ლეგენდის თანახმად, ვინც ტაბოვარჩხილის ტბის მყუდროებას დაარღვევს და მის წყალში იბანავებს, შავი ღრუბლების რისხვა დაატყდება თავს და კოკისპირულ წვიმასა და შემზარავ ჭექა-ქუხილს ვერ გადაურჩება.
ჩხოროწყუს რაიონში, ტობავარჩხილის ხეობაში, 33 წლის გიორგი მუჩიაშვილი 2015 წლის 2 აგვისტოს გაუჩინარდა. ოთხი წლის წინ დაკარგულ ერთადერთ შვილს, დედა ამ დრომდე ეძებს. თუმცა, იმედს არ კარგავს, რომ შვილს ცოცხალს და უვნებელს იპოვნის. საკუთარ ისტორიას ინგა ვეკუა „პრაიმტაიმს“ უზიარებს:
მეხუთე წელი დაიწყო, რაც დაკარგულ შვილს ეძებთ... რა ეტაპზეა გამოძიება?
როგორც ამბობენ, ჩემი უგზო-უკვლოდ დაკარგული შვილის შესახებ, ძიება არ წყდება, მაგრამ ჯერჯერობით, ახალი არაფერია. ყველას შევხვდი, მთავრობის წევრებსაც კი, რომლებიც ძალიან დამეხმარნენ. თბილისიდან გაგზავნეს მაშველები, ვერტმფრენები, მთამსვლელები. ადგილობრივი მონადირეებიც კი ეძებდნენ, მაგრამ არანაირი კვალი არ ჩანს. ტობავარჩხილის ტბაშიც კი ჩავიდნენ მყვინთავები, მთამსვლელებიც რამდენჯერმე იყვნენ შესულები, მაგრამ ჯერჯრობით არანაირი საიმედო ინფორმაცია არ არის.
როდის და ვისთან ერთად წავიდა გიორგი ლაშქრობაში?
2015 წლის 29 ივლისს ჩემი შვილი გიორგი მუჩიაშვილი, სამ მეგობართან ერთად წავიდა ლაშქრობაში - ჩხოროწყუს რაიონში. ბიჭები, ტობავარჩხილის ხეობაში ტბასთან დაბანაკდნენ და იქიდან, სხვადასხვა ადგილებს ლაშქრავდნენ.
როგორ დარჩა სრულიად მარტო, ტბაზე?
2 აგვისტოს, ერთ-ერთ მთაზე ასვლა დაგეგმეს, მაგრამ გიორგიმ, როგორც ამბობენ, ფეხის ტკივილის გამო, უარი განაცხადა. ბიჭებმა მითხრეს, რომ „ბათინკის“ გამო ფეხები სტკიოდა და ჩვენთან ერთად წამოსვლაზე, უარი განაცხადაო. გიორგი მარტო დარჩა. ისინიც გამოუცდელები იყვნენ და იფიქრეს, რომ უკან, მალე დაბრუნდებოდნენ.
რამდენ ხანში დაბრუნდნენ უკან?
როგორც თავად ამბობენ, ფიქრობდნენ, რომ მალე დაბრუნდებოდნენ, მაგრამ მოხდა ისე, რომ თითქმის 8 საათი იყო გასული. მათი ინფორმაციით, გიორგი იმ ადგილას, სადაც დატოვეს, აღარ დახვდათ. და არც არანაირი კვალი არსად იყო.
როგორც ჩანს, ბიჭები ლაშქრობიდან შებინდებულზე დაბრუნდნენ...
კი, უკვე ბინდდებოდა და ტყეში მისი ძებნა საკმაოდ რთული იყო. ფაქტია, რომ 8 საათი ერთ ადგილზე არ იჯდებოდა. არავინ იცის, სად წავიდა და რა მოხდა. როგორც ბიჭები ამბობენ, იქვე ახლოს, მოლაშქრეების კიდევ ერთი ჯგუფი აღმოაჩინეს, რომლებსაც კარავი ჰქონდათ გაშლილი, მაგრამ მათი ინფორმაციით, ბიჭისთვის, თვალიც არ მოუკრავთ. როგოც თავად ჰყვებიან, მათ სამაშველო სამსახური გამოიძახეს. მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ, მაგრამ უშედეგოდ. მოლაშქრეების მეორე ჯგუფის ყველა წევრიც დაკითხეს და მათ თქვეს, რომ თვალიც კი არ მოუკრავთ არავისთვის.
კარავშიც არ იყო გიორგის კვალი?
კარავში, სადაც ბიჭები ცხოვრობდნენ, გიორგი როგორც ჩანს არ დაბრუნებულა. მწყემსებიც კი გამოკითხეს, მაგრან არსაიდან არანაირი ინფორმაცია.
უცხოეთში წასვლის სურვილი ხომ არ ჰქონია?
არა, მე თავად ვთავაზობდი ინგლისში წასვლას, რადგან იქ ახლობლები გვყავს, მაგრამ არ ისურვა.
რას საქმიანობდა გიორგი?
პროფესიით ოპერატორი იყო. რამდენიმე ხანი „შუა ქალაქის“ გადაღებებზე ოპერატორად მუშაობდა, თან სტაჟირებას გადიოდა. სტაბილური სამსახური არ ჰქონდა და ამას ყოველთვის განიცდიდა. მიდრეკილება ჰქონდა, უფრო ხელოვნების სფეროში, უყვარდა ფოტოების გადაღება.
როცა თქვენი შვილის გაუჩინარების შესახებ გაიგეთ, ვის მიმართეთ დასახმარებლად?
ზაფხული იყო და უამრავი ტურისტი სტუმრობდა იმ ტერიტორიას. ყველა გაფრთხილებული იყო, გიორგის ფოტოებიც კი გავავრცელეთ ყველგან. ჩემი ახლობელი იყო იმ პერიოდში და ჩამოიტანა ამბავი, რომ ყველა ტურისტი გაფრთხილებულია და ჩვენც გაგვაფრთხილესო. ასევე, ჩართული იყო სასაზღვრო დეპარტამენტი, მაგრამ არსაიდან ხმა.
მერე თუ გსმენიათ რამე, თუნდაც ჭორის დონეზე?
იმ პერიოდში მარტვილში ერთ-ერთი ეკლესიის რესტავრაცია მიმდინარეობდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მღვდელმა, ტაძარში უცხო ადამიანი დააფიქსირა, რომელსაც ხელში ჯოხი ეჭირა. შემოვიდა სალოცავად და ამის შემდეგ მისი კვალი არ ვიციო. ეს ინფორმაცია ჩხოროწყუს ტელევიზიამაც გაავრცელა.
არ დაეკონტაქტაქტეთ მამაოს?
რა თქმა უნდა, მაგრამ როცა მამაოს გიორგის ფოტო გადავუგზავნეთ, თქვა, რომ ფოტოზე სხვა პიროვნებააო. ამბობდა, რომ ის ბიჭი მეგრულად საუბრობდაო. ჩემმა შვილმა კი მეგრული ნამდვილად არ იცის. როგორც მამაო ამბობდა, ის უცნობი კაცი მარტვილში, ერთ-ერთ ოჯახში დაბინავებულა ერთი დღით და დილით, ისე გაპარულა სახლიდან, რომ არცერთ ოჯახის წევრს არ დაემშვიდობა. ამის შემდეგ, არაფერი გაგვიგიაო. როგორც მითხრეს, ამ ოჯახის წევრებსაც აჩვენეს გიორგის ფოტოები, მაგრამ არც მათ დაადასტურეს.
პირადად თქვენ ამ ოჯახს არ დაუკავშირდით?
როგორ არა, მაგრამ პირადად მე, რატომღაც, ამ ოჯახთან არ დამაკონტაქტეს. გამომძიებელს ვთხოვე, რომ ამ ოჯახის კოორდინატები ეთქვათ. იქნებ, მე უკეთ ამომეცნო, იყო თუ არა მათთან ჩემი შვილი. მიპასუხეს, რომ მამაომ უკვე ნახა თქვენი შვილის ფოტოები და ვერ ამოიცნოო.
გამომძიებლები არ დაინტერესდნენ ამ გარემოებით?
რა თქმა უნდა, დაინტერესდნენ, იყვნენ იმ ტერიტორიაზეც, სადაც გიორგის კვალი გაქრა, მაგრამ ვერაფერი ნახეს ხელმოსაჭიდი. დახმარებისათვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, ბ-ნ გიორგი ვოლსკისაც კი მივმართე, რომელსაც უდიდეს მადლობას ვუხდი. ისიც კი ვუთხარი, რომ იმდენად სიჩუმეა, ჩემი შვილის შესახებ, რომ ეჭვი მაქვს, რამეს ხომ არ მიმალავენ-თქო.
რაზე ეჭვობდით?
ასეთი სიჩუმე? არსად არაფერი? დედა ვარ და ყველაფერზე ვფიქრობ. გამორიცხვის მეთოდითაც ბევრს ვფიქრობ.
თქვენ რატომ არ წახვედით მამაოს, ან თუნდაც იმ ოჯახის მოსაძებნად, სადაც სავარაოდოდ თქვენი შვილი იმყოფებოდა?
როცა წასვლა მოვითხოვე, არ მითხრეს სად ცხოვრობდა ეს ოჯახი. ახლაც არ ვიცი, ვერ ვხვდები რატომ დამიმალეს.
თქვენ ადვოკატს არ უთხარით?
სამწუხაროდ, უსახსრობის გამო, არ მყავს პირადი ადვოკატი. ჩხოროწყუს ადგილობრივი გამომძიებელი იკვლევდა ამ საქმეს. გიორგის მამა იყო ჩასული და რაც იმ ტერიტორიას ესაზღვრება, ყველგან ეძებდნენ და ყველგან გაავრცელეს ფოტოები, ბაზარშიც კი, იქნებ საჭმელად გამოვიდეს-მეთქი.
საჭმელად როგორ? ფიქრობთ, რომ თქვენი შვილი ცოცხალია?
დასახმარებლად, ფსიქოლოგებსაც მივმართე. მითხრეს, რომ არიან ასეთი ადამიანები, რომლებიც სადღაც „გადიან“ - მათთვის ეს შვებააო. ამავე დროს ძალიან კომუნიკაბელურები არიან, თან რაღაც ისტორიას მიყვებიანო. საქრთველოა და ერთ ნაჭერ პურს არავინ დაამადლებსო. ეჭვსაც ვერ შეიტანს ვერავინო. ყველაფერი მოვსინჯე, გარდა იმისა, რომ ადვოკატი ვერ ავიყვანე. ბატონ არჩილ თალაკვაძესაც კი შევხვდი, ვთხოვე დახმარება. ყველა საქმის კურსშია და ვნახოთ, რა იქნება.
ადვოკატის აყვანა რა შედეგს მოგიტანთ?
ადვოკატი რომ მყავდეს, უკეთ გამოვიძიებდი ჩემი შვილის საქმეს. ჩხოროწყუშიც ხშირად ვეხმიანები გამომძიებელს, მაგრამ ჩემი ადვოკატი რომ მყავდეს, რა თქმა უნდა უკეთესია. მე ხომ არ ვიცი, ყველა ნიუანსი. ახლობლების, მთავრობის წევრების, მთამსვლელების, მყვინთავების და სხვათა დახმარებით რაც შევძელი, მხოლოდ ეს იყო.
და არანაირი მტკიცებულება ჯერ არ აღმოუჩენიათ?
არანაირი მტკიცებულება, თუნდაც იმისა, რომ ცხოველმა დაგლიჯა. ზურგჩანთის, ტანსაცმლის, „ბათინკის“, ან რაიმე სხვა ნივთის ნაგლეჯს მაინც ვიპოვნიდით. მაშველებს და მთამსვლელებს რომ გავესაუბრე, მითხრეს, რომ ცუდი ამბის შემთხვევაში, უფრო მალეც გავიგებდითო. ცხოველი, კი აგვისტოში ნაკლებად არის ამ ადგილებშიო. ჯერჯერობით, არაფერი ხელმოსაჭიდი არაფერი უპოვნიათ.
რას აპირებთ სამომავლოდ?
მინდა ისევ მივიდე ბატონ არჩილ თალაკვაძესთან. დამპირდნენ, რომ ეს საქმე კონტროლზეა აყვანილი. მაგრამ ჯერჯერობით ახალი არაფერია. მადლობა მინდა გადავუხადო, ჩხოროწყუს გუბერნატორის მოადგილეს, რომელიც იმ პერიოდში, გვერდში გვედგა. ადგილობრივი მონადირეები შეუშვა ტყეში, რადგან მათ უკეთ იცოდნენ ეს ადგილები. ისინიც კი მეუბნებიან, ეჭვი აქვთ, რომ სადღაც არის გასული, მაგრამ სად?
რისი იმედი გაქვთ?
დაიბეჭდა უამრავი სტატია, მათ შორის, საპატრიარქოს გაზეთში, სხვადასხვა პრესაში. ვეძებდით იქაურ ტაძრებში, იმ იმედით, რომ იქნებ თავი შეაფარა-მეთქი. ფსიქოლოგების და მთამსვლელების ინფორმაციით, თუ ძლიერი ფსიქიკის ადამინი არ არის, ეს მთა ძალიან დამთრგუნველიაო. ამის ნიადაგზე, შეიძლება ადამიანს, ამნეზიაც დაემართოსო.
ფიქრობთ, რომ დაიკარგა და ამნეზიის გამო ოჯახს ვერ აგნებს?
ყველაფერზე ვფიქრობ, ყველაფერი მოვსინჯე. იმდენად უცნაური და მისტიკური ტყე და მთებია იმ ტერიტორიაზე, რომ მთამსვლელებმა მითხრეს, ჩვენ ერთმანეთსაც კი, მარტო არასდროს არ ვტოვებთო. ფოთლების შრიალიც კი მოქმედებს, თუ ძლიერი ფსიქიკის ადამიანი არ ხარო.
ასეთი უცნაური ადგილია?
დიახ, არის ნამდვილად. ძალიან ცუდია, რომ ამ საკითხებზე ტელევიზიები არ საუბრობენ. უამრავი ტურისტი დამოუკიდებლად მიდის ისეთ ადგილებში, სადაც არ არის მიზანშეწონილი ლაშქრობა და ამის გამო უამრავი ხიფათი და უბედურება ხდება. ჩემი აზრით, აუცილებელია, რომ ლაშქრობა, მცოდნე გიდთან ერთად დაგეგმო და არა ასე, როგრც ჩემმა შვილმა, დამოუკიდებლად გადაწყვიტო. გააჟღერეთ ტელევიზიაში და პრესაშიც, რომ სამომავლოდ გაითვალისწინონ, რომ ასეთი შემთხვევებისგან თავი დაიზღვიონ. ჩემი შვილის შემთხვევაში, ამდენი არც კი მიფიქრია, სამწუხაროდ.
თვლით, რომ ეს მართლაც მისტიკური ადგილია?
ასე ამბობენ და რა ვიცი. ჟურნალისტებმაც გადაიღეს და გააშუქეს ეს ტერიტორია, როგორც თქვეს, მართლაც მისტიკური ადგილია.
სხვა ორგანიზაციებისთვის თუ მიგიმართავთ თხოვნით?
წითელ ჯვარსაც მივმართე თხოვნით, მაგრამ სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ წითელი ჯვარი, მხოლოდ ომში დაკარგულებს ეძებს. მე მაინც ვთხოვე, რომ ჩემი შვილის დაკარგვის ამბავი, მხედველობაში მაინც ჰქონდეთ.
თქვენ მაინც არ კარგავთ იმედს, რომ შესაძლებელია, გიორგი ცოცხალია?
მე ვისთანაც მქოდა საუბარი (თავადაც, ასე ვფიქრობ), მართლაც უამრავი შემთხვევაა დაკარგულ ადამიანებზე, მაგრამ რამდენიმე თვეში ან წელიწადში უპოვიათ, თუ ადამიანი ვერა, რაღაც ნივთი მაინც, მაგრამ ჩემი შვილის შემთხვევაში, ასე არ არის. ვფიქრობ, რომ შესაძლებელია, ვინმეს გაჰყვა.
რას გულისხმობთ, სად უნდა გაჰყოლოდა, თან თანხის გარეშე?
რა თქმა უნდა, თანხა ჰქონდა, მაგრამ არა იმ რაოდენობის, რომ უცხო ქვეყანაში გადასულიყო. პირადობის მოწმობაც კი სახლში დარჩა. საერთო ჯამში, გიორგი საკმაოდ კომუნიკაბელური და წიგნიერი ადამიანი იყო. სხვათა შორის, ბოლო პერიოდში, ხშირად, ფსიქოლოგიურ წიგნებს კითხულობდა. ხშირად ვსაყვედურობდი, რომ ასე არ შეიძლებოდა ამ სახის წიგნების კითხვა, გააჩნია, შენ როგორი აღქმა გექნებამეთქი. როცა ფსიქოლოგიასთან გაქვს შეხება, ჩემი აზრით საჭიროა, ეტაპობრივი მომზადება.
ხომ არ გქონიათ პრობლემები დედა-შვილს ურთიერთობაში?
ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი, თუ არ ჩავთვლით მცირე კონფლიქტებს, რაც დედა-შვილის ურთიერთობაში, ჩვეულებრივია. რამდენჯერმე, ტელეფონზეც კი ვესაუბრე, მომენატრე დეე, რას შვებით აღარ მოდიხართ-მეთქი?
რამდენი ხნის წასული იყო?
დაახლოებით, 3 დღის წასული იყო. როგორც ვიცი, თავდაპირველად, სენაკში ჩავიდნენ, იქიდან სოფელ მუხურში ავიდნენ და მერე ტობავარჩხლის ხეობაში დაბინავდნენ. ეს უბედური შემთხვევა, 2015 წლის 2 აგვისტოს მოხდა.
როგორც თქვენი საუბრიდან ჩანს, თვითმკვლელობის მცდელობას გამორიცხავთ?
დიახ. ნამდვილად გამოვრიცხავ, რადგან ამის საბაბი და მიზეზი, გიორგის არასდროს ჰქონია.
იქნებ ვალები ჰქონდა?
ყველა მის ახლობელს შევეხმიანე და არავინ არ დამიდასტურა, არც ბანკის ვალი არ ჰქონია. ვიტყოდი, რომ ცოტა ჩაკეტილი ბიჭი იყო, მაგრამ ამავე დროს ძალიან კომუნიკაბელური.
ვინმესთან ხომ არ გაქვთ რამე თხოვნა?
ისევ ხელისუფლებას მინდა მივმართო. ასევე, მინდა თხოვნით მივმართო შინაგან საქმეთა სამინისტროს, იქნებ ჩაერთონ ჩემი დაკარგული შვილის ძებნაში.
ასევე, მოგმართავთ ყველას, მთალ საქართველოს! დააკვირდით ამ ფოტოებს და თუკი სადმე გინახავთ გიორგი, დამიკავშირდით ამ ნომერზე - 577 74 04 09 ინგა ვეკუა.