ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა რამდენიმე დღის წინ, თამთა თოდაძე, რომელიც ილია ჯიშკარიანს სექსუალურ ძალადობასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, ტელეეთერში დებატები შესთავაზა. როგორც ჯიშკარიანის უფლებადამცველი ამბობს, მის შეთავაზებაზე თოდაძის ადვოკატისგან უარი მიიღო.
- რა სიბინძურეც წამოიწყო დაზარალებულმა მხარემ, რა მეთოდითაც დაიწყო ომი, საზოგადოებაში, რომ რეპუტაცია განზრახ გაუნადგურეს ჩემს კლიენტს, იმავე მეთოდით ვუპასუხე! არ ელოდნენ, რომ ამ სიბინძურეში შევყვებოდი, რომელი ეთერიდანაც ლანძღეს და ცილი დასწამეს ჩემს კლიენტს, ილია ჯიშკარიანს, ამავე ეთერში მოვიწვიე. რა გავაკეთე მითხარით ცუდი?! ეს ქალბატონი, თავის ადვოკატთან და სხვა უფლებადამცველებთან ერთად, წიხლქვეშ ამოიდეს ჩემი კლიენტის ფოტოები და აქციები მოაწყეს. ხან პირდაპირ ეთერში დასხდნენ და ისაუბრეს. ცრემლმორეული და ღრიალით კარდაკარ დადიოდნენ და ატრიალებდნენ გულის ამაჩუყებელ სცენებს. ქალი ნაცემი არ არის, ხელებზე აქვს ნაჩხაპნები, ვერ გაურკვევია სად მიიღო ეს ნაჩხაპნები. ამ ქალის მანიპულაციის გამო, ამ კაცის წარსული და ღირსება გაანადგურა. ჯიშკარიანისთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ხალხია, ვინც მისი სახელი და გვარი შემოხაზა არჩევნებში. უნდა, რომ ამ ხალხს გააგებინოს სიმართლე. კაცია და ვერ იჭორავებს. არ გამოსდის ამ კაცს ქალივით ჭორაობა, ნერვიულობს. მე ქალი ვარ და აი მაგას დავამთავრებ და დავასამარებ სამუდამოდ. მაგათ ტყუილებს და აფერისტობას გავაგებინებ მთელ საქართველოს. თოდაძესა და მის ადვოკატებს ახალი რა შევთავაზე? ტელეთერში კითხვები უნდა დავუსვა ამ საწყალ, დაჩაგრულ გოგოს, მე მონსტრმა და იმ ჯოჯოხეთურმა პიროვნებამ, რა მონსტრიც შექმნეს ჩემგან. მე არ ვთამაშობ, არავინ მაფინანსებს რაღაცა მიზნებისთვის. ვარ თავისუფალი და გავიტან ამ საქმეს ბოლომდე. ეგენი არიან მატყუარები და მანიპულატორები. ჩემს შეთავაზებაზე დებატებთან დაკავშირებით მათ უარი განაცხადეს. ადვოკატმა მითხრა, ეს საარჩევნო პოლიგონს დაემსგავსაო. მათ გახადეს პოლიგონი და შეფუთეს ეს ყველაფერი სიბინძურედ. აიგდეს ამხელა კაცი და ფეხქვეშ გათელეს მისი რეპუტაცია, რომელსაც წარსული აქვს, მეუღლე ჰყავს და შვილები ჰყავთ.
- თუმცა მარიამ პროკურატურამ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა თქვენს კლიენტს...
- საერთოდ რისთვის უნდა ყოფილიყო გირაო გამოყენებული? ბრალი რატომ წარუდგინეს გეკითხებით! ბრალი არ უნდა წარედგინათ, მტკიცებულება არ არის საქმეში. პირდაპირ ჩანს განცხადებიდან და დასკვნიდან, რომ თამთა თოდაძე იტყუება. ბატონ ილიას გირაო საერთოდ არ უნდა შეფარდებოდა, თუმცა იმიტომ დავეთანხმე, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიყვანო.