„ანიტას ღამით სუნთქვა გაუჭირდა. გვეგონა გაცივდა, შემდეგ ჭამა შეწყვიტა...“ - პატარა ანიტას დედა

13:11 11-22-2019
4193

რამდენიმე დღის წინ, ორი წლის ანიტა ფაცაციას უმძიმესი დაავადება - „დილატაციური კარდიომიოპათია“ დაუდგინდა. მედიკოსების თქმით, საჭიროა ჩატარდეს სასწრაფო ოპერაცია უმოკლეს ვადაში. უნდა ჩაიდგას აპარატი რომელიც ხელოვნურად ამუშავებს გულს, მანამ სანამ ოჯახი გულის ტრანსპლანტაციისთვის თანხის მოგროვებასა და დონორის პოვნას შეძლებს.

width=600

ოპერაციის გაკეთება, დიდ თანხებს უკავშირდება. ოჯახმა და ახლობლებმა უკვე დაიწყეს თანხის შეგროვება, რადგან ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა და არც ერთი წამის დაკარგვა აღარ შეიძლება! პატარა ანიტა, ახლა ავსტრიაში იმყოფება. ოპერაცია კი, დაახლოებით 300 000 ევრო ჯდება. სანამ თანხის გადარიცხვა არ მოხდება, არაფერს უკეთებენ. უსახსრობის გამო, ანიტას ექიმებმა საავადმყოფო დაატოვებინეს, ის ამჟამად ავსტრიის თავშესაფარშია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი ტრანსპორტირება არ შეიძლება.  

სოციალურ ქსელში ანიტას დედამ, მარიამ სადრაძემ, კიდევ ერთი ემოციური პოსტი გამოაქვეყნა:

„საქართველოს დროით დილის 4 საათია, მაგრამ მე ახლა დავაძინე ანიტა. ყოველ დღე მე და ფაცო ( გიორგი ჰქვია ანიტას მამას, მაგრამ ჩემთვის ფაცოა :))) ვეკითხებით ერთმანეთს რით დავიმსახურეთ ეს ყველაფერი, რასაც თქვენ აკეთებთ? მაგრამ ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს. მადლობა მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ და ერთი ამბავი გაგიზიაროთ. მოგეხსენებათ, სოციალური ქსელის საშუალებით, ხშირად ითხოვენ პატარებისთვის დახმარების გაწევას, ყოველთვის ძალიან განვიცდიდი ამას. ძალიან ბევრს ვტიროდი, თანხასაც საშუალებისამებრ ვრიცხავდი და დიდ უსამართლობად მიმაჩნდა პატარების ავადმყოფობა, მაგრამ იმას, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღესაც მეც იმ ადამიანების რიგში აღმოვჩნდებოდი, რომლებიც შვილის გამო საზოგადოებას დახმარებას სთხოვდნენ. ერთ დილას გავიღვიძე (მაშინ ანიტა ჯანმრთელი იყო) და შემხვდა ერთ-ერთი ბიჭუნას დედის პოსტი, სადაც ის საზოგადოებას დახმარებას სთხოვდა. ძალიან განვიცადე, ბევრი ვიტირე და იმის შემდეგ 3 დღის განმავლობაში გულში ვიმეორებდი: ღმერთო, რა ბედნიერი ვარ, რომ ჯანმრთელი შვილი მყავს... რა ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ჯანმრთელ შვილს ვეხუტები ყოველ ღამე. გევედრები ყველა დედას უმყოფე შვილი ჯანმრთელი... რატომღაც 3 დღის მანძილზე, მარტო ამ თემაზე ვფიქრობდი. ზუსტად მესამე დღეს, ანიტას ღამით სუნთქვა გაუჭირდა. გვეგონა გაცივდა, დავიწყეთ გაციებაზე მკურნალობა, შემდეგ ჭამა შეწყვიტა... ვერ ამოვხსენით რა იყო. მივიყვანეთ ექიმთან, თავიდან მოწამლული ეგონათ და ბოლოს ეს დიაგნოზი დაისვა... მაშინ პირველად მითხრა ექიმმა ზუსტად ჯერ ვერ გეტყვი, მაგრამ შეიძლება შენი შვილის დაავადება განუკურნელი იყოსო. ის დღე არასდროს დამავიწყდება, მაგრამ მაინც არ მჯეროდა, რომ შეიძლებოდა ეს სიმართლე ყოფილიყო. ახლა კი ვარ ასეთი რეალობის წინაშე რასაც ხედავთ, მაგრამ ამდენი ერთად გაერთიანებული ადამიანის ლოცვა, სიკეთე, დადებითი ენერგეტიკა, ჩვენზე ძალიან მაგრად მოქმედებს. არ დაგიმალავთ, ცოტა გადავიწვი კიდეც ემოციურად. უკვე ყველას ვეღარც გპასუხობთ, არადა რამდენი თბილი სიტყვა მინდა გითხრათ. ჩემი პატარა ქალბატონი, აზრზეც არ არის რა ხდება მის გამო, მისი მამიკო ჩუმად დარდობს, უბრალოდ ემოციებს ჩემსავით ვერ გამოხატავს და ალბათ ის უფრო იტანჯება, ამის გამო ვიდრე მე. ცდილობს, ვაჟკაცურად დადგეს და შიში არ მანახოს, მაგრამ მე ხომ ვიცი, საავადმყოფოში დაგვტოვებდა ჩვენ და თავშესაფარში მოსულს ჩუმად რამდენჯერ უტირია. ტელეფონზე ცდილობდა ვერ მივხვდარიყავი მის ნამტირალევ ხმას, მაგრამ მე რას გამომაპარებს... რაც თქვენი თანადგომა ვიგრძენით, იმის მერე აბსულუტური გარდატეხა მოხდა ჩვენში. სიცილი დავიწყეთ, ერთმანეთს ვეხუმრებით, ვართობთ, ვეღადავებით კიდეც. ეს პოზიტივი, ანიტაზეც კარგად მოქმედებს, მასაც არ უნდა მუდამ თვალცრემლიანი დედის და ნატანჯი მამის სახის ყურება, მაგრამ ახლა ტელეფონზე ეჭვიანობს. უნდა, რომ დედა მთლიანად მას ეკუთვნოდეს, ამიტომ დღეიდან გადავდე ტელეფონი გვერდით და ვცდილობ ყურადღება არ მოაკლდეს. თქვენ უფრო მაპატიებთ, თუკი მოგაკლდათ ჩემი ყურადღება და პასუხები, ვიდრე ეს გოგონა. ჯერ ძალიან პატარაა და ბევრი რამ გაუგებარია მისთვის. მიყვარხართ ყველა“ - წერს მარიამი.  

ანიტას გადასარჩენად მთელი საქართველო უნდა გაერთიანდეს. ერთად დგომით უკვე არაერთი სიცოცხლე გადავარჩინეთ და ახლა ანიტას დროა.  

საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომერი:

GE28BG0000000100761966

მიმღები- ლია ჩხაიძე ( ანიტას ბებია)

TBC ანგარიში:

GE38TB7855945064300017

გადახდის აპარატებიდან ჩასარიცხად:

პ/ნ 60001030692

ლია ჩხაიძე

width=600

ანიტა ფაცაციას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, სამინისტროსთვის ცნობილია.

ავტორი: რუსა ღვანიძე