ქართველების აქამდე უცნობი საფლავები ნიცაში - შესაძლოა მათზე თქვენი წინაპრის ინიციალები ამოიკითხოთ!

17:44 11-28-2019
2032

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, მენშევიკებისდროინდელ რუსულ სასაფლაოზე, ქართველი თავადაზნაურების უამრავი საფლავია. ადამიანებმა, რომლებიც იქ არიან დაკრძალულები, საქართველო 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ დატოვეს. 

ამ საფლავების ფოტომასალა ქართველმა ემიგრამტმა „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურად მიაწოდა.

ეს ის ფოტოებია, რომელმაც შესაძლოა ჩვენს მკითხველთა შორისაც, ბევრს მოაძებნინოს საკუთარი წინაპრის დაკარგული საფლავი.

width=600 

მაშ ასე, ვის ეკუთვნის საფლავები - გთავაზობთ ჩამონათვალს:

ალექსანდრე შარვაშიძის მეუღლე ანია; სალომე დადიანი; ვერა წერეთელი (1889-1949); კირილე წერეთელი (1880-1959);

width=600

ნინა წერეთელი (1926-1984); ქსენია მურაშკინა-ჩეხრაძე(1900-1969); მარია გიორგის ასული თუმანოვა (1892 - 194*).

width=600

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ამ საფლავებს ქართველი კაცი უვლის. 

ახლა კი ცოტა რამ იმ ადამიანების შესახებ, რომელთა შესახებაც საფლავებზე მხოლოდ ზემოთ შემოთავაზებული მონაცემებია.

width=600

„პრაიმტაიმი“ დამატებითი ისტორიების მოძიებას შეეცადა:

თავადი ანა შარვაშიძე ცნობილი ქართველი მხატვრის, ალექსანდრე შარვაშიძის მეუღლე იყო. მხატვარი 1832 წლის ქართული თავადაზნაურობის შეთქმულებაში მონაწილეობის გამო, აფხაზეთიდან გაძევებული კონსტანტინე შარვაშიძის ვაჟია. ალექსანდრეს ნეშტი 1985 წლის 12 მაისს, საფრანგეთიდან საქართველოში, სოხუმში გადაასვენეს.

width=600

ალექსანდრე შარვაშიძე (ჩაჩბა) (1867-1968) - რომანოვების რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული მხატვარი, რომელმაც პრინციპულად უარი თქვა მისთვის შეთავაზებულ სამხედრო სამსახურზე. ფერმწერ, გრაფიკოს, სცენოგრაფ, კრიტიკოსს სამხატვრო განათლება მოსკოვსა და პარიზში ჰქონდა მიღებული; პარიზშივე ცხოვრობდა 1893-1906 წლებში; 1906-1917 წლებში პეტერბურგში ითვლებოდა ერთ-ერთ საუკეთესო სცენოგრაფად (მეგობრობდა ვ. მეიერხოლდთან), 1918-1920 წლებში ცხოვრობდა სოხუმში, სადაც დააარსა თეატრალური საზოგადოება და სამხატვრო სტუდია, 1920 წელს ს. დიაგილევის მიწვევით დაბრუნდა პარიზში და სამუდამოდ დარჩა საფრანგეთში;

width=600

გარდაიცვალა 1968 წლის 17 აგვისტოს მონტე-კარლოში, მოხუცთა თავშესაფარში; დაკრძალეს ნიცაში, რუსულ სასაფლაოზე. მანამდე კი (1958 წელს) ალ. შარვაშიძემ შემორჩენილი ნახატები და პირადი არქივი უსასყიდლოდ გადასცა სოხუმის სამხატვრო გალერეასა და საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს. 1985 წლის 12 მაისს ალექსანდრეს ნეშტი, საფრანგეთიდან საქართველოში, სოხუმში გადაასვენეს.

აქვე არის სამეგრელოს მთავრის დავით დადიანისა და ეკატერინე დადიანის ქალიშვილის - სალომე დადიან-მიურატის საფლავი, რომელიც დაიბადა 1848 წლის 13 ოქტომბერს ზუგდიდში(სამეგრელოს სამთავრო) და გარდაიცვალა 1913 წლის 23 ივლისს, პარიზში. თავადის ასული, 1868 წელს პარიზში, ცოლად გაჰყვა ნაპოლეონ I-ის მარშლისა და სიძის, ნეაპოლის ყოფილი მეფის იოაჰიმ მიურატის შვილიშვილს, იმპერატორ ნაპოლეონ III–ის ფლიგელადიუტანტს, პრინც აშილ შარლ ნაპოლეონ მიურატს. 1873 წელს ნაპოლეონ III–ის გარდაცვალების შემდეგ დადიან–მიურატის ოჯახი სამეგრელოში დასახლდა. 1895 წელს მეუღლის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ, იგი საცხოვრებლად პარიზში გადავიდა და იქვე გარდაიცვალა. 

width=600

სალომე დადიანისა და აშილ მიურატის ვაჟი ნაპოლეონ ლუი აშილ მიურატი (1872-1943), რომელსაც ძირითადად მეტსახელს - ნაპოს ეძახდნენ, ბრუნოში, საფრანგეთში დაიბადა. მაგრამ 1901 წელს იგი საქართველოში დაბრუნდა და რუსულ არმიაში დაიწყო სამსახური, სადაც კარგი ცხენოსნის სახელი გაითქვა.

width=600

1904 წელს იგი რუსეთ-იაპონიის ომში იბრძოდა და სიმამაცისათვის ექვსი მედალი მიიღო. ამერიკის შეერთებულ შტატებში ხანმოკლე სტუმრობის შემდეგ იგი საქართველოში დაბრუნდა და პირველი მსოფლიო ომის დროს ე.წ. “ველური დივიზიის” რიგებში იბრძოდა. ნაპო ბრძოლაში დაიჭრა და გამოჩენილი სიმამაცისათვის წმინდა ვლადიმირის მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. (ამ ბრძოლაში ნაპოს გმირული თავგადასავალი აღწერილია ნიკოლას ბრეჩკოს წიგნ “ველურ ბატალიონში”.) 

მას შემდეგ, რაც საქართველოში ბოლშევიკები გაბატონდნენ, ნაპო საფრანგეთში გაიქცა, სადაც 1943 წელს გარდაიცვალა. იგი ნიცაშია დასაფლავებული. გარკვეულწილად, ნაპოს ცხოვრება და მისი პიროვნება ბიძამისის, ანდრია დადიანის, ცხოვრების გზას წააგავს. ანდრიას მსგავსად ნაპოსაც ცოლი არასოდეს შეურთავს და, როგორც ჩანს, მშფოთვარე და მოუწესრიგებელ ცხოვრებას ეწეოდა.

ანტუანეტ კატრინ (ბებე) მიურატი (1879-1954) სალომე დადიანისა და აშილ მიურატის მესამე და უმცროსი შვილი გახლდათ. მის შესახებ ცნობები ყველაზე ნაკლებად მოგვეპოვება.

width=600

ზუგდიდში დადიანების სასახლე-მუზეუმის პორველი დირექტორი მას პირადად იცნობდა და იხსენებს, რომ ანტუანეტი უაღრესად სათნო ქალი იყო.1918-1921 წლებში, საქართველოს ხანმოკლე დამოუკიდებლობის პერიოდში, იგი სალხინოს სასახლეში ცხოვრობდა და, როდესაც წითელი არმია რეგიონში შეიჭრა, იგი ალყაში მოაქციეს. ანტუანეტის შვილები შეიარაღდნენ და მამა-პაპისეული სახლის დაცვა გადაწყვიტეს, მაგრამ დედამ შვილებს იარაღის დაყრა მოსთხოვა.

width=600

იგი სახლიდან გამოვიდა და მშვიდად ემუდარებოდა ჯარისკაცებს, რომ წაეღოთ, რაც მოესურვებოდათ, ოღონდ ადამიანებისათვის ზიანი არ მიეყენებინათ. სასახლე ძალადობის გარეშე დაიკავეს, ანტუანეტმა კი საქართველო დატოვა. თავისი ძმის, ნაპოს, მსგავსად იგი ნიცაში დასახლდა, სადაც 1954 წელს გარდაიცვალა.

ავტორი: რუსა ღვანიძე