„ქოცი“ იყოს, გინდ „ნაცი“ და გინდ „გირჩმადიდებელი“ - მეგობარი სამუდამოა - რომან გოცირიძე გულწრფელ ურთიერთობებზე

13:26 10-25-2019
34176

რომან გოცირიძის ხუმრობას შალვა თადუმაძის დიპლომსა და მისი თანაკურსელების სახინკლეში დაპატიჟებასთან დაკავშირებით, იმ პერიოდში, დიდი გამოხმაურება და სხვა სახუმარო ვიდეოებიც მოჰყვა, მათ შორის, „პრაიმტაიმის“ ჟურნალისტის – თორნიკე ხურციძის, რომელმაც თადუმაძის დიპლომის ასლზე საკუთარი სახელი და გვარი დააწერა და რომან გოცირიძეს „სახინკლეში წასაყვანი საბუთის“ სახით წარუდგინა.

ბატონი რომანი ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ იუმორი, ხუმრობა და ადამიანების გაშაყირება ძალიან უყვარს, თუმცა, თადუმაძის შემთხვევაში ბულინგი უფრო გამოუვიდა, მაგრამ ამას არ ნანობს. კითხვაზე თუ რომელია მისი საყვარელი სახინკლე, სტუდენტობის დროინდელ ადგილს იხსენებს:

– ძალიან ლმობიერი ადამიანი ვარ, ხუმრობა და გაშაყირება მიყვარს, დაცინვა – არა. ჩემს საქციელს სატირა და იუმორი უფრო შეიძლება ვუწოდო, ვიდრე, ბოროტი დაცინვა ან ბულინგი, მაგრამ თადუმაძის შემთხვევაში ბულინგი გამომივიდა იმის გამო, რომ ის არის პროკურორი, რომლის პირობებშიც უამრავი ადამიანი დაიჭირეს. ქუჩის აქციის მონაწილე ახალგაზრდებიდან, 12 დღესაც ციხეშია, ირაკლი ოქრუაშვილი, ნიკა მელიას სამაჯური დაადეს და თადუმაძე აშკარად უსამართლო დავალებებს ასრულებს, როგორც ივანიშვილის მორჩილი ადამიანი, ყოფილი ადვოკატი და იმდენად გათავხედდა, პრეტენზია აქვს, რომ ზონდერ პროკურორი, ის და მისი მოადგილე, სიცოცხლის ბოლომდე, სანამ პენსიაზე არ გავლენ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრები გახდნენ.

იუმორის ასეთ ფორმას ძალიან იშვიათად მივმართავ, მაგრამ ამ შემთხვევაში არ ვნანობ, რადგან, ისტორიაში შევა, თუ ვინ დაწერა „დიდოსტატის მარჯვენა“ და ის, რომ მის თანაკურსელებს ვეძებთ და დღემდე ვერ ვიპოვე, რომ სახინკლეში წავიყვანო. ყოველ დღე ვიღაც მირეკავს და მატყუებს, – მე ვარ თადუმაძის თანაკურსელიო. კარგი, წავედით, ოღონდ დიპლომი წამოიღე–მეთქი, რომ ვეუბნები, დავკარგეო, მატყუებენ. ზოგჯერ ამ ფორმით მხილება უფრო უებარია, ვიდრე ასი სამართლებრივი შეკითხვის დასმა.

– რომელია რომან გოცირიძის საყვარელი სახინკლე?

– ხინკლის მოყვარული საერთოდ არ ვარ. თუმცა, სტუდენტობის პერიოდში ძალიან ხშირად დავდიოდით სახინკლეში. მაშინ თბილისში იყო სულ რამდენიმე რესტორანი, ისიც ძალიან ძვირიანი, რამდენიმე კარგი კაფე, სადაც გემრიელი ღვეზელები იყიდებოდა, სასადილოები – საშინელი და სახინკლეები. უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში ვსწავლობდი, ლენინური სტიპენდია 120 მანეთი მქონდა და ეს მაშინ იმდენი ფული იყო, მთელი ზაფხული შემეძლო დამესვენა მოსკოვში ან სოჭში. ფეხბურთის საყურებლად კი იქ ხშირად დავდიოდი. „დინამო–თბილისი“ რომ წავიდოდა მოსკოვის „დინამო“–სთან სათამაშოდ, დავსხდებოდით მატარებელზე და 14 მანეთად ჩავდიოდით. ჩემი 120 მანეთით, იმ ცნობილი 37 მანეთიანი თვითმფრინავის ბილეთიც მომდიოდა, წავიდოდი, წამოვიდოდი და იქ სასტუმროშიც გავჩერდებოდი.

ვინაიდან ამხელა სტიპენდია მქონდა, სახინკლეში ჩემს ჯგუფელებსაც ხშირად ვეპატიჟებოდი, ზოგჯერ ყველა ვკრებდით ფულს და ისე მივდიოდით, თუმცა, ჯგუფში მდიდარი ოჯახის შვილებიც იყვნენ. ჩემს ერთ მეგობარს პირველი კურსიდანვე ჰყავდა ჟიგული, რაც მაშინ დიდ მოვლენად ითვლებოდა – ჟიგულიანი ბიჭი. ახლა ის ხელისუფლებაშია. ჩავსხდებოდით ხოლმე მის მანქანაში და დავდიოდით სოხუმში, ბიჭვინთაში, გაგრაში.

– ახლა თუ მეგობრობთ? თქვენი ჯგუფელებიდან რომელია საზოგადოებისთვის ცნობილი?

– ყველასთან ვმეგობრობ. 3–4 წელიწადში ერთხელ მაინც სულ ვიკრიბებით ხოლმე, ახლაც ვაპირებთ, ნოემბერში. ბევრია ისეთი, რომლებიც სხვადასხვა თანამდებობაზეც იყო, ერთი – ყოფილი მინისტრია, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ სად და რომელ პარტიაში იქნება, ჩემთვის ის მეგობარია და სამუდამოდ ასე იქნება, გინდ „ქოცი“ იყოს, გინდ „ნაცი“ და გინდ „გირჩმადიდებელი“.

მოკლედ, ვაჟა–ფშაველას გამზირზე ერთი სასტუმრო იყო, „აფხაზეთი“ და იმის ქვეშ, სარდაფში გახლდათ ეს სახინკლე და სტუდენტები სულ იქ დავდიოდით. მთავარი მენიუ ხინკალი, ქაბაბი და არაყი იყო. უნივერსიტეტშიც კარგი სასადილო იყო, 80 კაპიკად ან ერთ მანეთად მშვენივრად დანაყრდებოდი, წვნიანს მიირთმევდი, კომპოტს, ქაბაბსაც, ოღონდ მასში ხორცზე მეტი, ფქვილი იყო (იცინის).

– თქვენი კულინარიული მონაცემები როგორია?

– ამ სფეროში ძალიან სუსტი ვარ, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, რაღაცების გაკეთება შემიძლია.

 

ავტორი: თამთა დადეშელი