ქალაქი, რომელიც ადამიანივით იწყებს „ლაპარაკს“ - .ბათუმის ცნობილი სახლები და აივნები ქართული ფილმებიდან და ისტორიიდან

17:18 11-26-2019
433

აჭარის ზღვისპირა ულამაზეს ქალაქ ბათუმის შესახებ პირველი ცნობები ძვ.წთ-ის მე-4 ის ბერძენი ფილოსოფოსის არისტოტელეს ნაშრომებში გვხვდება. იგი შავი ზღვის სანაპიროზე კოლხეთში მდებარე ქალაქს ,„ბათუსის სახელით მოიხსენიებს. ამავე სახელით იცნობდნენ ქალაქს, რომაელი მწერალი პლინიუს უფროსი და ბერძენი გეოგრაფი ფლავიუს არიანე. ,„ბათუსი ბერძნული სიტყვაა და ღრმას ნიშნავს. მართლაც, ბათუმს შავ ზღვაზე სევასტოპოლის შემდეგ ყველაზე ღრმა და მოხერხებული ნავთსაყუდელი აქვს.

ქრისტეშობიდან II საუკუნეში, იმპერატორ ადრიანეს დროს, ბათუმში რომაელთა გარნიზონი იდგა. V ს-ში საქართველოს მეფემ, ვახტანგ გორგასალმა იგი თავის სამფლობელოს შეუერთა.

VI, VII, VIII ს-ებში ბათუმსა და მის მხარეს ეგრისისა და აფხაზეთის მთავრები მართავდნენ. ფეოდალურ ხანაში ბათუმის ციხის გარშემო სოფლის ტიპის დასახლება იყო.

ძველი აშენებული სახლები დღემდე დგას და მათი უმრავლესობა XIX-XX საუკუნეშია აგებული. გაქრნენ აქ მცხოვრები ადამიანები, მაგრამ არსად ქრება ამბები, რაც ძველი სახლების კედლებს ახსოვთ.

რუსთაველის 39 / 26 მაისის 5 

width=600

რით არის გამორჩეული, ეს ულამაზესი აივანი? იმით, რომ ბათუმში მცხოვრებთა ალბათ ნახევარი აქ არის დაბადებული. ბევრი ბათუმელი გეტყვით, რომ ეს მათთვის უსაყვარლესი და ძალიან ახლობელი შენობაა. ან თავად დაბადებულან აქ, ან ახალშობილების სანახავად, ერთხელ მაინც მისულან ამ შენობაში.

თუმცა, სამშობიარო სახლი, მხოლოდ 1952 წლიდან ფუნქციონირებს, სახლის ისტორია ნავთობმაგნატის, როტშილდის სახელს უკავშირდება და სწორედ მის საკუთრებაში იყო თავდაპირველად. XIX-XX საუკუნით დათარიღებულ სახლში როტშილდის ,,კასპია-შავი ზღვის სააქციო საწარმოს ნავთობსამრეწველო და სავაჭრო საზოგადოება“ იყო განთავსებული.

1921 წელს, შენობაში 17 მარტს შექმნილი ბათუმის რევოლუციური კომიტეტი დაბინავდა და აქვე გამოცხადდა აჭარის საბჭოთა ხელისუფლებაც.

ნინოშვილის 27 – თავად ნაკაშიძის სახლი

width=600 

XX საუკუნის დასაწყისში  შეულესავი აგურით ნაშენი ეს სახლი, ნინოშვილისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაშია. გარდა საინტერესო არქიტექტურისა, სახლი და მისი პატარა, თითქმის სხვენში განთავსებული აივანი ურბანული ლეგენდითაცა არის გამორჩეული. როგორც კინორეჟისორი შოთა გუჯაბიძე გვიყვება, ჭაბუა ამირეჯიბი მას უამბობდა, თუ როგორ ხატავდა ზღვის სცენებს ამ აივნიდან მარინისტი ივანე აივაზოვსკი, რომელიც პერიოდულად მართლაც სტუმრობდა ბათუმს.

სახლი თავდაპირველად ბათუმის სათათბიროს ხმოსანს (1898 – 1902წწ.), თავად მიხეილ ნაკაშიძეს ეკუთვნოდა.

მიხეილი, ჭაბუა ამირეჯიბის ბაბუა იყო და ამ უკანასკნელის გადმოცემით, სახლს ხშირად სტუმრობდა ბათუმში ჩამოსვლისას ილია, აკაკი და მაშინდელი ინტელიგენციის ბევრი სხვა წარმომადგენელი. სახლის მეპატრონე, მიხეილ ნაკაშიძე 1912 წლიდან უშვებდა ჩაის, სამარკო სახელით: „Чай Князя М. М. Накашидзе”. სახლში ახლა რესტორანი ,„ფანფანია“ განთავსებული. სასტუმრო ,„შერატონთან“ ახლოს, ბულვარში სეირნობისას ნამდვილად ღირს შეჩერდეთ ამ სახლის აივანთან.

კომახიძის 4 – აივანი ფილმიდან ,„არაჩვეულებრივი გამოფენა” 

width=600

- „რა დღეა დღეს ბიჭო?

– ორშაბათი.

– ესე იგი დღეს სპექტაკლი არა მაქვს, სამაგიეროდ მაქვს იდეა!“

ვისაც ,„არაჩვეულებრივი გამოფენა“ უნახავს, არასდროს დაავიწყდება სცენა ფილმიდან – უზარმაზარი დოდო აბაშიძე მოუხერხებლად დგას პატარა აივანზე – ჰანტელებით ხელში. ეს პატარა აივანი ბათუმშია. მართალია, რესტავრაციის შემდეგ ზუსტად იგივე დეკორი არ აქვს, როგორც ფილმის გადაღებისას ჰქონდა, მაგრამ შენობა ,„არაჩვეულებრივ გამოფენას“ ნამდვილად გაგახსენებთ.

width=600

ბათუმში ამ შენობას „სახლ-გემს“ უწოდებენ – სართულები მართლაც გემბანივითაა განლაგებული. სამსართულიანი შენობა, 1907 წელს ააგეს და მისი მეპატრონე, გვარად სარიანი იყო. შენობის პირველ სართულზე, სახელოსნოები იყო განთავსებული, მეორეზე, სახლის მეპატრონე ცხოვრობდა. საბჭოთა პერიოდში,, შენობის ნაციონალიზაცია მოხდა და ოთახები ხალხს გადსცეს. კომახიძის ქუჩა, სადაც ეს ისტორიული აივანი და „სახლი-გემი“ შეგიძლიათ ნახოთ, ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისთან და მაღაზია ,„ვაიკიკისთანაა“ ახლოს. „არაჩვეულებრივი გამოფენა“ ერთადერთი ფილმი არაა, რომელიც ამ სახლში გადაიღეს.

კომახიძის 4 – ვარლამ არავიძის ტრიბუნა ,,მონანიებიდან”

,„სახლ-გემის“ აივანზეა გადაღებული ასევე სცენა, თენგიზ აბულაძის ფილმიდან -„მონანიება“ – ვარლამ არავიძის ტრიბუნა, სწორედ ამავე სახლის მეორე სართულის აივანზეა გადაღებული.

width=600

ბათუმშია ასევე გადაღებული ,„მონანიების“ არაერთი სცენა, კერძოდ: აბელ არავიძის სახლის სცენა – ბერძენიშვილის სახელობის კვლევითი ინსტიტუტის შენობაში, სანდრო ბარათელის სახლი – ფარნავაზ მეფის #51-ში და პერსონაჟის სიზმარი – კათოლიკურ ეკლესიაში.

width=600

მ. აბაშიძის, მარიინსკის 13 –  ,„ჯაშუშ” ბრომბერგის სახლი

მ. აბაშიძის, იგივე მარიინსკის ქუჩის #13-ში მდებარე სახლის აივნები, ლითონის აჟურული მოაჯირებითა და თაღებითაა გამორჩეული, მიუხედავად ლითონის ფაქტურისა, აივანი სიმსუბუქის და სისადავის ნიმუშია. აბაშიძისა და მაზნიაშვილის ქუჩების კვეთაში, კუთხის ამ სახლს იდუმალი და დახლართული ისტორია აქვს.

width=600

XX საუკუნის დასაწყისში აგებული ორსართულიანი სახლი, ეკუთვნოდა ბრომბერგს და სახლის 22 ოთახი, იტალიის საკონსულოს ეთმობოდა.

საინტერესოა, რომ საქართველოს სტალინურ სიებში იძებნება 1890 წელს „საქჩაის“ დასასვენებელი სახლის ყოფილი დირექტორი იუსუპ (იოსები) მიხეილის ძე ბრომბერგი. ბრომბერგი ბათუმში დაბადებულა 1890 წელს. 1937 წლის აპრილში დაუპატიმრებიათ და სტალინის ხელმოწერის საფუძველზე დაუხვრეტიათ, ამავე წლის 13 სექტემბერს. „თავი დამნაშავედ ცნო და აღიარა, რომ აგროვებდა ინფორმაციას ინგლისისთვის, იტალიისთვის, პოლონეთისა და ამერიკისთვის“ – წერია საქართველოს სტალინურ სიაში. აქვე ვკითხულობთ, რომ ბრომბერგი რეაბილიტირებულია 1952 წელს, საქმეში დანაშაულის ნიშნების არქონის გამო.

ბათუმის საკრებულოს მუნიციპალიტეტის შენობა

ლადო ასათიანის 45 ნომერში, მდებარეობს გამორჩეული არქიტექტურის მქონე ნაგებობა, რომელშიც დღეს ბათუმის საკრებულოს მუნიციპალიტეტია განთავსებული.

width=600

 ყოფილი კათოლიკური ეკლესია

ზუბალაშვილის ქუჩაზე დაინახავთ გოთიკური სტილის, შთამბეჭდავი არქიტექტურის მქონე ნაგებობას, რომელშიც 1989 წლამდე კათოლიკური ეკლესია იყო განთავსებული. ეკლესიის მშენებლობა, კათოლიკური მრევლის ინიციატივით 1897 წელს დაიწყო. ტაძრის აგებაში დიდი წვლილი მიუძღვის იმ დროისთვის საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ კომერსანტ, სტეფანე ზუბალაშვილს. მშენებლობა 1902 წელს დასრულდა.

width=600

 სინაგოგა

ბათუმის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი, მის ეკლექტურობაშია. ვაჟა-ფშაველას 33 ნომერში ნახავთ საუკუნის წინ აშენებულ სინაგოგას. მე-19 საუკუნის ბოლოს, სინაგოგის აშენების თხოვნით ბათუმში მცხოვრებმა ებრაელებმა რუსეთის იმპერატორს მიმართეს. მშენებლობა მალე დაიწყო და 1904 წელს სინაგოგა საზეიმოდ გაიხსნა.

width=600

 თოჯინების თეატრი

მემედ აბაშიძის 49 ნომერში მდებარეობს ბათუმის არქიტექტურულად ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ლამაზი შენობა, რომელშიც დღეს ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელეთა სახელმწიფო თეატრია განთავსებული.

width=600

მ.აბაშიძის  #9 – მემედ აბაშიძის სახლი

ეს სახლიც ულამაზესი, აჟურული, თეთრი აივნით იქცევს გამვლელის ყურადღებას. ზღვასთან ახლოს მდებარე იოსებიდის სახლი თავიდან სასტუმრო „რივიერა“ ყოფილა და XX საუკუნის დასაწყისში ბათუმში ჩამოსულ სტუმრებს მასპინძლობდა. სახლს 17 ოთახი აქვს და სხვადასხვა დროს შენობაას სხვადასხვა ფუნქცია ჰქონია: პირველ სართულზე სავაჭრო ობიექტები ყოფილა, 1918 – 1921 წლებში აქ ცხოვრობდა მემედ აბაშიძე, 1936 წლიდან სახლი მხატვართა კავშირს ეთმობოდა, 1992 წელს კი მემედ აბაშიძის სახლმუზეუმად გადაკეთდა.

width=600

ბათუმში კიდევ უამრავი აივანია, რომელთა ისტორიებიც თავადაც შეგიძლიათ დაძებნოთ, ჩვენ მისამართებს გეტყვით. ეს ძიება დროში მოგზაურობას ჰგავს. თუ სახლების ამბებს ჩავეძიებით, ძველი სახლები ცოცხლდება და კედლებიც შენთვის აღარაა ყრუ და მდუმარე, ქალაქი კი, ადამიანივით იწყებს ლაპარაკს.

26 მაისის #7

width=600

 ვაჟა-ფშაველას 21

width=600

სახლი ატლანტებით

ბათუმის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სახლი, კონსტანტინე გამსახურდიასა და მემედ აბაშიძის ქუჩების გადაკვეთაზე დგას. რენესანსულ-ბაროკოული სტილის შენობა, რომლის ფასადს ატლანტები ამშვენებს, მე-19 საუკუნის ბოლოს, ბათუმელმა კომერსანტმა ნიკო საბაშვილმა ააგო. ატლანტები და სახლის ჩუქურთმების დიზაინი, იმჟამად პარიზიდან ახალჩამოსულ მხატვარ-მოქანდაკე სერაფიმე პოლოლიკაშვილს ეკუთვნის. სერაფიმე მონაწილეობდა ბათუმის კათოლიკური ეკლესიის ფასადის გაფორმებაშიც.

width=600

ნ. დუმბაძის 5

width=600

 მ. აბაშიძის 18width=600

მ. აბაშიძის 7

width=600

ავტორი: რუსა ღვანიძე