Exclusive: „მსახიობი, ემოციური ინფორმაციაა!“ - რატომ ამბობს უარს მურმან ჯინორია კინოში გადაღებებზე

16:46 12-03-2019
36681

საქართველოს სახალხო არტისტი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, თეატრისა და კინოს მსახიობი მურმან ჯინორია, „პრაიმტაიმის“ სტუმარია.

როგორც თავად მსახიობი ამბობს, სოციალურ მედიაში იშვითად ჩნდება, ხშირად თავს არიდებს ინტერვიუებს, მაგრამ სამსახიობო კარიერას კვლავ წარმატებით განაგრძობს. ბოლო ხანებში, მისი შემოქმედებიდნ გამოირჩვეა რუსთაველის თეტრის მონოსპექტაკლი - „ქარი მწყურია მე პირდაპირი“, რომლის რეჟისურა, მხატვარობა და მუსიკალური გაფორმება, თავად ეკუთვნის.

დიდხნიანი პაუზის შემდეგ, გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ყველასათვის საყვარელ მსახიობთან, მურმან ჯინორიასთან:

width=600

- ბ-ნო მურმან, დიდი ხანია არ გამოჩენილხართ ...

ხშირად თავს ვარიდებ ინტერვიუებს, არ მიყვარს მედიაში გამოჩენა, მაგრამ ჩემი სამსახიობო კარიერა, ვფიქრობ რომ საკმაოდ წარმატებულია. 9 წელია უკვე ჩემი სპექტაკლი - „ქარი მწყურია მე პირდაპირი“ გადის და დღემდე უამრავი მაყურებელი ჰყავს. რამდენიმე ხნის წინ, ი. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში მქონდა სპექტაკლი და უამრავი სტუდენდი მესწრებოდა - ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო.

 - მხოლოდ თბილისში მართავთ საღამოებს და სპექტაკლებს, თუ საქართველოს სხვა რეგიონებსაც სტუმრობთ?  

საქარველოს უამრავ კუთხეში მქონდა სპექტაკლები - ბათუმი, ქუთაისი, კახეთი, ახმეტა, იმერეთი. ცოტა ხნის წინ, ზუგდიდში წავიღეთ სპექტაკლი. მაყურებლის პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს. თეატრში უამრავი ადამიანი მოდის, რომელსაც ქართული სიტყვა და ქართული თეატრი უყვარს. ვატარებთ საღამოებს, კონცერტებს სადაც ახალგაზრდები კითხვებს მისმევენ და მე ვპასუხობ. ძალიან კარგ საღამოებს ვმართავთ. 

- რა ასაკის არის თქვენი მაყურებელი?

აი, მაგალითად ხვალ, რუსთავის ერთ-ერთ სკოლაში მაქვს ბავშვებთან შეხვედრა. რაც შემიძლია, ვცდილობ მოსწავლეებს უკეთ გავაცნო ქართული ლიტერატურა. ქართული სიტყვა და ქართული ლიტერატურა თუ დაიკარგა, მერე აღარაფერი გვიშველის.

width=600

 - როდის და რატომ დაიხურა „ერთი მსახიობის თეატრი“?

„ერთი მსახიობის თეტრი“, სოფიკო ჭიაურელის გარდაცვალების შემდეგ, ფინანსური პრობლემების გამო, დაიხურა. ამის შემდეგ, რუსთაველის თეტრში გავაკეთე მონოსპექტაკლი. 

width=600

 - ბევრს ჰგონია, რომ ახალგაზრდა თაობამ მიატოვა თეატრი. ამბობთ, რომ თქვენს შემთხვევაში ეს ასე არ არის. როგორ ფიქრობთ, რატომ? 

ახალგაზრდა თაობის სპექტაკლზე დასწრების პრობლემა, ნამდვილად არ არის.  უნივერსიტეტში ახალგაზრდებს ძალიან უხაროდათ ამ „მოხუცებულ“ კაცთან შეხვედრა - ბოლოსდაბოლოს 47 წელია, რაც მსახიობი ვარ და ალბათ, რაღაც საინტერესო ხდება ჩემს და მაყურებელს შორის და ამის გამო მოდის.

width=600

- ალბათ, თქვენი ემოციის გამო... რას იტყვით...

იცით, მსახიობისთვის მთავარია, როგორ ამოხსნის თავის პროფესიას, დაიკარგა ეს თვისება მსახიობის პროფესიაში - ემოციური ამოხსნა. ხელოვნება არის ინფორმაცია. დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ინფორმაციას აძლევ ემოციურად მაყურებელს. ეს ყველაფერი იკარგება, თითქმის დაკარგულია და სანამ ცოცხალი ვარ, ვცდილობ არ დავავიწყო მაყურებელს, რომ მსახიობი - ეს არის ემოციური ინფორმაცია, რაღაცის ამოხსნა, რასაც ის მიადგება, გალაქტიონი იქნება ეს, ტერენტი გრანელი, ტიციან ტაბიძე, ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ბარათაშვილი, გურამ რჩეულიშვილი, ვისაც მე ვკითხულობ, თანამედროვე მწერლები - მურმან ლებანიძე,  შოთა ნიშნიანიძე, მუხრან მაჭავარიანი, მორის ფოცხიშვილი  და სხვა მწერლების შემოქმედება.

პროგრამაში თითქმის  100 ლექსამდეა წარმოდგენილი. წარმოგიდგენიათ, რომ როცა ახალგაზრდა ადამიანი დაინტერესდება და ჩემს გარეშე გადაშლის გალაქტიონს და ჩაუღრმავდება იქ, სადაც უნდა შევიდეს, „ჭორაობის“ დონის ინფორმაციას კი არ მიიღებს, არამედ ემოციურ ინფორმაციას - ემოცია, არის მთავარი!

width=600

- ახალ პროექტზე ხომ არ იწყებთ მუშაობას? 

ჩემს მონოსპექტაკლში იმდენი სიახლეა, სულ არ მჭირდება რაიმე ახალი გეგმა. თეატრში ვალდებული ვარ ვითამაშო და მე ამას ვაკეთებ. მაგრამ როცა კინოში გადასაღებად მეძახიან - არ მივდივარ. ჩემი აზრით, არ არის საინტერესო. თუ საინტერესო არ არის, ისე წასვლა ძალიან რთულია. 

- რატომ არ არის საინტერესო? 

იმიტომ, რომ სიღრმეებში არ არის გადაწყვეტილი - სცენარი და სათქმელი. სიღრმე არ არის. არის მარტო ჩხუბი და გინება, ეს არ არის მსახიობობა. მსახიობობა არის დამალული, მისტიკური, განმარტოებული, მედიტაციური - ეს ხელოვნებაა. როდესაც ვხედავ, რომ დინებები არ ჩანს, მარტო ზედაპირულად კეთდება სცენარები და როლები, უკვე აღარ მაინტერესებს. 

width=600

- იქნებ კინორეჟისორები არ მოგწონთ...

პრეტენზია არავისთან მაქვს, მათ შორის, არც კინორეჟისორებთან. მე ჩემი გზა განვლილიც მაქვს და დამთავრებულიც. რომ გამახსენდება გალაქტიონის რომელიმე ფრაზა, იმდენ სიხარულს და ზეიმს მაძლევს, თუ იმას ახლებურად ამოვხსნი (რადგან დიდი ხანია, თითქმის 40 წელია რაც ვკითხულობ) უცებ, ის ფრაზა სულ სხვანაირად გაგიჟღერდება, სულ სხვანაირად იტყვი, სხვა ატმოსფეროს, სხვა სითბოს და მელოდიას აძლევ. მელოდია მელოდიისთვის კი არ არის, არამედ თვითონ სიტყვა გეუბნება ამ მელოდიას“.

width=600

შეგახსენებთ, რომ მურმან ჯინორიას მონოსპექტაკლი „ქარი მწყურია მე პირდაპირი“, ოთხი პირობითი ნაწილისგან – წელიწადის დროთაგან შედგება და ყველა მათგანში შესულია ქართული ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშები. ყოველი სეზონი ასოცირდება სხვადასხვა ხასიათისა და სტილის ავტორების შემოქმედებასთან. გაზაფხული - ტერენტი გრანელთან, ზაფხული - გურამ რჩეულიშვილთან, შემოდგომა მისთვის ჩვეული სიჭრელით აერთიანებს ტატო ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, ტიციან ტაბიძის, ლადო ასათიანის, მუხრან მაჭავარიანის, მურმან ლებანიძის, შოთა ნიშნიანიძის, მორის ფოცხიშვილისა და ჯანსუღ ჩარკვიანის შემოქმედებას. ზამთარი კი - გალაკტიონ ტაბიძესთან ასოცირდება.

“ამ სპექტაკლით მინდა ჩვენი ახალგაზრდობა მივუახლოვო ქართულ გენეტიკურ მახსოვრობას” - მურმან ჯინორია.

 



ავტორი: რუსა ღვანიძე