Exclusive: - „მრავალჟამიერი“ ნიაგარაზე - ანსამბლ „დიდგორის“ ტრიუმფალური წლები და შემოქმედება საზღვრების გარეშე

23:45 12-04-2019
786

მგალობელ-მომღერალთა გუნდში „დიდგორი“, ქართული ხალხური სიმღერის ახალგაზრდა შემსრულებლებმა 2003 წელს დაფუძნეს. სახელწოდება „დიდგორი“ ანსამბლს არქიმანდრიტმა იოანემ (კიკვაძე) უწოდა.

გუნდის წევრებს, ესოდენ საპატიო სახელი, სამშობლოსადმი გულწრფელ სიყვარულს, თავდადებასა და წინაპრების სულიერი მემკვიდრეობის შეურყვნელად დაცვას ავალდებულებს.

ანსამბლის წევრებმა ბ-ნ ლევან წიტაიშვილის ხელმძღვანელობით არაერთი ქართული სიმღერა და საგალობელი შეისწავლეს. მალე გუნდმა გალობა დაიწყო წმინდა ილია წინასწარმეტყველის ტაძარში, ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ ნიკოლოზ ჩიტიას ლოცვა-კურთხევით.

„პრაიმტაიმი“ ანსამბლ „დიდგორის“გუნდის წევრებს დაუკავშირდა და მათ წარმატებებზე, სამომავლო გეგმებზე და ძირითად პრობლემებზე, გუნდის ერთ-ერთ მომღერალ, საქმის მმართველ გივი აბესაძეს ესუბრა:

 - როდის ჩამოყალიბდა ანსამბლი „დიდიგორი“ და ვინ იყო ხელმძღვანელი? 

ფოლკლორული ანსამბლი “დიდგორი“, 15 წლის წინ, 2004 წელს ჩამოყალიბდა. სარულიად შემთხვევით, ანსამბლ „ქართული ხმების“ სოლისტ გურამ  თამაზაშვილის სტუდიაში შევიკრიკრიბეთ. ყველა დინტერესებული იყო ამ საქმით. პირველად, სწორედ იქ გავიცანით ერთმანეთი. ბატონი გურამის გარდაცვალების შემდეგ, ბატონი ლევან წიტაიშვილი იყო  ჩვენი ხელმძღვანელი, რომელიც ადრეც გვამეცადინებდა. სწორედ მისი ხელმძღვანელობით დავაგრძელეთ საქმიანობა. იმ პერიოდში, ორი ბიჭი, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო. 

- რა შედეგი გამოიღო ტაძარში გალობამ?  

როცა გალობა დავიწყეთ, ძალიან შევიცვალეთ, ალბათ ეს ენერგეტიკა, ეს მადლი ამ ყველაფერმა ჩვენზე ძალიან დადებითად იმოქმედა. დღეში, 6 საათს ვმეცადინეობდით. ამის შემდეგ წმ. ილია წინასწარმეტყველის ტაძარში(საბურთალო) დავიწყეთ გალობა და ამ ტაძრის გუნდი ჩამოვყალიბდით, თუმცა ანსამბლი “დიდგორი“, უკვე ჩამოყალიბებული იყო.

სწორედ ამის შემდეგ, გალობის სიყვარულმა, მსახურებაზე დგომამ, სისტემატიურმა გალობამ და სიმღერამ, თავის შედეგი გამოიღო. ჩვენც დავიხვეწეთ და სულ სხვანაირად ავმღერდით. 2004 წლიდან, მთელი შემადგენლობით ერთად მოვდივართ, მხოლოდ 3-4 ადამიანი შემოგვემატა. არც ერთ გუნდის წევრს, ანსამბლი ჯერ არ დაუტოვებია.

 - როდის შედგა პირველი თქვენი გამოსვლა პუბლიკის წინაშე? 

დაარსებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, 2005 წელს, პირველად „პროფკავშირების სასახლეში“ „გავბედეთ“ კონცერტის ჩატარება. მახსოვს, რომ ყველა ძალიან ვნერვიულობდით, მაგრამ მეგობრების მხარდაჭერით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. პირველი ჩვენი მონაწილეობა და მაყურებლის წინაშე წარდგენა, ჩვენთვის ძალიან ამაღელვებელი იყო, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით! ამ დროს მე 21 წლის ვიყავი, მაგრამ რამდენიმე ბიჭი, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო.

- რა შედგი გამოიღო პირველმა კონცერტმა?

კონცერტის შემდეგ, გადავწყვიტეთ ჩოხები შეგვეკერა, რაც მშობლების დახმარებით შევძელით. ამას მოჰყვა ქ. გორში ჩატარებული კონცერტი, შემდეგ „კინოს სახლში“ წარვდექით მაყურებლის წინაშე, რაც ჩვენთვის ძალიან სანერვიულო და ამაღელვებელი აღმოჩნდა, რადგან აკუსტიკა არ იყო კარგი და ძალიან პატარა დარბაზი იყო. იმ პერიოდში, სადაც მივდიოდით, ყველგან ვმეღოდით და ხალხის მხრიდან უდიდეს სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობდით. 

 - რა კურიოზს გაიხსენებდით ბავშვობის დროინდელს?

ყელაზე კურიოზული რაც დაგვამახსოვრდა და ვთვლით, რომ ეს დაუვიწყარი მომენტებია, თუ ვინმე ბიჭი შეყვარებული იყო, სერენადებით ვცდილობდით გოგონების გულის მოგებას. გოგონას სახლთან მივდიოდით მთელი გუნდი და ვუმღეროდით. მაგრამ სამწუხაროდ, არც ერთმა სიყვარულმა არ გაამართლა(იცინის). ეს გავითვალისწინე და ჩემს შეყვარებულს, რომელიც ამჟამად ჩემი მეუღლეა, არ ვუმღერე. დღემდე სულ მეუბნება, ჩემთვის როგორ არ გაქვს ნამღერიო (იცინის). 

- გუნდის რამდენი წევრი ხართ დაოჯახებული?

გუნდში, თითქმის ყველანი დაოჯახებულები ვართ, სამი ბიჭის გარდა. უმეტესობას სამი, ოთხი და ხუთი შვილი ჰყავს. ერთად რომ ვიკრიბებით, 30 ბავშვთან ერთად, ერთი დიდი ოჯახი ვართ. მნიშვნელოვანი ფაქტია ისიც, რომ ყველანი დავნათესავდით.

 

- როდის და სად გქონდათ პირველი გასტროლი?

პირველი გასტროლი 2011 წელს გვქონდა კორსიკაში(საფრანგეთი). ეს ანსამბლი, 2008 წელს საქრთველოში იყო ჩამოსული და სიმპოზიუმზე გავიცანით, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული ღონისძიებაა ფოლკლორულ სამყაროში, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება, სადაც აქტიურად გვიწვევდნენ. ამის შემდეგ დავუახლოვდით ერთმანეთს და დავმეგობრდით. ძალიან კარგი ბიჭები იყვნენ. რამდენიმე ხანში კი საფრანგეთში დაგვპატიჟეს. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ვინც ჩამოდის, განსაკუთრებით ფოლკლორის კუთხით და მის კულტურას ეზიარება, ის უკვე სამუდამოდ შეყვარებულია საქართველოზე. ეს ყველაფერი, ქართული სიმღერების და კულტურის ენერგეტიკაზეა დაფუძნებული, გვერდიდან რომ შევხედოთ ამ ყველაფერს, ყველაფრის მიუხედავად ჩვენი ქვეყანა არის საოცრად მომხიბვლელი და დიდი ენერგეტიკის მატარებელი. ხშირად ამბობენ, ქართველები ლაღები არ ვართო, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. საკმაოდ ლაღი ხალხი ვართ, თუ სხვებს შევედრებით. ამის შემდეგ ჩავედით კორსიკაში და ერთობლივი კონცერტი გავმართეთ.

- რა შთაბეჭდილება დატოვა თქვენმა გამოსვლამ კორსიკელ მსმენელებში?

ეს იყო წარუშლელი შთაბეჭდილება. ეს ჩვენი პირველი ორგანიზებული გასვლა და ჩვენი პირველი გასტოლი. თან გვახლდა ასევე ბატონი სოსო ჟორდანია(პროფესორი), რომელმაც ლექცია ჩაატარა ქართული კულტურის შესახებ. ამ კონცერტის შემდეგ, ყველაფრი კარგად აეწყო. გავაგრძელეთ ერთად ყოფნა, ერთად გალობა. ვცდილობდით, რომ ბევრი გვემუშავა.

 - რა სახსრებით ახერხებთ მოგზაურობას და კონცერტების გამართვას?

ხშირად გვითქვამს, რომ ღმერთს არ უნდა, რომ ეს ანსამბლი დაიშალოს. ყველა პირობა არსებობს, რომ არ ვარსებობდეთ, მაგრამ ხდება ისე, რომ კონცერტებსაც ვმართავთ, ალბომებსაც ვწერთ. ამისთვის რა თქმა უნდა გვეხმარებიან, ზოგჯერ მეგობრები, ზოგჯერ სხვადასხვა ფონდები, სახელმწიფო  ორგანიზაციები გვაფინასებენ. ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი, უფლის ნებით ხდება. სიმართლე გითხრათ, ჩვენი მხრიდან სპონსორის ძიება, აქტიურად არასდროს არ გვიცდია. ვერ დავაბრალებთ ვერავის, რომ არ დაგვაფინანსა. ერთჯერადად გვაფინანსებენ ძირითადად. არის შემთხვევები, როცა ჩვენი სახსრებით ვმართავთ კონცერტებს. რამდენჯერმე,  ფონდი „ქართული გალობა“ დაგვეხმარა, აგრეთვე, ბიზნესმენები.  ძირითადი ჩვენი პრობლემა, უსახსრობაა. 15 წელია, ერთად ვართ და ვმართავთ კონცერტებს, ვაქტიურობთ ყველანაირად.

იმიტომ არა, რომ ვინმეს რამე დავუმტკიცოთ. უბრალოდ, ჩვენ გვიყვარს სიმღერა, ჩვენი ლოზუნგიც ეს არის „სიმღერა, როგორც ცხოვრების წესი“. ჩვენ სწორედ ამით ვცოცხლობთ, ამით ვცხოვრობთ. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ეს არ არის ჩვენი შემოსავლის წყარო, თუმცა კარგი იქნებოდა მეტი ასპარეზი, მეტი საშუალება, რომ წარვდგეთ მსმელელის წინაშე. თუნდაც მცირედი ხელშეწყობა, რომ საშუალება მოგვეცეს გარკვეული ჩვენი იდეების განსახორციელებლად. 

 - ვინ არის თქვენი სამხატვრო ხელმძღვანელი და სად გადიხართ რეპეტიციებს?

ანსამბლს, ხელმძღვანელი არ ჰყავს. სასიმღერო კუთხით, ნოდარ ქარცივაძე და ნიკოლოზ ივანაშვილი ხელმძღვანელობენ. საორგანიზაციო საკითხებს, თავად ვაგვარებ. რეპეტიციები, წმ. ილია მართლის ტაძარში (საბურთალო) გვაქვს, სადაც ასევე ვგალობთ.  

 - ყველაზე დიდი წარმატება რომელ ქვეყანაში გქონდათ და რა შთაბეჭდილებებით დაბრუნდით ქვეყანაში?

ყველაზე დიდი წარმატება, ლატვიაში ჩატარებულმა კონცერტმა მოგვიტანა. 2013 წელს, ლატვიის სახელმწიფო გუნდის ხელძღვანელმა მიგვიწვია ფესტივალზე. პირველად, საქართველოში მყოფმა ლატვიის ელჩმა ელიტა გაველემ მოგვისმინა და სწორედ მან მიგვიწვია. ლატვიის სახელმწიფო გუნდის ხელმძღვანელმა მარის სირმაისმა, როგორც ჩანს, მოუსმინა ჩვენს სიმღერებს. ჩვენს ჩანაწერებზე არაჩვეულებრივმა კომპოზიტორებმა იმუშავეს. თხოვნა იყო, რომ რაღაც განსხვავებული გაკეთებულიყო, სადაც ქართული მუსიკა იქნებოდა გამოკვეთილი. როცა პირველად ლატვიიდან გამოგზავნილი ნოტები მივიღეთ, შოკი გვქონდა. მართალია, ჩვენ გვაქვს ნოტებთან შეხება გალობის კუთხით, მაგრამ აქ, იყო უამრავი ნოტი.

 

 

აღმოჩნდა, რომ ეს, მხოლოდ ჩვენი შესასრულებელი არ იყო. ლატვიაში როცა ჩავედით, პროფესიონალთა გუნდი დაგვხვდა. ისე გვექცეოდნენ, თითქოს „Pink Floyd“-ის ანსმბლი ჩავედით (იცინის). ეს იყო, ისეთი სითბო და დაფასება, გვერდში დგომა. ამ ყველაფერმა, ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე. ვინც იქ ვიყავით, სრულიად წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვეს. აქ ჩართული იყვნენ „გრემის“ ნომინანტები. მათ ისე შეიგრძნეს ჩვენი მუსიკა, რომ ხელი არ უხლიათ ჩვენი ხალხური სიმღერისთვის. ჩვენს ირგვლივ „ააშენეს“ მათი ნაწარმოები, ჩვენ, ჩართული ვიყავით ამ შემოქმედებაში.

ყველაფერი ხდებოდა, მხოლოდ ჩვენს ირგვლივ. კონცერტი, ლუთერანულ ეკლესიაში ჩატარდა, სადაც საოცარი აკუსტიკა იყო. ეს იყო რაღაც საოცრება. მსმენელის მხრიდან უდიდესი ყურადღება იგრძნობოდა. ეს იყო, ჩვენი ანსამბლის უდიდესი წარმატება.

წელს, კანადაში გვქონდა ხანგრძლივი გასტროლი. რვა ქალაქში ვიყავით და ყველგან უდიდესი წარმატება მოვიპოვეთ. მართლაც, სასწაული ქვეყანაა. საოცარი მსმენელი დაგვხვდა, რამაც ჩვენზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. ტურის დროს, ნიაგარას ჩანჩქერის სანახავად გავემგზავრეთ და გადავიღეთ საოცარი კადრები, სადაც ჩანჩქერის ფონზე „მრავალჟამიერს“ ვმღერით. მომდევნო წელს კვლავ გვაქვს გეგმაში, კანადაში გამგზავრება.

- როგორ ახერხებთ ფესტივალებში მონაწილეობის მიღებას? 

არის ღონისძიებები, სადაც მონაწილეობას ვიღებთ, მაგრა არ გვაქვს სტაბილურობის განცდა. რადგან გვაქვს რაღაც იდეები, რომელსაც უსახსრობის გამო ვერ ვახორციელებთ. ვერ ვგეგმავთ კონცერტებს, გვიჭირს რეგიონებში წავლა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ არ დავდივართ, მაგრამ მეტია საჭირო და ფინანსების უქონლობის გამო, ხშირად ვერ ვახერხებთ. ხშირად, კონცერტებს ჩვენი სახსრებით ვმართავთ. ყოფილა შემთხვევები, როცა დარბაზის ქირის გადასახდელად, თანხა დაგვაკლდა და ჩვენი ფული დაგვიმატებია. 

- რა პრიზები გაქვთ მიღებული?

რამდენიმე წლის წინ, ფონდი „ქართული გალობის“ მიერ, ჩვენ გადმოგვეცა პრიზი,  ქართული სიმღერის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის.

2016 წელს, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ეროვნულ ფესტივალზე გავიმარჯვეთ, სადაც პირველი ადგილი ავიღეთ, უნდა ითქვას, რომ ეს ორგანიზაციები, მაქსიმალურად გვერდში გვიდგანან.

 

 - რამდენი წევრისგან შედგება ანსამბლი „დიდგორი“? 

 „დიდგორს“, ანსამბლს ვერ დავარქმევდი. ეს არის 16 წევრისგან შემდგარი ერთი დიდი ოჯახი, სამეგრობრო, სადაც ხშირად ვიკრიბებით ოჯახებით. ესენი არიან - გივი აბესაძე, გედევან ჯინჭარაძე, დავით კუდაშვილი, ნოდარ ქარცივაძე, გივი ბაქრაძე, კახა ჩხიკვაძე, გია კაციტაძე, კოკა ალავიძე, ნოდარ ტურძელაძე, ნიკოლოზ ივანაშვილი, ლაშა ფრუიძე, გიორგი ყიფიანი, გიორგი ქარცივაძე, არჩილ გურგენიძე, კახა ჩანგაშვილი, დავით მაღულარია (ყაზახეთშია). განსაკუთრებით ვამაყობთ ჩვენი შვილების სიმრავლით. ყველა ერთად რომ ვიკრიბებით 60 - მდე ვართ.

- რა გახდა თქვენი ერთად ყოფნის და ასეთი დიდი მეგობრობის საბაბი?

ეს ყველაფერი სიმღერის, გალობის დამსახურებაა. იმ წლებში, როცა ჩვენ შეიძლება სხვა გზით წავსულიყავით, ერთობისკენ, სიყვარულისკენ წავედით. ფასეულობები, ერდროულად და ერთ გარემოში ჩამოგვიყალიბდა. ძირითადი ფასეულობებიც, ერთი გვაქვს - ოჯახის, სამშობლოს და ერთი საქმის სიყვარული. სიმღერამ, გაგვაკეთილშობილა და უფრო კარგები გაგვხადა. ამ ყველაფერს, ძალიან ვაფასებთ და ვუფრთხილდებით. 

- როგორია თქვენი შვილების დამოკიდებულება, სიმღერის მიმართ? 

დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი შვილებიც ჩვენს კვალს გაჰყვებიან. არ გვინდა რომ დავაძალოთ. ისინი, ისედაც ხედავენ რასაც ვაკეთებთ, რა გზას ვადგავართ. დადიან ეკლესიაში, უსმენენ წირვას. მათთვის ჩვეულებრივი ამბავია, როცა ტაძარში ისმის გალობა. მათთან ერთად ჩვენი მშობლებიც დადიან. სახლში, ხშირად ვმღერით ხოლმე ერთად. გვაქვს სურვილი, რომ ახლო მომავალში გვერდში დაგვიდგნენ და მათთან ერთად ვიგალობოთ. 

- რა სახსრებით და როგორ მოახერხეთ 15 წლის იუბილეს აღნიშვნა?

როცა დავიწყეთ ფიქრი, თუ როგორ ჩაგვეტარებინა ანსამბლის დაარსებიდან 15 წლისთავის იუბილე, სასწაული მოხდა. ღმერთმა გადმოგვხედა და ყველაფერი თავისით აეწყო. გამოჩნდა უამრავი საგასროლო ტური, გავმართეთ სოლო კონცერტები სახელმწიფო პროექტების ფარგლებში, რეგიონებშიც კი ვიყავით და ბოლოს, ეს ყველაფრი, საიუბილეო სოლო კონცერტით დავაგვირგვინეთ, რომელიც ფესტივალის „შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში,, ჯანსულ კახიძის სახელობის დარბაზში გაიმართა. რისთვისაც უდიდეს მადლობას ვუხდით მაესტრო ვახტანგ კახიძეს და თბილისის სიმფონიურ ორკესტრს, რომელმაც ამ ინფორმაციის გაგებისთანავე, ჩვენი გუნდი საკონცერტო პროგრამაში ჩართო. ეს ჩვენთვის უდიდესი პატივი იყო.

კონცერტმა, კარგად ჩაიარა. გამოვიტანეთ სიმღერები, რომლებიც განვლილი წლების მანძილზე დაგროვდა. რომლებიც ხალხს უყვარდა. სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებლები ვართ და ჩვენს ერთგულ მსმენელს, მივეცით საშუალება აერჩიათ სიმღერები, რაც დადებითად აისახა ჩვენს წარმატებებზე. მაშინ ვიგრძენით, რომ გვყავს ერთგული მსმენელი. ხალხი, რომელიც იცნობს „დიდიგორს“. ამ ყველაფერმა სტიმული მოგვცა, რომ მეტი გავაკეთოთ.

- რა შეიცვლება თქვენს კარიერაში „დიდგორს“ რომ სპონსორი გამოუჩნდეს? 

არ უნდა ვამბობდე, მაგრამ შეიძლება  დაგვიანბულიც არის „დიდგორის“ დაფინანსებაზე საუბარი, მაგრამ  მინდა გითხრათ, რომ ეს, უკვე სხვა ჟანრის გუნდია, სხვა მოცემულობაა. რეალურ სამყაროში, ასეთი გუნდები იშვიათობაა. მიუხედავად ამისა, საქართველოში მრავლად არიან, რომელთაც აქვთ ენთუზიაზმი და დიდი სიყვარული საქმის მიმართ. ჩვენი ერთმანეთის მიმართ სიყვარული და მეგობრობა, არ გვაძლევს საშუალებას აღარ ვიმღეროთ, ფარ-ხმალი დავყაროთ. სტიმული, ხომ მხოლოდ ფინანსები არ არის. ჩვენ გვიხარია, ასეთი დაფასება. გვიყვარს, ის საქმე რასაც ვაკეთებთ. სახელი „დიდიგორი“, უკვე დამკვიდრდა ფოლკლორულ საზოგადოებაში და გვაქვს ის პატარა, ან შეიძლება დიდი ნიშა, რომელსაც კარგად ვავსებთ. 

- და ბოლოს, რას გვეტყოდით თქვენს სამომავლო გეგმებზე?

სამომავლო გეგმებიდან მთავარია, რომ მომდევნო 15 წელიც ისე აღვნიშნოთ, როგორც წელს ჩატარებული. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ახალ წელთან ერთად, ისევ გავაქტიურდებით. ახალ, მეოთხე ალბომზე ვმუშაობთ და სავარაუდოდ, მალე გამოვუშვებთ. აქაც, ფინასური კუთხით, მეგობრები გვეხმარებიან. გვინდა, სხვა კუთხითაც დავანახოთ საზოგადოებას არა მარტო ჩოხით, არამედ უშუალო გარემოში მივცეთ ხალხს საშუალება დაინახონ, რომ ჩვენ, ჩვეულებრივი თანამედროვე ჯინსებიანი ბიჭები ვართ, ზოგი გრძელი თმით, წვერით, ზოგი კი კლასიკურ სტილშია ჩაცმული.

დიდი ხანია ასევე გვინდა, მეგრულ-აფხაზური ალბომის გამოშვება. ეს არ იქნება, მხოლოდ სასიმღერო ალბომი, რომელშიც სიმღერები შევა. ეს იქნება - ერთგვარი გზავნილი ენგურს გაღმა, რომ დაინახონ, როგორ ვუფრთხილდებით აფხაზურ სიმღერებს და კულტურას. ჩვენს რეპერტუარში, ყოველთვის გვაქვს აფხაზური სიმღერები. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი ჩვენგანი არ არის აფხაზეთიდან, ამ კუთხის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული გვაქვს. „დიდიგორში“, ამ კუთხესთან განსაკუთრებული ემოციური კავშირი, ძალიან მძაფრად იგრძნობა. ამავე დროს, გვინდა დავანახოთ აფხაზებს, ის გადამკვეთი წერტილები, რომლებიც ერთმანეთთან გვაქვს. სწორედ, ამ ალბომით ვეცდებით დავანახოთ საზოგადოებას, რომ აფხაზეთი და სამეგრელო მსგავსი სასიმღერო კულტურის მატარებელი კუთხეებია. ვისაუბროთ საერთო ფასეულობებზე და არა განსხვავებულობაზე. ეს ძალიან კარგი გზავნილი იქნება აფხაზეთის მიმართ. სხვათა შორის, საქართველოს დანარჩენ კუთხეებში, უფრო მეტს მღერიან აფხაზურად, ვიდრე აფხაზეთში. მინდა, რომ ვინმე ვიპოვნო, რომელიც ჩართულია ამ ფოლკლორში. იმ ძველ სიმღერებს რასაც ჩვენ ვმღერით, აფხაზების მიერ შესრულებულს, ვერსად იპოვნით, რაც ძალიან სამწუხაროა. ვიცით, რომ იქაც პრობლემებია. ვფიქრობთ, რომ ეს ალბომი კარგ შედეგს გამოიღებს.

 

 

 

 



ავტორი: რუსა ღვანიძე