მხატვართა ოთხი თაობის წარმომადგენლები, იშვიათი შემთხვევაა, არა მარტო ქართულ რეალობაში, არამედ მსოფლიოშიც.
ვეფხვაძეების ოთხი თაობა მხატვრობას მისდევდა. მხატვარი ბრუნო ვეფხვაძე, ამ სფეროში უკვე 14 წელია მოღვაწეობს და არა ერთ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული.
2016 წელს ბრუნო, ორგანიზაცია „Art Renewal Center“-ის კონკურსის გამარჯვებული პირველი ქართველი მხატვარი გახლდათ, რომელიც იტალიაში მსოფლიოს 100 საუკეთესო ახალგაზრდა მხატვართა შორისა დაასახელეს.
33 წლის ახალგაზრდა ნიჭიერ მხატვარს „პრაიმტაიმი“ დაუკავშირდა და მისი ოჯახის წევრების მხატვრულ შემოქმედების და უნიკალურ ნამუშევრების შესახებ, ექსკუზიური ინტერვიუ ჩაწერა:
- რას გვეტყოდით ვეფხვაძეების პირველი თაობის, თქვენი დიდი ბაბუის შესახებ. როდის დაიწყო პირველად ხატვა?
ვეფხვაძეების პირველი თაობა, ჩემი დიდი ბაბუა, მხატვარი ივანე ვეფხვაძე(1888-1971) იყო, რომელიც თბილისელი ვაჭრის ოჯახში დაიბადა. ბავშვობიდან უყვარდა ხატვა, თუმცა სკოლაში არ აძლევდნენ ხატვის საშუალებას და უბრაზდებოდნენ. მძიმე ბავშვობის გამო, შეგირდად მუშაობდა სხვადასხვა სახელოსნოებში, მაგრამ 1920-იან წლებში ძალიან გაუმართლა, როცა დიდმა მხატვარმა გიგო გაბაშვილმა მოწაფედ აიყვანა. მანამდე კი, გიგო ზაზიაშვილთან მუშაობდა.
- როგორ და როდის დაიწყო მისი სამხატვრო კარიერა?
1913-14 წლებში, თეატრის საზოგადოებამ, თანხა შეაგროვა და იტალიაში გაუშვა სასწავლებლად. მაგრამ არ გაუმართლა, რადგან პირველი მსოფლიო ომი დაიწყო. ამის შემდეგ უკან დაბრუნდა საქართველოში და ხატავდა კინოაფიშებს. ის ერთ-ერთი კინომხატვარი იყო, რომელიც ამ ჟანრში მუშაობდა. ამ კინოპლაკატის საშუალებით გაიცნო სწორედ გიგო გაბაშვილი, რომელმაც თავის სახელოსნოში დაპატიჟა.
სწორედ აქედან დაიწყო მისი სამხატვრო კარიერა, სხვათა შორის, ჩვენ გვაქვს სახლში ერთ-ერთი მისი პორტრეტი, რომელიც გიგო გაბაშვილის ხელმაძღვანელობით არის დახატული. იმის გამო, რომ საქართველოში 20-იანი წლებში, ძალიან რთული პერიოდი იყო და ხალხს, თავის რჩენა უჭირდა, და სხვადასხვა სამუშაოებს ასრულებდა. მაგ. დროშებს აკეთებდა და თან ღებავდა. ერთ დღეს, მის სამსახურს საგადასახადო სამსახურიდან მოვიდნენ და იმის გამო, რომ საბუთები წესრიგში არ ჰქონდა, მის კოლეგასთან ერთად დააპატიმრეს.
- რამდენ ხანს იყო საპატიმროში?
ციხეში დაავალეს, რომ ლავრენტი ბერიას პორტრეტი დაეხატა. პორტრეტი, შემთხვევით მოხვდა ბერიას ხელში და ისე მოეწონა, რომ ციხიდან გაათავისუფლა.
ამის შემდეგ, საცხოვრებელი ბინა გადასცა რუსთაველზე. ეს, სწორედ ის ბინაა, სადაც ეხლაც ვცხოვრობთ. ამის შემდეგ კი, სამკურნალოდ გაუშვა აბასთუმანში და აფხაზეთში.
- ძირითადად რა ჟანრში ხატავდა და თუ ინახება მისი ნახატები რომელიმე მუზეუმმში?
ადრე, 20-იან წლებში ხატავდა ძველი თბილისის პეიზაჟებს, ძირითადად ამ ჟანრში მუშაობდა. ძველი თბილისის ნახატების უმეტესობა, ჩემთან სახლში ინახება, ზოგიერთი კი საქართველოს მუზეუმებშია - ხელოვნების მუზეუმში, ილია ჭავჭავაძის პორტრეტი, რომელიც საგურამოშია, სტალინის მუზეუმში. ამ ეტაპზე, რამდენიმე მისი ნახატი, გამოფენაზეა გატანილი.
15 ნოემბერს, მერიის მხარდაჭერით გამოფენის გახსნასთან ერთად, ვეფხვაძეების წიგნის კატალოგი გამოუშვით, მომიწია მუზეუმებში სიარული, სწორედ ამ წიგნისთვის. სხვათა შორის, „შაიტან ბაზარიც“ კი აქვს დახატული, რომელიც ასევე გამოფენაზეა გატანილი.
- როგორც ჩანს ლავრენტი ბერიამ დიდი როლი ითამაშა მის სამხატვრო კარიერაში?
ბერია, დიდი ხნის განავლობაში პატრონობდა ბაბუას. დაახლოებით 1937 წელს სტალინმა ბაბუას საჩუქრად გადასცა წითელი პატეფონი, რომელიც ამ ეტაპზე, ჩვენს ოჯახში ინახება. როგორც მამაჩემის მონათხრობიდან მახსოვს, სტალინი ლურჯ პატეფონს სთავაზობდა, ბაბუას უთხოვია წითელი მირჩევნიაო (იცინის). ეს პატეფონი, სწორედ მამაჩემის (ჯოვანის) ნახატშია, სადაც ბაბუას სიგელიც არის დახატული. მისი კარიერა კარგად მიდიოდა, მაგრამ სტალინის გარდაცვალების შემდეგ, მისი საქმეები უკან წავიდა. მას მიენიჭა სახალხო მხატვრის და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება - ჰქონდა მხოლოდ ერთი გამოფენა.
მუსიკის დიდი მოყვარული იყო, მანდოლინაზე უკრავდა. ასევე, დაწერილი აქვს ავტობიოგრაფიული წიგნი - „მოგონება და პორტრეტები“. წიგნი, ორ ნაწილად არის გაყოფილი. პირველ ნაწილში, 1914 წლამდე თავის ბავშობაზე მოგვითხრობს, ხოლო მეორე ნაწილში კი თავის პლიადის თანამედროვე მხატვრების გიგო გაბაშვილის, გიგო ზაზიაშვილის ბიოგრაფიებს აღწერს. ამ წიგნის პრეზენტაციაც გვაქვს გეგმაში და ვნახოთ რა გამოვა.
- თქვენი ნახატები ფოტოებს ჰგავს, საოცარ რეალურ სამყაროს ქმნით
კი, მართლაც ძალიან ჰგავს ფოტოებს. ოთხივე თაობა, ნატურიდან ვხატავდით და ამიტომ ჩვენს ნახატებს უკეთესი ეფექტი აქვს. ტრადიციას ვაგრძელებ და ძველ ნივთებს ვაგროვებ.
- ივანეს მამაზე რას გაიხსენებდით, მასაც უყვარდა რეალურ სტილში ხატვა?
ჩემი ბაბუა, მამის მამა ალექსი დაიბადა 1921 წელს. სწავლობდა ქ. თბილისის სამხატვრო აკადემიაში, რის შემდეგაც სასწავლებლად გადავიდა სანქტ-პეტერგურგში. აკდემიაში ხატავდა, სამხედრო სცენებს. მისი სადიპლომო ნამუშევარი, პეტრე ბაგრატიონის ბოროდინოს ველზე დაჭრის სცენა იყო. ეს ნახატი, მართალია მოსკოვის მუზეუმში - „ბოროდინოს პანორამაში“ ინახება, მაგრამ ჩვენს ალბომში შესულია. სხვათა შორის, როცა ამ ნახატს ხატავდა, ერთი დახატა და სადიპლომო ნამუშევრის დაცვამდე, ორი თვის განმავლობაში მეორე ნახატის შეასრულა იგივე სცენა, რომელიც სანქტ-პეტერბურგის სამხედრო სამედიცინო მუზეუმში ინახება. მართალია, ეს ორი ნახატი ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ თემა იგივეა.
- როდის დაბრუნდა საქართველოში?
ამის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და დაიწყო საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი სცენების დახატვა. სწორედ მისი ნამუშევარია დავით აღმაშენებლის პორტრეტი, დიდგორის ბრძოლის წინ, რომლის ავტორს ხშირად არ უთითებენ.
ხშირად შემხვედრია ეს ნახატი ფეისბუქზეც, მაგრამ ავტორი, არსად არის მითითებული. ასევე დახატული აქვს - „თამარ მეფე ცხენზე ამხედრებული“, „თამარ მეფე ხმლით ხელში“, „თამარ მეფე ფარშევანგთან ერთად“. ერთ-ერთი ნახატში, შოთა რუსთაველი „ვეფხვისტყაოსანს“ უკითხავს თამარ მეფეს. ასევე დახატული აქვს ერეკლე მეფის რამდენიმე პორტრეტი. ერთ-ერთ ნახატში, სადაც ერეკლე მეფე ხელს აწერს „გეორიევსკის ტრაქტატს“, რომელიც ასევე ჩვენს კატალოგშია შესული.
ასევე შესრულებული აქვს გიორგი სააკაძის შემოსვლა თბილისში. ბაბუაჩემის(ალექსი) დროს, ისეთი ეპოქა დაემთხვა, რომ შრომის და სოციალიზმის თემაზე უწევდა ხატვა. თუმცა საქართველოსი მისი მოღვაწეობა არ დაფასდა. სანქტ-პეტერბურგიდან დიდი იმედით ჩამოვიდა, მაგრამ სამწუხაროდ არ დაუფასდა შრომა. სამაგიეროდ, საბჭოთა კავშირის დამსახურებული მხატვრის წოდება მიენიჭა. ალექსი, საკმაოდ ახალგაზრდა, 61 წლის ასაკში(1982) გარდაიცვალა, თორემ ვფიქრობ, რომ კიდევ ბევრ შედევრს შექმნიდა.
- რას გაიხსენებდით მამის, ჯოვანის შესახებ?
მამა ჯოვანი ვეფხვაძე, 1949 წელს დაიბადა თბილისში. დაამთავრა ქ. თბილისის სამხატვრო აკადემია. ძირითადად ძველი თბილისის პეზაჟებს და სხვადასხვა ისტორიული ხედებს ხატავდა. სხვათა შორის სულ მუშაობდა და მისმა შრომამ უფრო მეტი ნაყოფი გამოიღო. ხატავდა ნატიურმორტებს სხვადასხვა თემებზე, ზოგი მათგანი წინაპრების დატოვებულ თემებზეა. მაგალითად „წითელი პატეფონი“, დიდი ბაბუის პორტრეტი და ბევრი სხვა.
მან ბევრი უცხო ენა იცოდა, პოლიგლოტი იყო. 1970-80 -იან წლებში, ქ. თბილისის ერთ-ერთ კინოთეატრ „გაზაფხულში“ მუშაობდა, რომელიც სინქრონულად თარგმნიდა ფილმებს. ძირიტადად იტალიურ ფილმებს თარგმნიდა. იცოდა ასევე ფრანგული, ინგლისური, ესპანური, პორტუგალიური და კიდევ ბევრი. მეც მასწავლიდა იტალიურ ენას.
- რატომ დაარქვეს სახელად ჯოვანი, იტალიაში ცხოვრობდა?
იტალიაში არასდროს უცხვოვრია, თუ არ ჩავთვლით რომში გატარებულ 6 თვეს. ძალიან უყვარდა იტალიელები და მეგობრებმა სახელი ჯოვანი, მისი სახელიდან გამომდინარე შეარქვეს. მისი ნამდვილი სახელი ივანეა. ივანე, ჯოვანის იტალიური ვარიანტია(იცინის).
- როგორც ჩანს, იტალიური კულტურა და ხელოვნება იტაცებდა?
მართლაც გამორჩეულად უყვარდა იტალიური ხელოვნება და მუსიკაც. მისი ნამუშევრები, მრავლად არის საქართველოშიც და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც. ბევრი ნახატი, უცხოელი პრეზიდენტის პირად კოლექციაშია.
- რა გახდა მამის გარდაცვალების მიზეზი?
მამა, 3 წლის წინ გულის შეტევით 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოჯახის წევრებმა უარავი ძველი ნივთი გადააგდეს სამწუხაროდ. მაა უფრო ნატურმორტებს ხატავდა. ხშირად დადიოდა მშრალ ხიდზე და იქ ნახულობდა ძველ ნივთებს. ძალიან უყვარდა მუსიკალური ინსტრუმენტები, თითქმის მთელი ორკესტრი იყიდა(იცინის). დავამეტებდი, რომ დაწერილი აქვს სამი წიგნი მის პირად ცხოვრებაზე და შემოქმედებაზე. თბილისის რეალური ცხოვრების დეტალებზე. შექმნა რამდენიმე ავტოპორტრეტი, რომელიც 2000 წელს „ციფერ გალერეაში“ იყო გამოფენილი. ისე გარდაიცვალა, რომ მისი ნიჭი დიდად მაინც ვერ დააფასეს.
- როგორ გაიხსენებდით თქვენი ბავშვობის წლებს?
ამჟამად 33 წლის ვარ. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ხატვა. მშობლებმა სამხატვრო სკოლაში შემიყვანეს, სადაც სამი წელი ვსწავლობდი. მაგრამ რატომღაც, ისე შემძულდა ხატვა, გახედვაც არ მინდოდა. როგორც ჩანს ფსიქოლოგიური ტრამვა მივიღე(იცინის).
- თქვენი ბავშვობის ყველაზე უცნაური მომენტი?
ერთხელ სიზმარში უცხო ენაზე დამიწყია ლაპარაკი. მართალია, მამაჩემმა ბევრი ენა იცოდა, მაგრამ ვერ გაარკვია რა ენაზე, ვსაუბროდი, თან ძალიან გამართულად ვლაპარაკობდი თურმე. მამა ამბობდა, ეს თანამედროვე ენას არ გავდა, უფრო არქაულს ვამსგავსებო. იქნებ შუმერულიც იყო(იცინის). სულ ნანობდა, რომ ვერ ჩაწერა.
- რა გახდა ამის მიზეზი და როდის გააგრძელეთ ხატვა?
ვფიქრობ, რომ ქვეყანაში შექმნილი სისტემის დამსახურება იყო და არა პედაგოგის. სკოლის დასრულების შემდეგ, ისევ გავაგრძელე გავაგრძელე ხატვა. როგორც ჩანს გადამიარა იმ სიძულვილმა და ნიკოლაძის სამხატვრო სკოლაში გავაგრძელე სწავლა. ამის შემდეგ ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში. სწავლის პერიოდში აქტიურ მონაწილეობას ვიღებდი გამოფენებში.
- როდის იყო თქვენი პირველი გამოფენა?
პირველი გამოფენა, 2009 წელს მქონდა. მას მერე აღარ მქონია და ვთვლი, რომ უკვე დროა შემდეგი გამოფენისთვის მოვემზადო. რამდენჯერმე, საოჯახო გამოფენა გვქონდა. 2015 წელს ქარვასლაში, ჩვენი ოთხი თაობის გამოფანა მოეწყო სახელად „ჩვენი თბილისი და საქართველო“. თითქმის ყველა ნახატი იყო გამოფენილი, ძველი თბილისის და ისტორიის თემებზე.
- ამ ეტაპზე სად გაქვთ გამოფენა?
ამ ეტაპზე, ხელოვნების სასახლეში გვაქვს გამოფენა, რომელის თბილისის მერიის დაფინანსებით მოეწყო. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ამ კეთილ საქმეში მონაწილეობა მიიღო. ვეფხვაძეების ოთხი თაობის გამოფენა, 15 ნოემბერს ვეფხვაძეების წიგნის პრეზენტაციასთან ერთად გაიხსნა.
- რომელია თქვენი ყველაზე ახალი ნამუშევარი?
ჩემი ყველაზე ახალი ნამუშევარი, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას პორტრეტია, რომელიც ზვიადის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით შემიკვეთეს. ხელოვნების სასახლეში განხორციელდა გამოფენა, სადაც ეს ნამუშევარი იყო გამოფენილი.
- თქვენს შთამომავლებთან შედარებით, რამდენად განსხვავებული სტილი გაქვთ?
იმის მიუხედავად, რომ ყველას ერთი მიდგომა და მიმდინარეობა გვაქვს, მაინც დიდი განსხვავებაა, ჩვენ ოთხს შორის. ერთმანეთს არ გავს ჩვენი ნახატები, ძალიან ადვილად შეგიძლიათ გაარჩიოთ. სხვადასხვა მანერა, სხვადასხვა ფერადოვნება და თემაც კი.
- თქვენი ყველაზე გამორჩეული ნახატი?
ჯავშანი, რომელიც დავხატე, დაახლოებით პირველი საუკუნის რომაული აბჯარი, ამერიკაში შევიძინე. თუმცა, ფარი ჩემი გაკეთებულია. ფარი, რომელიც მე გავაკეთე, ძველი ტექნოლოგიით, როგორსაც ძველ რომში აკეთებდნენ, დახატული არ მაქვს, რადგან საკმაოდ დიდია. ასევე გავაკეთე დავით აღმაშენებლის დროინდელი აბჯარი, რომლის დახატვასაც, სამომავლოდ ვაპირებ.
ასევე გამოვარჩევდი ერთ-ერთ ნახატს „ნატურმორტი“, რომელიც 2013 წელს მაქვს დახატული. 2016 წელს კი, ამ ნახატმა ამერიკაში გამოფენაზე გაიმარჯვა ნატურმორტების კატეგორიაში, შემდეგ ამერიკის და ბარსელონას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამოიფინა. ძირითადი თემა რომაულია და საქართველოს ისტორიაზე და ყოფაზე ვხატავ. დავით აღმაშენებელიც მაქვს დახატული. აგრაფინა ჯაფარიძის ფორტრეტი, რომელიც ასევე გამოფენაზეა გატანილი.
- რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
პირველ რიგში, პერსონალური გამოფენისთვის უნდა მოვემზადო, რადგან დიდი ხანია აღარ მქონია. მაქვს კიდევ ბევრი ჩემი ნახატი. „მარსის საკურთხეველი“, ერთ-ერთი ჩემი საუკეთესო ნამუშევარია, რომელმაც ასევე ამერიკაში გაიმარჯვა, პირველად არის საქართველოში გამოფენაზე.
გამოფენაზე გატანილი პირადად ჩემი ნამუშევრებია „მარსის საკურთხეველი“, „ვარძია“, „კომპოზიცია მხატვრის სახელოსნოში“, „ხევსურული ნანა“, „ნატურმორტი“ და ჩემი ავტოპორტრეტი, რომელის 2006 წელს, ჩემი სტუდენტობის დროს არის შესრულებული.
ჩემი მთავარი სურვილია, ქვეყანაში სიმშვიდე იყოს, სწორედ რომ ყოველდღიური სიმშვიდე სჭირდება მხატვარს. როცა ქვეყანაში არეულობაა, ძალიან რთულია ხელოვანი ადამიანისთვის მუშაობა. ყველაზე მეტად იმ დროს ვზარალდებით, როცა ქვეყანაში არასტაბილურობაა. მთავარია ეს მოგვარდეს და დანარჩენს როგორმე გავართმევ თავს.
შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს, საქართველოს ხელოვნების სასახლეში, თბილისის მერიის მხარდაჭერით, გამოფენა „ვეფხვაძეები - მხატვართა ოთხი თაობა“ გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ვეფხვაძეების მხატვართა დინასტიის ოთხივე თაობის - ივანე ვეფხვაძის (1888-1971), ალექსი ვეფხვაძის (1921-1982), ჯოვანი ვეფხვაძისა (1949-2016) და ბრუნო ვეფხვაძის მიერ შესრულებული ფერწერული ნამუშევრები - პორტრეტები, პეიზაჟები, ისტორიული სიუჟეტები და სხვა.