აზერბაიჯანმა რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა, მთინაი ყარაბაღის რესპუბლიკის წარმომადგენლების მოსკოვში ვიზიტის გამო. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება. საუბარია მთიანი ყარაბაღის საგარეო საქმეთა მინისტრის მასის მაილიანისა და კულტურის მინისტრის ლერნიკ ოვანისიანის მოსკოვში ვიზიტზე.
„ასეთი ვიზიტები მუდმივად პროვოკაციული ხასიათისაა, რომელიც მიმართულია აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ“, - აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში.
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის რეგიონმა ავტონომია გამოაცხადა. 1991 წელს მთიანი ყარაბაღის ადმინისტრაციულ ცენტრად ქალაქი სტეფანაკერტი გამოაცხადეს.
სამხედრო კონფლიქტის დროს აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის კონტროლი დაკარგა. 1992 წლიდან დღემდე აზერბაიჯანი აწარმოებს მოლაპარაკებებს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მიზნით. მოლაპარაკებებში ჩართულია ეუთო.
აზერბაიჯანი მოითხოვს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას. სომხეთი მთიანი ყარაბაღის ინტერესებს იცავს.