ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი რუსეთმა ესპანეთს გადასცა

22:05 10-23-2019
1473

კრიმინალურ წრეებში ცნობილი ავტორიტეტი ტარიელ ონიანი, მეტსახელად ტარო რუსეთმა ესპანეთს გადასცა. ამის შესახებ რუსეთის შს სამინისტრო იუწყება.

„დღეს ის შერემეტევოს აეროპორტში ესპანეთის სამართალდამცავი ორგანოების სპეციალურ წარმომადგენელს გადაეცა“ - განაცხადა რუსეთის შს სამინისტროს წარმომადგენელმა ირინა ვოლკმა.

ტარიელ ონიანს, ესპანეთის მოთხოვნით, ინტერპოლი ეძებდა. სამეფოში მას, ესპანეთის ტერიტორიაზე მოქმედ დანაშაულებრივ ორგანიზაციასთან კავშირის გამო, სისხლის სამართლის პასუხისგებაში აძლევენ.

ეს ჯგუფი შემჩნეულია ხელოვნების ნიმუშების გატაცებასა და გამოძალვაში.

რუსეთში ონიანი 2009 წლის ივნისში დააკავეს. ის მოსკოვის გარეუბანში, ელიტურ დასახლებაში დააკავეს და მას ადამიანის გატაცებასა და 250 ათასი დოლარის გამოძალვაში დასდეს ბრალი. ამის გამო მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.