„პაციენტი გაიქცა და აღარ გამოჩნდა“ - ქირურგის პასუხი ონკოპაციენტს, რომელიც მას ადანაშაულებს

19:37 10-28-2019
5637

ინგოროყვას სახელობის კლინიკის ერთ-ერთი ქირურგი, შალვა ჭოველიძე, ონკოლოგიური პაციენტის ზურაბ ჭანჭალეიშვილის მეუღლის თათული თეთრაულის მიერ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით, „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევს.

საქმე სათესლე ჯირკვლის სიმსივნის ამოსაკვეთად ჩატარებულ ოპერაციას შეეხება, რომლის შემდეგაც, თათული თეთრაულის მტკიცებით, მის მეუღლეს ექიმმა ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსი დაუნიშნა იმ დროს, როცა სინამდვილეში მას ეს არ სჭირდებოდა. 

 - ადასტურებთ, რომ 2 თვის წინ, თქვენს მიერ ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფიის(MRI) კვლევის შედეგად, პაციენტს, მარჯვენა სათესლე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა, რის შემდეგაც ქირურგული ჩარევა დასჭირდა?

- დიახ, კომპიუტერული ტომოგრაფიის შემდეგ, მას მარჯვენა სათესლე ჯირკვლის Cr, ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა. ერთი თვის წინ პაციენტს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ოპერაციის შემდგომი ეტაპი, ქიმიოთერაპიის ჩატარება გახდა.

- რატომ გახდა საჭირო ქიმიოთერაპიის დანიშვნა?

- 100 % -ით ვადასტურებ, რომ სიმსივნე ავთვისებიანია, რის გამოც პაციენტს, ქიმიოთარაპიის კურსის ჩატარება შევთავაზეთ. მართალია, საბედნიეროდ, არ ჩანდა მეტასტაზები, მაგრამ პროფილაქტიკის მიზნით, ქიმიოთარაპიის 4-5 კურსის ჩატარება შევთავაზეთ. ამავე დროს გავაშუქეთ ფილტვები, სადაც ძალიან ბევრი წვრილი წარმონაქმნი შევნიშნეთ, რომელიც სავარაუდოდ ტუბერკულიოზის ნიშნებს გავდა. ამის შემდეგ, ონკოლოგებთან ერთად გავიარეთ კონსულტაცია.

- ადასტურებთ, რომ ნამდვილად სათესლე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე იყო და სასწრაფოდ სჭირდებოდა ამოკვეთა?  

- სიმსივნე ნამდვილად არის, თან საკმაოდ ავთვისებიანი. თავიდან, ინფექცია გვეგონა და მკურნალობა დავუნიშნეთ. მერე რომ ვნახე, გავარკვიე რომ სიმსივნე იყო და მივიღე გადაწყვეტილება, სათელე ჯირკვლის ამოკვეთის თაობაზე.

- როგორ ჩაიარა ოპერაციამ და აღმოჩნდა თუ არა მეტასტაზები?

- ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. როგორ არის წესი, სათესლე ჯირკვლის მთელი ბაგირაკი, რადიკალურად ამოიკვეთა. ეს არის შერეული სახის სიმსივნე, კანცერო-ემბრიონალური ანტიგენი, პლუს სერომა, მაგრამ  სიმსივნეს, ახასიათებს ის, რომ პირველ მატასტაზები, თავს იჩენს ლიმფურ ჯირკვლებზე. საბედნიეროდ, ამ ადგილებში მეტასტაზები არ აღმოჩნდა, მაგრამ ფილტვებში იყო რაღაც მწირი პროცესი, რომელიც ვერ დვადგინეთ რა იყო, მაგრამ კვლავ გავიარეთ ექიმებთან ერთად კონსულტაცია და მეტასტაზები აქაც გამოირიცხა.

- თუკი მეტასტაზები არ არსებობს, რატომ გახდა საჭირო ქიმიოთარაპიის ჩატარება?

- აქ არის ორი აზრი. ერთი, რომ პროფილაქტიკური ქიმიოთერაპიის 4-5 კურსი, ან საერთოდ არაფერი არ ჩატარდეს და უბრალოდ, დაკვირვება მოხდეს პაციენტზე. ავთვისებიანი სიმსივე ნამდვილად იყო, უბრალოდ მეტასტაზები არ აღენიშნებოდა, რაც მისალოცი საქმეა. 

- როგორც პაციენტის მეუღლე აცხადებს, თქვენ დაუნიშნეთ ქიმიოთერაპიის კურსის სასწრაფოდ ჩატარება. 

- დიახ, ეს ნამდვილად ასეა. სასწრაფოდ, ვამბობდი იმის გამო, რომ ფილტვების მდგომარეობა არ იყო დამაკმაყოფილებელი, მარკერებიც დადებითი ჰქონდა, ზუსტად არ მახსოვს პაციენტის ისტორია.

- ქალბატონი აცხადებს, რომ თქვენ აჩქარებდით, რომ პაციენტს ქიმიოთარაპია ჩაეტარებია, თან ეუბნებოდით, რომ მეტასტაზები არ აღენიშნებოდა.

- დიახ, მე ასე ჩავთვალე, მე ვუთხარი, რომ ან ჩავატაროთ ან არა-მეთქი. ვუთხარი, რომ ქიმიოთერაპია, მათი სურვილის მიხედვით გადაგვეწყვიტა.  არ ჰქონდა მეტასტაზები შორეული და რეგიონალური, თორემ სიმსივნის ავთვისებიანი ფორმა ჰქონდა. 

- პაციენტის მეუღლე აცხადებს, რომ მეუღლე მეგობრის დახმარებით  თურქეთის ერთ-ერთ კლინკაში გადაიყვანა, სადაც ყველანაირი კვლევა ჩაუტარდა და მოვიდა პასუხი, რომ არანაირი ავთვისებიანი სიმსივნე არ არსებობს.

- ვადასტურებ, რომ სათესლე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე ნამდვილად აქვს, მაგრამ არ აქვს მეტასტაზები ლიმფურ ჯირკვლებში.

- რამდენად საჭიროა ასეთ შემთხვევაში ქიმიოთერაპიის გაკეთება?

- რა თქმა უნდა საჭიროა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველ სამ თვეში ერთხელ საჭიროა გადამოწმება. ამ შემთხვევაში, პროფილაქტიკის მიზნით, კარგი ვარიანტი იქნებოდა ქიმიოთერაპიის 3-4 კურსის ჩატარება. საქართველოში არ იცავენ წესებს და გამოკვლევებს არ იტარებენ. ქიმიოთერაპიას, პროფილაქტიკის მიზნით, ჩვენ ყოველთვის ვნიშნავთ.

- რა შემთხვევაში არ უნიშნავთ ონკოპაციენტს ქიმიით მკურნალობას?

- არის მეორე ვარიანტი, როცა არ აკეთებენ. ეს ბიჭი, თავიდან აღელვებული ჩანდა, მე დავაწყნარე, ბოლომდე მივსდიე, ვერ აღმოვაჩინეთ ვერაფერი, ფილტვებში იყო რაღაც პროცესი, მაგრამ ისიც ვერ დამტკიცდა, რომ მეტასტაზური იყო, სრულიად შესაძლებელი იყო ოჯახს ეთქვა, რომ არ იყო საჭირო ქიმიოთერაპია, ჩვენც ვუთხარით, რომ არ არის საჭირო და ამავე დროს საჭიროა. ორი მიმართულებაა, ვიმეორებ, ან ვაკეთებთ, ან არა. ამის შემდეგ ექიმებთან გავატარე კონსულტაცია, ერთად ვისაუბრეთ. ამ საკითხს, ერთი ექიმი არ წყვეტს, ამიტომ კონსილიუმი უნდა მოგვეწვია, მაგრამ ოფიციალურად არ შედგა, რადგან პაციენტი გაიქცა და აღარ გამოჩნდა. ვთვლი, რომ ძალიან საშიშია, რადგან პაციენტმა არ ჩაიტარა ქიმიოთარაპია, მე ჩემს აზრზე ვრჩები. 

ავტორი: რუსა ღვანიძე