„ცხოვრება ისაა, რაც გახსოვს, დანარჩენი არსებობაა“ - ბერი დავითი(ჭაბუა) ამირეჯიბი 2013 წლის 12 დეკემბერს, 92 წლის ასაკში, საკუთარ სახლში, თამარაშვილის ქუჩაზე, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
მწერალი და უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე, რომელიც სიცოცხლის ბოლო წუთებში მასთან ერთად იმყოფებოდა, მის გარდაცვალებას სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა:
ჭაბუა, წავიდა საოცარი და მშვიდი გარდაცვალებით. სიკვდილის წინ, არც კი ამოუგმინავს. მან იცოდა, სადაც მიდიოდა და დიდხანს ემზადებოდა ამ მომენტისთვის. ის ნამდვილად უკეთეს ადგილას წავიდა - და იქიდან დაგვყურებს ახლა ყველას. 92 წელი ტანჯვა, ბრძოლა, და მაინც საოცრად საინტერესო ცხოვრება, 12 დეკემბერს ღამის 12 საათამდე რამდენიმე წუთით ადრე დასრულდა. ამ ცხოვრებამ, ბევრ ადამიანს მოუტანა ბედნიერება. ჩემს ძმებთან, მის შვილებთან და მეუღლესთან ერთად მეც შევესწარი ამ მომენტს - და მაშინ დავინახე რას ნიშნავს ნამდვილი გარდა-ცვალება - მარადისობის სამყაროსთან გაერთიანება. ჭაბუა წავიდა - გაუმარჯოს ჭაბუას!, - წერს კაკაბაძე.
მზეჭაბუკი(ჭაბუა) ირაკლის ძე ამირეჯიბი, 1921 წლის 18 ნოემბერს დაიბადა ქ. თბილისში. ქართველი მწერალი, XX საუკუნის ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, რომან „დათა თუთაშხიასა“ და რიგი ნაწარმოებების ავტორია.
დათა თუთაშხია - ჭაბუა ამირეჯიბის ყველაზე განთქმული რომანია, რომელიც 1973-1975 წლებში შეიქმნა. მოქმედება, XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დამდეგს, საქართველოში ხდება. სიუჟეტი აგებულია მწვავე სიტუაციებზე და მრავალ ეთიკურ პრობლემას ეხება. ზოგადად, ჭაბუა ამირეჯიბის პერსონაჟები ქართველი მკითხველის წარმოსახვაში დიდი ხანია ცოცხალ, რეალურ ადამიანებს ედარება. განსაკუთრებით, მისი დათა თუთაშხია, რომელიც თავისი წინააღმდეგობრივი ხასიათითა და ვაჟკაცური ბუნებით, ერთგვარად ეპოქის სიმბოლოდ იქცა.
2010 წლის 15 ოქტომბერს, ბერად აღიკვეცა და სახელად დავითი ეწოდა. მწერლის ფიზიკური მდგომარეობის გამო, ბერად აღკვეცის წესი, ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა, მეუფე სერაფიმემ მისსავე სახლში შეასრულა. როგორც მეუფე სერაფიმემ მაშინ ჟურნალისტებს განუცხადა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის კურთხევით, ჭაბუა ამირეჯიბს ბერი დავითი ეწოდა, წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის სახელი. ბერ დავითს, კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, წერის გაგრძელება შეეძლო. წესის შესრულების შემდეგ, ბერ დავითს ბერული სამოსელი, სკვნილი გადასცეს და ერზე, სამშობლოზე ლოცვის კურთხევა მისცეს.
ბერი დავითი(ჭაბუა) ამირეჯიბი, დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.