ნუ მაყვედრით პრემიას და 400-ლარიან ხელფასს! - ლევან საგინაშვილი სპორტის დეპარტამენტს პასუხობს

14:17 10-11-2019
10802

ლევან საგინაშვილი, სააგენტო „პრაიმტაიმს“ დაუკავშირდა და სპორტის მართვისა და განვითარების დეპარტამენტის მწავე განცხადებას, მწვავედვე უპასუხა: 

„მე სახელმწიფოსგან და სპორტის სამინისტროსგან, მით უმეტეს მკლავჭიდის ფედერაციისგან, ფული არ მომითხოვია. გავაკეთე განცხადება, რომ ელემენტარული მილოცვაც არავისგან მიმიღია, თითქოს სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ვიყო. 

რაც შეეხება პრემიებს, მე, რასაც ჩემი შრომით და წარმატებით ვაღწევდი, იმას ვიღებდი. უკვე მერამდენედ მაყვედრით მაგ ფულს, რომელიც ჩემი გამარჯვებით დავიმსახურე და იმიტომ მივიღე. არავის არაფერი უჩუქებია, ასე რომ, ნუ მაყვედრით ნურც პრემიას და ნურც 400 ლარიან ხელფასს! და, რაც შეეხება ამ ტურნირს, აღიარებულია თუ არ არის აღიარებული მსოფლიო ფედერაციისგან, ეს შეჯიბრი, მკლავჭიდში მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და მნიშვნელოვანია დღესდღეობით. ჩემი ქვეყნის სახელის გასატანად გავედი და მე, ჩემს გასაკეთებელს, მაინც გავაკეთებ ჩემი სამშობლოს და ხალხისთვის!“ - ამბობს საგინაშვილი.

რამდენიმე დღის წინ, „პრაიმტაიმმა“ ქართველი სპორტსმენის ლევან საგინაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც აცხადებს, რომ სახელმწიფოსა და სპორტის სამინისტროს მიმართ, გულნატკენია, რადგან მათი მხრიდან, ერთი მილოცვაც კი არ მიუღია. ქართველი „ჰალკის“ ამ განცხადებას, სპორტის მართვისა და განვითარების დეპარტამენტის ოფიციალური გვერდი, ჩემპიონს, განცხადებით გამოეხმურა და განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ის უარს იტყვის კომერციულ ტურნირებში მონაწილეობაზე, კვლავ დაიცავს საქართველოს ნაკრების ღირსებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას საერთაშორისო ფედერაცია, მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის საშუალებას არ მისცემს.

შეგახსენებთ, რომ „ქართველი ჰალკი“, 7- გზის მსოფლიო და 6 - გზის ევროპის ჩემპიონი ორივე ხელში ლევან საგინაშვილი, რამდენიმე დღის წინ, ჩინეთში მკლავჭიდელთა შორის გამართულ, მსოფლიოს „ტოპ 8“-ის მეორე ტურნირის გამარჯვებული გახდა. ფინალი 8 დეკემბერს, პოლონეთში, ქ. რუმიაში გაიმართება, სადაც მსოფლიო ჩემპიონი, გადამწყვეტ ტურში რუს ჩემპიონ - ვიტალი ლალეტინთან იბრძლებს.

ავტორი: რუსა ღვანიძე