ჭარბწონიანობა, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, მსოფლიოში მილიარდზე მეტ ადამიანს აღენიშნება. 21-ე საუკუნეში ბარიატრიულ ლაპაროსკოპიულ ოპერაციებს - „სიცოცხლის გადამრჩენელი“ ოპერაციების სტატუსი მიენიჭა. საქართველოში პათოლოგიურად ჭარბწონიანი და მეტაბოლური სინდრომით დაავადებული უამრავი პაციენტია. მათ შესახებ „პრაიმტაიმთან“ საქართველოში ბარიატრიული ქირურგიის ერთ-ერთი დამფუძნებელი პროფესორი დავით აბულაძე ექსკლუზიურად საუბრობს:
- რამდენად შედეგიანია კუჭის ოპერაციები საქართველოში და როდის დაინერგა პირველად?
- საქართველოში ბარიატრიული ოპერაციების ისტორია 1980- იანი წლებიდან იწყება. თავდაპირველად ქუთაისში დაინერგა და მათ შორის იყვნენ საკმაოდ გამოცდილი ქირურგები. რომლებიც აკეთებდნენ ე.წ. კუჭზე პოლიპროპილენის რგოლის დადებას. კუჭი იღებს ქვიშის საათის ფორმას, რაც გარკვეულწილად აფერხებდა საკვების გადასვლას კუჭიდან, რაც საბოლოოდ თითქმის ყველა შემთხვევაში, იწვევდა წონის კლებას. მაგრამ დაახლოებით წელიწადნახევარში ეს პაციენტები ისევ იმატებდნენ და ზოგჯერ, თავდაპირველ წონასაც კი უბრუნდებოდნენ ეფექტურობა საბოლოო ჯამში არ იყო მაღალი და მსგავსი ოპერაციები არ სარგებლობდა პოპულარობით. 21-ე საუკუნიდან, მთელს მსოფლიოში და საქართველოშიც შეინიშნება ჭარბწონიანობის მატება, რასაც ხელს უწობს ე.წ. „ობესოგენური“ გარემოს შექმნა საზოგადოებაში. ამის მიზეზად შემდეგი ფაქტორები ითვლება - სტრესული გარემო, ციფრული ტექნოლოგიების განვითარების შედეგად გამოწვეული მოსახლეობის ფიზიკური დატვირთვის შემცირება, მაღალკალორიული დაბალხარისხიანი ნახშირწყლოვანი საკვები პროდუქტების გაიაფება და ხელმისაწვდომობა, სწრაფი კვების ობიექტების მომრავლება, მოსახლეობის ეკონომიკური სიდუხჭირე და სხვა. შეიძლება გაჩნდეს კითხვა, თუ მოსახლოების ფინანსურად უჭირს რატომ მატულობს წონაში? პასუხი სწორედ იმაში მდგომარეობს რომ, ამ შემთხვევაში, დღიური კალორაჟის შევსება ძირითადად ხდება იაფფასიანი, უხარისხო ნახშირწყლოვანი პროდუქტებით და ნაკლებია ცილოვანი და ხარისხიანი საკვბი პროდუქტების მოხმარება, რასაც მეტაბოლური სინდრომის ჩამოყალიბებამდე მივყევართ. შეაბამისად 2003 წლიდან ჩვენმა გუნდმა, იტალიელ ქირურგებთან ერთად დავიწყეთ ლაპაროსკოპიული ვერტიკალური გასტროპლასტიკის წარმოება, საკმაოდ კარგი ადრეული შედეგებით, თუმცა ამ ოპერაციებსაც არ მოყვა პოპულარიზაცია არც ჩვენთან და არც მსოფლიოში რადგანაც მოგვიანებით კვლავ აღენიშნებოდათ წონაში მატება და 2006 წლიდან დავიწყეთ კუჭის ლაპაროსკოპიული რეგულირებადი ბანდაჟირების წარმოება, რომელიც ძალზედ პოპულარული იყო მთელს მსოფლიოში, თუმცა მალევე გამოიკვეთა ამ ტიპის ოპერაციების არაეფექტურობა საქართველოს მოსახლეობაში და 2007 წლიდან დავიწყეთ ლაპაროსკოპიული ვერტიკალური რეზექციების წარმოება. მანამდე საქართველოში სხვა კლინიკაში ჩემი კოლეგების მიერ უკვე ტარდებოდა მაშუნტირებელი ოპერაციები.
- რას ნიშნავს კუჭის ბანდაჟირება?
- კუჭის ბანდაჟირებას, რგოლის დადებას ეძახიან. თავიდან იყო - რეგულირებადი რგოლი. ბარიატრიული ოპერაციების ისტორია, 1990 წლებიდან იწყება. თავდაპირველად ქუთაისში დაინერგა და მათ შორის იყვნენ საკმაოდ გამოცდილი ქირურგები. რომლებიც აკეთებდნენ ე.წ. კუჭზე პოლიპროპილენის რგოლის დადებას. კუჭი იღებს ქვიშის საათის ფორმას, რაც გარკვეულწილად აფერხებდა საკვების გადასვლას კუჭიდან ნაწლავში, რაც საბოლოოდ თითქმის ყველა შემთხვევაში, იწვევდა წონის კლებას. მაგრამ დაახლოებით წელიწადნახევარში, ეს პაციენტები ისევ იმატებდნენ და ზოგჯერ, თავდაპირველ წონასაც კი უბრუნდებოდნენ.
- როგორი კვების რეჟიმი ჰქონდათ პაციენტებს ბანდაჟირების შემდგომ და რატომ არ არის ეს ოპერაციები პოპულარული დღეს?
- თავიდან, ძალიან ცოტა ულუფას მიირთმევდნენ, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ხდებოდა ბანდაჟის ჩაზრდა კუჭში, გარკვეული გართულებები, დისკომფორტი, რაც საბოლოო ჯამში წონის მატებას იწვევდა. ამის გამო, პაციენტების უმეტესობა ხშირად იმატებდა წონაში. ეს ოპერაციები აღარც საზღვარგარეთ აღარ არის პოპულარული სწორედ ზემოთაღნიშნული მიზეზების გამო.
- როდის გახდა ეს ოპერაციები უფრო უსაფრთხო და შედეგიანი?
- ლაპაროსკოპიული ქირურგიის განვითარების შემდეგ, პრაქტიკულად, ბარიატრიულმა ქირურგიამ - „მეორედ დაბადება“ ჰპოვა. უფრო შედეგიანი და უსაფრთხო გახდა, რადგან ქირურგიული ტრავმა მცირეა და პაციენტს ადვილად გადააქვს ოპერაცია. მსოფლიოში პირველად ა.შ.შ-ში 1990 წლებიდან დაიწყო . მაშუნტირებელი ოპერაციების ჩატარება, ხოლო 1997 წლიდან კანადაში შესრულდა სახელოსებური რეზექცია, რაც დღეს ყველაზე აღიარებული და შედეგიანი ოპერაციაა.
- რომელი წლებიდან დაინერგა საქართველოში ბარიატრიული ქირურგია?
- როგორც მოგახსენეთ, 1980 წლების შუა ნახევრიდან ღია წესით, ხოლო 2003 წლიდან იტალიელი ქირურგების დახმარებით ლაპაროსკოპიულად, 2006 წლიდან კი - უფრო აქტიურად. თავდაპირველად იყო შუნტირება, რასაც აკეთებდნენ სხვა კლინიკაში.
- და თქვენ პირადად როდის დაიწყეთ ამ ოპერაციების ჩატარება?
- 2006 წლიდან რეგულირებადი ბანდაჟირება რაც მეტად უსაფრთხო ოპერაციაა, მაგრამ შედეგი, 30%-ზე მეტ პაციენტს არ აღენიშნებოდა. ისევ იბრუნებდნენ წონას ან, ხდებოდა ბანდაჟის მოცილება სხვადასხვა მიზეზების გამო. ხოლო 2007 წლიდან კუჭის სახელოსებური რეზექცია.
- რა შემთხვევაში ითვლება პაციენტი პათოლოგიურად ჭარბწონიანად?
- ადამიანის ჭარბოწნიანობის განსაზღვრა ძირითადად ხდება, სხეულის მასის ინდექსის გამოთვლით, რომელიც გამოითვლება ადამიანის წონის გაყოფით სიმაღლის კვადრატზე. ჭარწონიანობა იწყება მას შემდგომ როდესაც ეს ინდექსი აღემატება 25-ს , თუმცა პათოლოგიურად ითვლება როდესაც ინდექსი მაღალია 35-ზე. ოპერაციის ჩვენებად მიჩნეულია ის მდგომარეობები, როცა სხე¬უ¬ლის მა¬სის ინ¬დექ¬სი 40-ს აღე¬მა¬ტე¬ბა, ან არის 32 -ზე მეტი და აღენიშნება მეტაბოლური სინდრომით გამოწვეული სხვადასხვა დაავადებები. თუ სხეულის მასის ინდექსი აღემატება 50-ს ამას ეწოდება სუპერ პათოლოგიური ჭარბწონიანობა.
- რა ხდება ადამიანის ორგანიზმში, როცა დიეტაზეა და მას შემდეგ რაც დიეტას თავს ანებებს?
- თუკი მისი სხეულის მასის ინდექსი, 30-ს აღემატება. შეგახსენებთ, რომ სხეულის მასის განსაზღვრა, წონისა და სიმაღლის მაჩვენებლებით ხდება.
- რა ხდება ადამიანის ორგანიზმში, როცა დიეტაზეა და მას შემდეგ, რაც დიეტას თავს ანებებს?
- საკმაოდ რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ არის ასეთი თეორია - „Set Point Theory“, რომლის მიხედვითაც თავის ტვინში, კერძოდ ჰიპთალამუსში ხდება გარკვეული ნეიროჰუმორალური წონასწორობის ჩამოყალიბება, რითაც რეგულირდება თუ რა რაოდენობის ცხიმოვანი ქსოვილი უნდა იყოს ადამიანის ორგანიზმში და როდის გრძნობს ადამიანი თავს კომფორტულად. ასევე ამ თეორიის მიხედვით როცა ადამიანი დგება დიეტაზე, მატულობს შიმშილის შეგრძნება და ხდება მეტაბოლიზმის შემცირება, რაც არის სწორედ იმ დისკომფორტის და ენერგეტიკული სისუსტის მიზეზი, რომელიც დიეტების დროს აღინიშნება. საპირსპიროდ, როცა ხდება დიეტის შეწყვეტა, შიმშილის შეგრძნება კი ქვეითდება, მაგრამ მეტაბოლიზმი ვეღარ ასწრებს თავდაპირველი ტემპის აღდგენას, ანუ ენერგიის ხარჯვა კვლავ არის შემცირებული. მიღებული კალორიები მეტი ხდება ვიდრე დახარჯული და ხდება გაცილებით მეტი წონის მომატება ვიდრე დაიკლო ადამიანმა დიეტის დროს და უკვე ახალი ბალანსის ჩამოყალიბება. ბარიატრიული ოპერაციები, რომელიც ამ ეტაპზე კეთდება სწორედ მიმართულია იმისკენ, რომ არამარტო მიღებული კალორაჟის რაოდენობა იყოს ნაკლები, არამედ სწორედ ნეიროჰუმორალური მექანიზმები შიეცვალოს ისე, რომ რომ ადამიანი ადვილად დანაყრდეს და ნაკლებად მოშივდეს. შედეგად, ამ ოპერაციის შემდეგ, ავტომატურად ხდება სწორი კვების რეჟიმის ჩამოყალიბება, რაც ნიშნავს ნაკლები რაოდენობის, მაგრამ ხშირად კვებას. დღის განმავლობაში საბოლოო ჯამში ნაოპერაციევი ადამიანი იღებს იგივე სახის კალორიებს, თუმცა ამ კალორიების ხარჯვა გაცილებით უფრო მეტია და ხდება წონაში კლება.
- რამდენად ხშირია საქართველოში ჭარბწონიანების პრობლემა?
- ჭარბწონიანობა, მთელ მსოფლიოში პრობლემად რჩება. ქართველები ნამდვილად არ ვითვლებით განსაკუთრებულ ჭარბწონიანებად. თუმცა ზოგადად უფრო მეტად აღინიშნება ისეთ ქვეყნებში, სადაც ცხოვრების დონე გაცილებით დაბალია. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენთან ცხოვრების რეჟიმი არ არის მოწესრიგებული. რომ შევედაროთ სკანდინავიის ან ბენელუქსის ქვეყნებს, სადაც მეტად არის გაწერილი და დაგეგმილი, ჯერჯერობით ჩვენ მოსახლეობას გაუჭირდება ამ რეჟიმში ცხოვრება.
- როგორც ჩანს პრობლემა, ცხოვრების და კვების არასწორი რეჟიმია...
- რა თქმა უნდა. ეს რეალურად გამომდინარეობს, როგორც ეკონომიური მდგომარეობიდან, ასევე მენტალიტეტიდან. მაგალითად წონის მიხედვით საკმაოდ განსხავდება სამხრეთ და ჩრდილოეთ იტალიის მოსახლეობა, თუ ჩრდილოეთ იტალიაში ჭარბწონიანობა დაახლოებით 5%-ია, სამხრეთ იტალიაში მოსახლეობის 15%-ს აღწევს.
- და როგორი უნდა იყოს სწორი კვების რეჟიმი?
- კვლევებმა დაადგინა, რომ ერთჯერადი კვება სხვადასხვა დროს, არ არის მიზანშეწონილი. ნებისმიერი დიეტოლოგის ქვაკუთხედი, არის კვების რეჟიმი, რასაც მოჰყვება სხვადასხვა სახის შეზღუდვები. კვებას შორის მანძილი, უნდა იყოს არანაკლებ ორი საათი და არაუმეტეს ოთხი საათი. აუცილებელია, დავიცვათ დღე-ღამის განმავლობაში 12 საათიანი შიმშილის პერიოდი. ადამიანი დღეში, უნდა იკვებებოდეს 4-5 -ჯერ.
- რა ცვლილებები ხდება პაციენტის ორგანიზმში ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ?
- ბარიატრიული ოპერაციის ჩატარება, ადამიანებს გარკვეულწილად არა ძალდატანებით, არამედ ნებაყოფლობით აიძულებს დადგეს სწორი კვების რეჟიმზე. ქირურგიული ჩარევის შემდეგ პაციენტების უმეტესობა ივებებიან მთელი დღის განმავლობაში ყოველ სამ საათში ერთხელ ოღონდ გაცილებით მცირე ულუფებით.
შესაბამისად, როცა ადამიანი კლებაში მიდის ენერგიას ხარჯვასაც უმატებს რადგანაც წონის კლებასთან ერთად ხდება რიგი ფსიქოლოგიური და ფიზიკური კომპლექსების მოცილებაც და უმეტესობას ეცვლებათ ცხოვრების წესი მეტად პასიურიდან უფრო აქტიურისაკენ.
- რას ურჩევთ ახალგაზრდებს?
- ახალგაზრდებს არა მარტო ვურჩევ - მივმართავ მშობლებს, ბებიებს. ახლანდელ ახალგაზრდებს, რომლებიც დედობისთვის ემზადებიან! არავითარ შემთხვევაში არ აჭამონ ბავშვებს ძალდატანებით - ჩვილი ასაკიდანაც კი!
- თქვენ პაციენტებს ბავშვობაში ძალით აჭმევდნენ?
- ჭარბწონიანების უმეტესობა, რომელიც მომმართავს, ძირითადი საფუძვლები წინა საუკუნეებიდან მოდის - ჯანმრთელი ადამიანი, განსაკუთრებით ბავშვობაში, აუცილებლად უნდა ყოფილიყო ფერხორციანი, მსუქანი და ლოყაწითელი.
- თუ გამხდარია ბავშვი, არც ამ შემთხვევაში?
- რა თქმა უნდა, არა. გასულ წლებში განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში შეინიშნებოდა ეს ტენდენცია. ერთმა პაციენტმა მომიყვა, ისეთი გამხდარი ვიყავი, ბებიაჩემი შარვალში ბამბებს მიტენიდა, მსუქანი რომ გამოვჩენილიყავიო.
ბავშვი თუ გამხდარი იყო ფიქრობდნენ, რომ ან ჭია ჰყავდა, ან ოჯახის წევრს ტუბერკულიოზი ჰქონდა, ან საჭმლის ფული არ ჰქონდა. სწორედ, ასეთი მანკიერი და ჰომოფობიური დამოკიდებულება ჰქონდათ ადრე. სინამდვილეში, ეს ასე არ არის, არცერთი ცოცხალი ორგანიზმი, შიმშილით თავს არ იკლავს, მათ შორის არც ჩვილი. იკვებება იმდენს, რაც ბავშვს უნდა. თუ უარს იტყვის, არ უნდა დააძალო.
- როცა ბავშვი იმ რაოდენობის საკვებს არ იღებს, რაც აუცილებელია თვლით, პრობლემა არ არის?
- არანაირი პრობლემა, გირჩევთ, არ დააძალოთ. რამდენიმე ხანში თავად მოგთხოვთ. როცა მოშივდება - მხოლოდ მაშინ უნდა აჭამოთ. ბავშვი, თვითონ დაირეგულირებს კვების რეჟიმს. არც ერთი ადამიანი არ იბადება მეტაბოლიზმის სინდრომით, თუ რა თქმა უნდა, დედას არ ჰქონდა პრობლემები - შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის ან ჰორმონალური დაავადება. ყველა ბავშვი, მეტნაკლებად ჯანმრთელი იბადება, ყოველ შემთხვევაში მეტაბოლური სინდრომისგან თავისუფალია. რაც შეეხება კვებას, თუ ცოტას ღებულობს, ესე იგი ცოტა ენერგიას ხარჯავს. არ არის აუცილებელი, ერთი წლის ბავში იყოს, მაგალითად 10 კილო, შესაძლებელია იყოს -7, რადგან ეს, ნორმის ფარგლებშია. არ არის აუცილებელი, ყველა ერთი წლის ბავშვი 11 კილოგრამს იწონიდეს და 3 წლის ბავშვს, ლოყები ჰქონდეს „საჩქმეტი“.
- თქვენს შემთხვევაში როგორ იყო, როგორი ბავშვი იყავით?
- ჩემი თაობის უამრავი პაციენტი მოდის, რომლებიც ამბობენ, რომ მაგალითად, გამხდარი ვიყავი და გლანდების ოპერაციის შემდეგ, წონაში მოვიმატე. ჩემს თაობაში, წონის მატებას, ბევრი აბრალებდა გლანდების ოპერაციას. მათ შორის მეც. გლანდები 5 წლის ასაკში ამომჭრეს, რომ ვიკითხე რატომ გამიკეთეს ოპერაცია, მიპასუხეს, რომ საჭმელს კარგად არ ვიღებდი და ამიტომ ამომჭრეს.
გლანდების ამოჭრა, თუ ტონზილიტის თემა არ არის, არ არის რეკომენდირებული. ეს ძალიან საჭირო ორგანოა და ტყუილად არ უნდა ამოკვეთოდ. თუ ბავშვში 4-5 წლის ასაკში ჭარბი ცხიმი ჩამოყალიბდა, უკვე რთული იქნება მისი მოცილება.
- ორსულობის შემდეგ, ქალების უმეტესობა წონაში იმატებს - რა არსის მიზეზი?
- ეს ძალიან ხშირი შემთხვევაა, ხშირად მოუმართავთ ჩემთვის ქალბატონებს, რომლებიც ბავშვის გაჩენის შემდეგ, ჭარბწონიანები გახდნენ. ბევრი ქალი ვიცი, ვინც შვილი გააჩინა, მაგრამ თავის წონას დაუბრუნდა. მათ შორის არის ჩემი მეუღლე, რომელმაც ოთხი შვილი გააჩინა, მაგრამ დღესაც ფანტასტიკურ ფორმაშია - მისი წონა 50 კილოგრამია, სიმაღლე კი, 1.67 სმ. როგორც ვიცი, ბავშვობაში ცუდად ჭამდა, მაგრამ არავინ არ აძალებდა, რაც მის დღევანდელ წონაზე აისახება.
- იქნებ ჰორმონალური დარღვევები ახდენს გავლენას ?
- ჰორმონალური დარღვევები, არაფერ შუაშია. ქალების უმეტესობა, ორსულობის შემდეგ, ცხოვრების სტილს იცვლის აქტიურიდან პასიურისაკენ. ჰორმონალური დარღვევები რომ იყოს მეორე ბავშვის გაჩენასაც ვერ მოახერხებდნენ. ფაქტია, რომ გათხოვებამდე, უფრო აქტიურ ცხოვრებას ეწეოდნენ. აქედან გამომდინარე, ენდორფინების დეფიციტი არ ჰქონდათ. ხოლო გათხოვების შემდეგ, განსაკუთრებით დიასახლისებს ეხებათ, თავისი თავისათვის ნაკლებად იცლიან, მთლიანად გადართულები არიან ოჯახის, მეუღლის და შვილის მოვლაზე, სახლის საქმეებზე, კვების რეჟიმს უკვე ვეღარ აქცევენ ყურადღებას და ხდება წონაში მატება.
- და რა არის ამის მიზეზი, უმოძრაობა?
- უმოძრაობა იმდენად არა, უფრო ყოველდღიური რუტინა, რომელიც ენდორფინების დეფიციტს ქმნის. სწორედ, აქედან გამომდინარე ჩნდება მოთხოვნილება ტკბილეულზე. ძირითადად, ენდორფინების დეფიციტი იწვევს ტკბილეულზე მოთხოვნილებას და ადამიანი ხდება მასზე დამოკიდებული.
- გვირჩიეთ, როგორ მოვერიოთ ტკბილეულის მოთხოვნას?
- ყველაზე მეტად, აქტიური ცხოვრების წესის დაცვას ვურჩევდი - ფეხით სიარული, ვარჯიში, ცურვა, აქტიურად ჩართვა სოციალურ ცხოვრებაში.
- მამაკაცების წონასთან დაკავშირებულ პრობლემებზე რას გვეტყოდით?
- რაც შეეხება მამაკაცებს, ცოლის შერთვის და დაოჯახების შემდეგ, მათი დიდი ნაწილიც იმატებს წონაში. ისეთ რეჟიმზე გადადიან, რომ მათი ენერგიის ხარჯვა, ნაკლებად ხდება. მაგრამ არიან მამაკაცები, რომლებიც ძველი, აქტიური სტილით ცხოვრებას აგრძელებენ და ამით ინარჩუნებენ წონას. ფიზიოლოგიურად, წონის მომატება 30-დან 60 წლის ასაკამდე მიმდინარეობს, რომლის დროსაც, როგორც არ უნდა მოვიქცეთ, ჩვენი მასა მაინც მატულობს, რაც ხდება, ძვლოვანი და კუნთოვანი მასის მატების ხარჯზე.
- ქართველებისთვის დამახასიათებელია პურის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული. ესეც ხომ არ არის ჭარბწონიანობის ერთ-ერთი მიზეზი?
- რაც შეეხება პურს, საქართველოში, ყოველთვის მნიშვნელოვანი საკვები იყო და დღესაც არის. რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე იაფი საკვებია. ცილოვანი საკვები კი, გაცილებით ძვირი ჯდება. ამიტომაც ხდება ძირითადად, დიდი რაოდენობით პურის მიღება.
- საქართველოს რომელ კუთხეში აღინიშნება ყველაზე მეტად ჭარბწონიანობა?
- ჩემი პაციენტების უმეტესობა, დასავლეთ საქართველოდან არის. ეს არის იმერეთი და სამეგრელო, სადაც მეცხოველეობა, ნაკლებად იყო და არის განვითარებული. იმერელი გლეხი, ძირითადად რძის პროდუქტებით, პურით და კარტოფილით იკვებება. რაც შეეხება აღმოსავლეთის მხარეს - ქართლი, კახეთი, აქ მეტად არის განვითარებული მეცხოველეობა, ამიტომ ნაკლებად შეხვდებით ჭარბწონიან ადამიანებს. ისინი უფრო მეტ ცილებს მოიხმარენ, ვიდრე ნახშირწყლებს. ასეთი გეოგრაფიული სხვაობები, ნათლად გვიჩვენებს ჭარბწონიანობის მიზეზებს - ტრადიცია, გენეტიკა.
- მსოფლიოს რომელი ქვეყნებია ცნობილი ჭარბი წონის ადამიანებით?
- ჭარბწონიანობა, არ არის მაღალგანვითარებული, სოციალურად განვითარებული ერების დაავადება. ეს არის, ეკონომიკურად განვითარების ფაზაში მყოფი ერების დაავადება.
როცა ამბობენ, რომ აშშ-ში არიან ჭარწონიანი ადამიანები, მიაქციეთ ყურადღება, ვინ არიან ეს ადამიანები? არც ერთი არ არის ბიზნესმენი, კონგრესმენი ან სხვა თანამდებობის პირი. ჭარბი წონა, უფრო უმუშევარი ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი. ყველაზე ნაკლები ჭარბწონიანი ადამიანები, ინგლისში არიან, რადგან მათი კვების რეჟიმი, ეროვნულ ტრადიციაში ზის. მათ თავიანთი კვების სისტემა და ტრადიცია აქვთ. აზიაშიც გლობალიზაციამ უკვე დაარღვია კვების რიტუალები და მოიმატა ჭარწონიანთა რაოდენობამ. . ყველაზე მეტი ჭარბწონიანი ადამიანი აშშ-შია. ბრაზილიაში, წელიწადში 280 000-მდე ბარიატირული ოპერაცია კეთდება, ამერიკაში - 220 000, იტალიაში - 42 000, საფრანგეთში - 30 000, რუსეთში - 3 000, რადგან, რუსეთში ამ სახის ოპერაციები, ჯერ არ არის კარგად გავითარებული. ჩვენთან მეტად არის, რადგან სახელმწიფომ, გასულ წლებში დიდი როლი ითამაშა ფინანსდებოდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მაგრამ ნოემბრის თვიდან ბარიატრიული ქირურგიის დაფინანსება ჯანმრთელობის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან სრულად ამოიღო და დატოვა მხოლოდ ნაწიობრივი დაფინანსება რეფერალურ პროგრამაში სოციალურად დაუცველებისათვის და ბუფერული ზონის მაცხოვრებლებისათვის.
- რამდენი ოპერაცია ტარდება საქართველოში წლიურად?
- საქართველოში, შარშანდელი სტატისტიკით - 1100 ოპერაცია ჩატარდა, რაც სამი მილიონი მოსახლეობისთვის, რეალურად ბევრი არ არის. ჩვენ გვყავს, დაახლოებით 20-30 000 ჭარბწონიანი ადამიანი და ამიტომ ეს რიცხვი, ძალიან მცირეა. წელიწადში, დაახლოებით 3 000-მდე ოპერაცია უნდა კეთდებოდეს. ფაქტია, რომ ჯანდაცვის სისტემა ექიმების მხრიდან ცდილობს ამ პრობლემას ეფექტურად ებრძოლოს, თუმცა სახელმწიფო ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებს ჩვენს გვერდით სრულყოფილად დგომას.
- რა პრობლემების გამო იკეთებენ ოპერაციებს და რამდენედ სარისკოა?
- ამ ოპერაციის ძირითადი მიზეზი, მხოლოდ დისკომფორტი არ არის. ეს არის დაავადება. ოპერაციები, მხოლოდ იმ შემთხვევაში კეთდება, როდესაც ჭარბწონიანობა ისეთ დაავადებებს ან/და მდგომარეობას იწვევს, რომლებიც სიცოცხლისთვის საშიშია და ადამიანს ისეთი კატასტროფის განვითარება როგორიცაა ინსულტი, თრომბოემბოლია ან მიოკარდიუმის ინფარქტი, შემთხვევათა 30%-ში ემუქრება უახლოეს პერიოდში. . ოპერაციის გართულების რისკი მხოლოდ 3%-ია. აქედან გამომდინარე, 10-ჯერ ნაკლებია ოპერაციის რისკი, ვიდრე ამ წონაზე დარჩენა. ამ ეტაპზე, საქართველოში დაახლოებით 20 000-მდე ჭარბწონიანი ადამიანია, რომელსაც თუ ოპერაცია არ ჩაუტარდათ, მათი 30%, რისკის ქვეშ არიან - აქვთ შანსი, რომ დაიღუპონ კარდიოვასკულარული ან ნევროლოგიური მწვავე გართულებებით.
- რა თანხას იხდის პაციენტი ოპერაციაზე?
ქართველი მოსახლეობისთვის, საკმაოდ ძვირ ოპერაციად ითვლება. თუ არ ჩავთვლი ევროპის ფასებს, რადგან იქ, გაცილებით ძვირია. თუ საქართველოში, ეს ოპერაცია დაახლოებით 11 500 ლარამდე ჯდება, ევროპაში მისი ღირებულება - 20 000 ევრომდე აღწევს.
- დღეში, რამდენ ოპერაციას ატარებთ?
დღეში, დაახლოებით 2-3 ოპერაციას ვაკეთებ. თუ აქამდე სახელმწიფო აფინასებდა ოპერაციას, ამ ეტაპზე, დაფინანსება მოგვიხსნეს და თავისთავად, პაციენტების რაოდენობაც შემცირდა. სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების შეჩერება, თავისთავად პაციენტების რაოდენობასაც შეამცირებს, რაც სავარაუდოდ, დიდ პრობლემებს გამოიწვევს, კერძოდ სუპერ პათოლოგიური ჭარბწონიანობის შემთხვევაში ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს ინფარქტი, ინსულტი ან თრომბოზი და შესაბამისად მოხდეს მათი ნაადრევად გარდაცვალებაც.
- რამდენ ხანს მიმდინარეობს და რა ტიპის ოპერაცია უტარდება პაციენტს?
ოპერაციის ხანგრძლოივობა დაალოებით 1,5 – 2 საათი გრძელდება. პაციენტს უტარდება ქირურგიული ოპერაცია - ლაპაროსკოპია, კეთდება ორი ტიპის - სახელოსებური რეზექციის და მაშუნტირებელი ტიპის ოპერაციები, რომლის დროსაც ხდება არა კუჭის მოჭრა, არამედ კუჭის გადაკვეთა და წვრილი ნაწლავის მიერთება საყლაპავთან ახლოს. ამ ოპერაციის შემდეგ, პაციენტი ცოტას იკვებება და შესაბამისად, ნაკლებად შეერგება.
- ყველაზე ჭარბწონიანი ადამიანი, ვისაც ოპერაცია ჩაუტარეთ...
ყველაზე ჭარბწონიანი პაციენტი - 345 კილოგრამს იწონიდა, რომელმაც ოპერაციამდე, მოსამზადებელი პერიოდი გაიარა და დიეტის შედეგად, 40 კილოგრამი დავაკლებინეთ. ყველა პაციენტი, ოპერაციის შემდეგ ახლიდან იბადება - ეცვლება ხასიათი, ხდება უფრო კონტაქტური და აქტიური.
შეგახსენებთ, რომ დავით აბულაძეს ჰყავს მეუღლე, ხათუნა გარდაფხაძე და ოთხი შვილი. უყვარს ხელოვნება, ისტორიული წიგნები, ფეხბურთი, ბილიარდი, მოგზაურობა, ბუნება, კლასიკური მუსიკა. მისი საყვარელი ფრაზაა: - „არ ინერვიულოთ, ყველაფერი კარგად იქნება”.
პროფესორი დავით აბულაძე, რომელიც საქართველოში ცნობილია როგორც ბარიატრიული ქირურგიის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი, ხმელთაშუა ზღვის და ახლო აღმოსავლეთის ენდოსკოპისტ ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი და მედიცინის დოქტორია. თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტისა და „ჯიპას” დამთავრების შემდეგ, მან საფუძვლიანი სპეციალიზაცია გაიარა ბაზისურ ლაპაროსკოპიაში ამერიკაში, ჯორჯიის შტატში, ატლანტის სამედიცინო ცენტრში (პროფესორი ჯორჯ ლუკასი) და იტალიაში მოდენას სანტ-აგოსტინოს ჰოსპიტალში (პროფესორი – ჯანლუიჯი მელოტი) – მაღალტექნოლოგიურ ლაპარასკოპულ ქირურგიაში. ასევე, გავლილი აქვს სტაჟირების კურსები ბარიატრიულ ქირურგიაში ისრაელში, რაბინის სამედიცინო ცენტრის ბელინსონის ჰოსპიტალში და კოლორექტალურ ლაპაროსკოპიულ ქირურგიაში – ინგლისში, პორტსმუტში, დედოფალ ელისაბედის ჰოსპიტალში. მას ეკუთვნის პირველი საკანდიდატო დისერტაცია საქართველოში ლაპაროსკოპიულ ქირურგიაში. ასევე არის - 84 სამეცნიერო ნაშრომისა და საერთაშორისო სამედიცინო პრესაში დაბეჭდილი 33 სტატიის ავტორი. თანაავტორი უნიკალური წიგნისა: „ლაპაროსკოპიული ქირურგია”, რომელიც პირველად გამოიცა ქართულ ენაზე. დავით აბულაძეს ყოველწლიურად, მრავალ საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესსა და სიმპოზიუმში მონაწილეობა უწევს, რომელთა მსვლელობის დროს, საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, მუდმივად ახლის ძიებასა და ათვისებაშია.