საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი, ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყეების გადასარჩენად გადარიცხულ თანხასთნ დაკავშირებით გამოწვეულ კომენტარებს ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„მესამე დღეა ვკითხულობთ კომენტარებს, ბერას მიერ ამაზონის ტყეების გადასარჩენად, საერთაშორისო ფონდში გაკეთებული შენატანის შესახებ. პოზიტიურთან ერთად, იმდენი ხეპრული შეფასებებიც იყო, რომ ნამდვილად ბევრია პატარა საქართველოსთვის. იგივე პატარა ქვეყნისათვის კი, მნიშვნელოვანია მისი წარმომადგენლის არჩევა, ამ მსოფლიო მნიშვნელობის პრობლემასთან მებრძოლი ორგანიზაციის ერთ-ერთ ელჩად.
ვულოცავ ბერას! სხვა რომ არაფერი, გაწეულ ხარჯს ესეც ამართლებს, მითუმეტეს რომ ხარჯიც პირადია. საკუთარი პრობლემებიც ბევრიაო, ისე გაიძახიან, თითქოს რამე გაეკეთებინოთ მათ მოსაგვარებლად, ხოლო უმეტესს სწორედაც რომ მათ შესაქმნელად არ ეღვაწოს. მათი ლოგიკით, არც საერთო საკაცობრიო საფრთხეებთან ბრძოლაში უნდა ჩავებათ, მითუმეტეს არც საერთაშორისო ფორუმები, თუ მსოფლიო ჩემპიონატები უნდა ვატაროთ ქვეყანაში. არც სხვებს დააინტერესებს ჩვენი ყოფა და ვიყოთ ასე, ოკუპანტების, თუ ჩვენს გარშემო მიმდინარე სახიფათო პროცესების, ეული შემყურე.
დავუბრუნდეთ, ისევ ქველმოქმედებას. რაც ბიძინა ივანიშვილს საქართველოში ინვესტირება აქვს გაკეთებული, მისი შორეული შვილიშვილებიც, ვერ ამოიღებენ მატერიალურ სარგებელს. აი ეგ უკვირთ სწორედ და საზოგადოებაც უნდა, რომ გააკვირვონ. ვეჭვობ, რომ ზოგი შესაძლოა მართლაც დააჯერეს, თითქოს გაპარტახებული აბასთუმანის აღდგენა, ან ობსერვატორიის ტელესკოპი, საკუთარი გართობისათვის სჭირდება, არც უწყიან თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, მსოფლიო ეკოლოგიისათვის საქართველოში, მის მიერ აღდგენილი თუ გაშენებული ტყეპარკები, არა იმ მასშტაბით, როგორც ამაზონის მასივი, მაგრამ ესოდენ საჭირო საერთო ეკოლოგიური სისტემისათვის. ათასობით პირად დახმარებებს რომ თავი დავანებოთ, ნუთუ გაუგებარია, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ, მრავალი სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტისათვის გაწეული ხარჯი, ასეულ მილიონობით ლარს ზოგავს ბიუჯეტისათვის. განა ეს არ აძლევს სახელმწიფოს საშუალებას, რომ სუსტი ეკონომიკის პირობებში, ამდენი ბენეფიციარი შეინახოს და უმკურნალოს, საზღვარგარეთ ასწავლოს და სხვა. როდის, რომელი სიტყვით, ან მოქმედებით დაუყვედრებია სამშობლოსათვის, ან ხარჯი ან ერთგულება?! ან მისი გუნდის რომელი წევრისგან გაგიგონიათ, სკამზე შემდგარი სადღეგრძელოები და აღფრთოვანებული შეძახილები, რაც სულ ახლახანს ახასიათებდა პილიტიკურ სინამდვილეს? ისიც უთქვამთ, ხომ არ სჯობდა სკოლების, თეატრების თუ ისტორიული მნიშვნელობის ძეგლების რეაბილიტაციას და ამაში, სახელმწიფოსათვის შეღავათის კეთებას, პირდაპირ საციალური ხარჯებზე გაეკეთებინა ორიენტაცია და სამ მილიარდ დოლარზე მეტი, სწორედ ამ სფეროში დაეხარჯაო. იქნებ სჯობდა კიდეც, ყოველშემთხვევაში, ვერცერთი სულელი ვერ გაბედავდა იმის თქმას, რომ ხალხისთვის არაფერი უკეთებიაო. არადა, სულ ახლახანს ათასობით სასოწარკვეთილს, საბანკო უღელი ჩამოხსნა ... უსაყვედურეს!... ვერ პატიობენ ვერც პოლიტიკურ გამჭრიახობას, ვერც ბოროტების დამარცხებას, ვერც თავმდაბლობას, ვერც პატრიოტიზმს.
კი, მძიმეა პრობლემები! ჯერ მარტო ათეულობით მიწასთან გასწორებული, უწყლო სოფელი და ათასობით იპოთეკით დაზარალებული დაგვიტოვეს მემკვიდრეობად, გადაცდომებიც ხდება... აქვე, თვალსაჩინოა პოზიტიური ტენდენციები, მსოფლიო მასშტაბის საომარი თუ ეკონომიკური დაპირისპირების პირობებში შენარჩუნებული სტაბილურობა, ათასობით გადარჩენილი სიცოცხლე, მაღალი რეიტინგები... ქართული ოცნების ლიდერს, ამაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი, საკმაოდ დიდი იმისათვის, რათა მისი ოჯახის წევრის ჩართულობა, საერთაშორისო პროექტში პოლიტსექტანტების საკრიტიკო არ გახდეს“ - წერს ვოლსკი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ბერა ივანიშვილმა ვიდეომიმართვა გავრცელა, სადაც აცხადებს, რომ ამაზონის ტყის ხანძრის შედეგებთან საბრძოლველად, 1,1 მილიონ აშშ დოლარის გადარიცხავა გადაწყვიტა. ბრაზილიური გარემოსდამცველი ორგანიზაცია „სოციალურ-ეკოლოგიური ინსტიტუტი“ (ISA-ს), რომელსაც ბერა ივანიშვილი 1.1 მილიონს ურიცხავს, იუწყება, რომ ბერა, მათი წამოწყებული ეკოლოგიური კამპანიის, „ტყის ხალხის“ (#PovosDaFloresta) ელჩი გახდა.