ყოველი წლის 10 ოქტომბერს, მსოფლიოში ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომლის მიზანი, ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდასაჭერად, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
ფსიქოლოგი, ფსიქო-სოციალური დახმარების ცენტრ „კამარას” დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე, ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობასთან საბრძოლველად, საზოგადოებას, საინტერესო რეკომენდაციას სთავაზობს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეს ერთადერთი რეკომენდაცია, რის მოცემაც შემიძლია და რის შესრულებაც ყველას შეუძლია, სიყვარულის გამოხტვაა ნებისმიერის მიმართ, ვისაც მოწყენილი სახე აქვს. შეხედეთ და გაიფიქრეთ, - მიყვარხარ. ამ ფიქრს აუცილებლად გაიგონებენ ადამიანები და აუცილებლად უკეთ იგრძნობენ თავს.
European Psychiatric Association - EPA today’s #WorldMentalHealthDay ევროპის ფსიქიატრთა ასოციაციის (EPA) განცხადება ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით. ერთად დავძლიოთ სუიციდი:
2019 წლის 10 ოქტომბერი - ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ევროპის ფსიქიატრთა ასოციაცია და მისი წევრი ეროვნული ფსიქიატრიული ასოციაციები, მათ შორის, საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება, უერთდებიან 10 სექტემბრის (სუიციდის პრევენციის მსოფლიო დღის) მთავარ მოწოდებას „ერთად დავძლიოთ სუიციდი“ და მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის აქციას „40 წამი მოქმედებისთვის“ იმისთვის, რომ ხელი შეუწყონ საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე სუიციდის მძიმე შედეგების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და სუიციდის პრევენციის საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას.
ყოველწლიურად დაახლოებით 800 000 ადამიანი ცხოვრებას თვითმკვლელობით ასრულებს, რაც ნიშნავს, რომ ყოველ 40 წამში ერთი ადამიანი იკლავს თავს. სუიციდი გლობალური პრობლემაა და მისი რისკი მთელი ცხოვრების მანძილზე არსებობს. სუციდის და სუიციდის მცდელობის პრევენციისთვის, მნიშვნელოვანია, ყველა დონეზე, კერძოდ, ეროვნულ, ლოკალურ და ინდივიდუალურ დონეზე, ეფექტური და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინტერვენციების დანერგვა. ნაჩვენებია, რომ ერთ დასრულებულ სუიციდზე 20 და მეტი სუიციდის მცდელობა მოდის.
ევროპის პროფესიული გაერთიანება ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 80. 000-ზე მეტ ჯანდაცვის სპეციალისტს აერთიანებს. ამიტომ, ევროპის ფსიქიატრთა ასოციაცია ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის სუიციდისა და სუიციდის პრევენციის საკითხების სწავლების მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს.
პირველადი ჯანდაცვის სპეციალისტების ტრენირება ეფექტურია სუიციდის პრევენციისთვის. ეს აუმჯობესებს დეპრესიისა და შფოთვითი აშლილობების მკურნალობისა და ზრუნვის ხარისხს და ზრდის ყურადღებას სუიციდის მიმართ. როგორც ნაჩვენებია EPA სუიციდის პრევენციისა და მკურნალობის გაიდლაინში (http://www.europsy.net/app/uploads/2013/11/wasserman.pdf), უწყვეტი პროფესიული განათლება, რომელიც ეთიკისა და სამართლებრივ საკითხებსაც მოიცავს აუცილებელია ფსიქიატრებისთვის, სხვა ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისთვის და პირველადი ჯანდაცვის ექიმებისთვის.
EPA სუიციდოლოგიის და სუიციდის პრევენციის სექციის ხელმძღვანელი პროფესორი მარკო სარჩიაპონე (Prof. Marco Sarchiapone) აცხადებს, რომ “ ის პირები, რომლებიც ცხოვრებას თვითმკვლელობით ასრულებენ, სუიციდის მცდელობამდე ბოლო თვის მანძილზე, უფრო ხშირად, პირველადი ჯანდაცვის ან ინტენსიური თერაპიის ექიმის მხედველობის არეში ხვდებიან და იშვიათად მიმართავენ ფსიქიკური ჯანდაცვის სპეციალისტებს. ამიტომ, ამ პრობლემასთან გამკლავება, უპირატესად, ოჯახის ექიმებსა და რეანიმატოლოგებს უწევთ“.
სუიციდის პრევენციისთვის, აუცილებელია, დეპრესიის დიაგნოსტიკისა და სუიციდური ტენდენციების შეფასების საკითხებზე ტრენინგების ჩატარება. ამ საკითხების სწავლება უნდა დაიწყოს სამედიცინო უნივერსიტეტებში და რეზიდენტურის პერიოდში, ვინაიდან უნდა გვახსოვდეს, რომ სამედიცინო პერსონალის დამოკიდებულება და ცოდნა თვითმკვლელობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვნადაა ასოცირებული სწორ თერაპიულ მიდგომებთან სუიციდური ტენდენციების მქონე პიროვნების მიმართ.
სუიციდის პრევენციაში კლინიკური როლის გარდა, ფსიქიატრებმა საგანმანათლებლო ფუნქციაც უნდა იტვირთონ ყველა იმ პირისთვის, ვინც პაციენტის ზოგად და ფსიქოსოციალურ ზრუნვაშია ჩართული, მათ შორის, ექიმებისთვის, სოციალური მუშაკებისთვის და ექთნებისთვისაც.
ეროვნულ დონეზე, ყველა მთავრობამ სუიციდის პრევენცია უნდა ჯანდაცვის და სხვა სექტორების სატრენინგო და საგანამანათლებლო პროგრამებში შეიტანოს. ეროვნული ფსიქიატრიული ასოციაციების საბჭოს თავმჯდომარის პროფესორი სიმავი ვაჰიპის (Prof. Simavi Vahip) განცხადებით „თუ ქვეყნებს შორის სუიციდის შემთხვევების სიხშირე განსხვავებულია, წარმატებული ინტერვენციებისა და კარგი პრაქტიკის გაზიარებით ჩვენ ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია ერთმანეთისგან. კარგადაა დადასტურებულია, რომ სუიციდის პრევენციის ინიცირებაში ჩადებულ ძალისხმევას ბევრი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია“.
ევროპის ფსიქიატრთა ასოციაცია და მისი წევრი ფსიქიატრიული ასოციაციები, მათ შორის საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება, მტკიცედ უჭერენ მხარს და მოწოდებულები არიან ქვეყნის დონეზე ფსიქიკური ჯანმრთელობისა და სუიციდის პრევენციის განვითარებას შეუწყონ ხელი,“ - წერს ფანჯიკიძე.