ატენის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულმა ლევან აბაშიძემ, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ვიდეომიმართვა ჩაწერა, რომელსაც „პალიტრავიდეო“ ექსკლუზიურად ავრცელებს.
„გამარჯობა, მე ვარ ლევან აბაშიძე. მინდა მოგიყვეთ საქართველოს მოქალაქის ისტორია. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩემთან სახლში პოლიციის თანამშრომლები მოვიდნენ და ქვეყნის დატოვება მომთხოვეს სასწრაფოდ. რადგან ისინი იყვნენ მაღალჩინოსნები, მათ მოთხოვნას დავემორჩილე და ქვეყანა დავტოვე სასწრაფოდ.
ქვეყნის დატოვების შემდეგ, ყველანაირად ვეცადე, რისი საშუალებაც მქონდა, გარკვევა, რა ხდებოდა ჩემს თავს, მაგრამ არავინ მელაპარაკება, თითქოს არც ვარსებობ. აგერ, უკვე სამი თვეა ვიმყოფები სახლიდან და ქვეყნიდან გამოძევებული. თუმცა, ვაპირებ ჩემს სამშობლოში და სახლში დაბრუნებას. სხვაგან წასასვლელი არ მაქვს. ჩრდილო კორეის მოქალაქე რომ ვიყო, დახვრეტილი ვიქნებოდი საერთოდ. მაგრამ, რადგანაც საქართველოს მოქალაქე ვარ, ვფიქრობ, ნარკოტიკს, ან იარაღს ჩამიდებენ ან რაიმე სახის პროვოკაციას მომიწყობენ.
ამ ვიდეოს იმიტომ ვწერ, რომ სახლში დაბრუნების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, მომიწევს ჩემი უდანაშაულობის დამტკიცება. მინდა, ადამიანებმა იცოდნენ, რომ წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება ჩემს თავს. არასდროს ვყოფილვარ ნასამართლევი, არასდროს ვმჯდარვარ ციხეში. ფიქრობ, არავის ვაწუხებ ჩემი არსებობით, ვცხოვრობ პატიოსნად“, - ამბობს აბაშიძე მიმართვაში.
2016 წლის 9 სექტემბრით დათარიღებულ წერილში გარდაცვლილი „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ მიმართავს და წერს, რომ ის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებისგან იდევნება.
როგორც ცენტრის ადვოკატმა ეკა ქობესაშვილმა პალიტრავიდეოს უამბო, ლევან აბაშიძემ, რომელმაც სავარაუდოდ, დედა და და დახოცა, შემდეგ კი თავი მოიკლა, სამართალდამცველების მხრიდან შევიწროვბის გამო, დახმარებისთვის ცენტრს რამდენჯერმე მიმართა.
„არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩემთან სახლში მოვიდნენ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები. დედაჩემს სთხოვეს, რომ ჩემთვის დაერეკა და ეთქვა ეს ამბავი. დედას ვთხოვე, დაელაპარაკებინა რომელიმე მათგანი. ვესაუბრე მათგან ერთ-ერთს და ვთხოვე, არ ენერვიულებინათ ადამიანი, ხუთ წუთში სახლში ვიქნებოდი.
ამ დროს მე ვიმყოფებოდი აბაშიძის ქუჩაზე, მეგობართან. წავედი სახლში. სადარბაზოსთან დამხვდა ორი შავი „ტოიოტა ქამრის“ ტიპის ავტომანქანა, რომელშიც არავინ იჯდა. სახლში დამხვდა ხუთი ან მეტი ადამიანი, აქედან ერთ-ერთი გამეცნო, როგორც ვაკის პოლიციის უფროსი.
არასოდეს ვყოფილვარ ციხეში, არასოდეს ვყოფილვარ ნასამართლევი. ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა. მომთხოვეს ქვეყნის დატოვება რამდენიმე საათში, თუ არა შენს თავს დააბრალე რაც მოგივაო და წავიდნენ.
დავემორჩილე მათ მოთხოვნას იმ იმედით, რომ არჩევნები ჩაივლიდა და შევძლებდი გაურკვევლობის გარკვევას და სახლში დაბრუნებას. მაგრამ არავინ არაფერს მეუბნება, თითქოს არც ვარსებობ. გთხოვთ, დამიცვათ და დამეხმაროთ გაგებაში, რა ხდება ჩემს თავს“ - წერდა გარდაცვლილი.
შეგახსენებთ, 17 ნოემბერს ატენის ქუჩაზე საზარელი მკვლელობა მოხდა. პირველადი ვერსიით, ლევან აბაშიძემ დედა, ირინა გედევანიშვილი და და, თაკო აბაშიძე მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.