს. თუნდაც, კრიმინალური დამნაშავეების თემა ავიღოთ და მათ მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულება, რომ ფიზიკურად უნდა მოისპოს. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელმაც დანაშაული შეიძლება ჩაიდინა და დაავადებულია, მაგალითად ტუბერკულოზით ან, C ჰეპატიტით და ის მდგომარეობა, რასაც ჰქვია განუკითხაობის წინაშე ქედის მოხრა.

ეს რეალობა პრაქტიკულად გვქონდა. უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო - საბავშვო ბაღების, სკოლების დიდი რაოდენობა განადგურებული დაგვხვდა. გაპარტახებული სკოლები და გაყიდული შენობები, სერიოზული ჩამორჩენა უნივერსიტეტებში, განადგურებული იყო, როგორც განათლების ხარისხი, ასევე მატერიალური ბაზა. ოკუპირებული ტერიტორიები, გარეთა და შიდა საფრთხეები, დაძაბულობა. იმიტომ, რომ როცა „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, 2015 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე, ყველა სტრუქტურა იყო პრაქტიკულად „ნაციონალური მოძრაობის“ კონტროლის ქვეშ. არის ისეთი თემები, თუნდაც ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი ავიღოთ. სულ ვეუბნები ჩემს ოპონენტებს, რომ მითხარით რამოდენიმე მაგალითი, სადაც ცუდად მოიქცა, ან ცუდი რამე გააკეთა ქვეყნისათვის და მე მოვიტან უამრავ მაგალითს, სადაც კარგი საქმე გააკეთა.

განათლება და ეკონომიკა

მარტო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი კმარა ნებისმიერი ქვეყნისათვის, რომ ადამიანის მიმართ მადლიერების თუ არა, მოკრძალების გრძნობა დაეუფლოს, ან ტერმინოლოგია მაინც არ იყოს ეგეთი, როგორც საუბრობენ.  ბიძინა ივანიშვილს, არასდროს მოუთხოვია მადლიერება და თავის დაცვა. სახელმწიფოსთვის, განათლების სფერო არის ნომერი პირველი ამოცანა. მრავალი ასპექტი შემიძლია ჩამოვთვალო: სოფლის მეურნეობა გაპარტახებული დაგვხვდა, სადაც 37 000 გრანტი გაიცა, რომ მეურნეობა ფეხზე დაგვეყენებინა. არა წარმოება, სადაც გაიცა უამრავი რაოდენობის „აწარმოე საქართველოში“ კრედიტი და თან უფასო ფული. რათა გაიხსნას წარმოებები. თვითონ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გათვალისწინება, რომ არ იყოს აუცილებელი, ისედაც გასაგებია, რომ განათლების სფერო წინა პლანზე მოდის და სახელმწიფოს პერსპექტივა უწერია ნამდვილად. არაფერი არ მოხდება, არაფერი არ გაკეთდება, თუ არ იქნა სტაბილურობა, იმიტომ, რომ ეკონომიკური განვითარების მაჩვენებელი, ჩვენს რეგიონში საკმაოდ მაღალ დონეზე შევინარჩუნეთ. ეს, არ არის ორნიშნა ციფრი, მაგრამ ამით გამოვირჩევით. მე ვფიქრობ, რომ სტაბილურობის, დაძაბულობის შენელების უამრავი ფაქტორია, სახელმწიფოს, მეტი დაინტერესების ასპექტია საქართველოში.

უსაფრთხოება და სტაბილურობა

უსაფრთხოება და სტაბილურობა არის კიდევ სამარკო ნიშანი ქართული ოცნების, რომელსაც საკმაოდ ბევრი რესურსი სჭირდება, ბევრ დროს მოვახმართ, მაგრამ ფაქტია, რომ კიდევ არსებობს დეზინფორმაციები, რომელიც ისედაც ემოციურად მოწყვლად საზოგადოებას, კიდევ უფრო ძაბავს. 

ფაქტია, რომ ეს ოკუპაციის რეჟიმი დამთრგუნველია ჩვენთვის, მაგრამ ფაქტია, რომ ცხელი კომფორტაციის რეჟიმიდან გამოვედით, და რეალურად ამას ვავითარებთ.

ურთიერთობა მედიასთან

არასოდეს არ ვყოფილვარ ჟურნალისტების მიმართ აგრესიული, არ ვიცი ვინ მიგონებს ამას. არის „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, რომელიც რაღაცა მოგონილი თემით მოგვდევს და ყვირის, რომ გადიხარ და კამერით მოგყვება, ბულინგის პირობებში. ალბათ, ყველამ თავის ადგილი უნდა იცოდეს. არსებობს, რაღაც ელემენტარული ეთიკა პოლიტიკური, მაგრამ არსებობს კიდევ ქცევის გარკვეული ნორმები, მით უმეტეს, რომ იცი, რომ განზრახ კეთდება. მე, არც ერთ ჟურნალისტთან ცუდი ურთიერთობა არ მქონია, და არც ერთ საინფორმაციო სამსახურებთან, პირიქით, ხშირ შემთხვევაში, პირველ დაძახილზე მივდივარ, იქ სადაც მეძახიან, მაგრამ პროვოკაციას, მე აბსოლუტურად ადეკვატურად ვპასუხობ და არა მგონია, რომ ჟურნალისტის მიმართ იყოს ეს დამოკიდებულება, მაგ შემთხვევაშიც კი, ჟურნალისტთან ვინარჩუნებ კეთილ ურთიერთობას, მაგრამ თუ ვხედავ, რომ სარედაქციო პოლიტიკა ხშირ შემთხვევაში არის არა ჟურნალისტური, არამედ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის დავალება და ამოცანა, მე არ შემიძლია ნაციონალურ მოძრაობას ინტერვიუ მივცე პირისპირ. 

სხვა ჟურნალისტებთან ერთად, კომენტარს ვაკეთებ, მაგრამ ხომ შეიძლება, რომ შენი მოწინააღმდეგე პოლიტიკური გუნდი მოდიოდეს და ინტერვიუს გთხოვდეს და თან, აბსოლუტურად შეუსაბამო რეალობასთან - ამპარტავნულად, დამამცირებლად და ამავე დროს, პოლიტიკური ნიშნის მოგებით. 

პერსპექტივები

სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ყელასთვის ნათელია, რომ პირველ რიგში, 2020 წლის ბიუჯეტი, უნდა იყოს მაქსიმალურად სოციალურად დატვირთული. შეიძლება, მეტი თანხის გადაქაჩვა ეკონომიკურ მულტიფუნქციურ, სხვადასხვა სახის პროექტებში. ასევე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მაგრამ სამწუხაროდ, ძალიან ბევრი გვყავს სოციალურად დაუცველი ადამიანი. 800 000 -მდე პენსიონერი გვყავს, გარდა ამისა მოსახლეობის უდიდესი ნაწილია სოციალურად დაუცველია, სადაც ბიუჯეტი აუცილებლად უნდა გაიზარდოს.

ვილაპარაკოთ განათლებაზე და არ ვილაპარაკოთ მასწავლებლების ხელფასის მომატებაზე, შეუძლებელია. სოფლის პირობებში ვინც მუშაობს ექიმები, პედაგოგები, აუცილებლად უნდა მოემატოთ შემოსავალი. გარდა ამისა ჯარი, პოლიცია, რომელზეც ქვეყნის მოსახლეობა დგას, აუცილებელია მათთვის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება და არასწორი იქნება, რასაც ასევე უნდა უნდა ვებრძოლოთ, თითქოს უმაღლეს ხელისუფლებაში, არის ფუფუნება და სრული კომფორტი და რომ არა ეს, პენსიონერებს ექნებოდათ 400-500 ლარი პენსია. მინდა ვუთხრა საზოგადოებას იცოდნენ, სულ რომ დაითხოვო მთელი სახელმწიფო აპარატი, თავის მინისტრებით, ჯარისკაცებით, მეხანძრეებით, ის თანხა, ვერ მოგროვდება, რასაც ნაციონალურ მოძრაობა ჰპირდება მოსახლეობას. ხელს აწერინებდნენ ადამიანებს, რაღაც გარკვეულ შეთანხმებაზე. მგონია, რომ სოციალურად შეჭირვებულ საზოგადოებაში, დეზინფორმაციის გავრცელება, მნიშვნელოვანი პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. 

ავტორი: რუსა ღვანიძე