რუხში „ხაჭაპურის ფესტივალი“ 19 ოქტომბერს გაიმართება

13:33 10-04-2019
64

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ რუხში, ადმინისტრაციულ საზღვართან, ხაჭაპურის ფესტივალი ჩატარდება. ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში გაიმართება კულინარიული კონკურსები, მასტერკლასები და მეგრული სამზარეულოს შესახებ წიგნების პრეზენტაციები.

სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან წულაიამ განაცხადა, რომ ფესტივალის მიზანია საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი კერძების პოპულარიზაცია.

„გადავწყვიტეთ, რომ ჩავატაროთ ხაჭაპურის ფესტივალი, რის ფარგლებშიც გაიმართება კონკურსი მეგრული ხაჭაპურის გამოცხობაში. იქნება შეჯიბრი სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელ ხაჭაპურის გამოცხობაში. გარდა ამისა, იქნება აგრონაწარმისა და სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა“, - თქვა ლევან წულაიამ.

ხაჭაპურის ფესტივალს რუხში სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია ატარებს. ფესტივალის მხარდამჭერები USAID zrda საქართველო და ტურიზმის ადმინისტრაცია არიან.

ავტორი: თეა შონია