„ისეთი რბილი ხასიათი აქვს - ჭიანჭველასაც არ დაადგამს ფეხს!“ - .ქართველი ჰალკი ბათუმში დაჭრლ პოლიციელზე

17:40 12-23-2019
27124

მიმდინარე წლის 18 დეკემბერს, ბათუმში, უნობმა პირმა საპატრულო ეკიპაჟის წევრები ოთარ თავართქილაძე და ავთანდილ მჟავანაძე გააჩერა და პატრულ-ინსპექტორ და ამავე დროს, საქართველოს მკლავჭიდელთა ნაკრების წევრ თავართქილაძეს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა.

width=600

როგორ „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, დაჭრილი პატრულის ახლო მეგობარია „პლანეტის ყველაზე ძლიერი“ ჩემპიონი მკლავჭიდში, ლევან საგინაშვილი. ის ჩვენ ოთარ თავართქილაძის შესახებ გვიყვება: 

- ოთარი ძალიან კარგი სპორტსმენია, ადრე მოჭიდავე იყო, მაგრამ რამდენიმე წლის წინ მკლავჭიდში გადმოვიდა. ძალიან წარმატებული სპორტსმენი და მკლავჭიდის ფედერაციის ნაკრების წევრია. რამდენჯერმე, საქართველოს ჩემპიონი და ასევე,  ბათუმის საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული იყო. ძალიან ძლიერი და წარმატებული სპორტსმენია. 

width=600

- დიდი ხანია მეგობრობთ?

- რაც მკლავჭიდის ფედერაციაში გადმოვიდა, მას შემდეგ ვმეგობრობთ - დაახლოებით ათი წელია. ოთარი აჭარიდან არის, ბათუმში ცხოვრობს და ამის გამო, ხშირად ვერ ვხვდებით ერთმანეთს, მაგრამ ტელეფონით, ყოველთვის გვაქვს კონტაქტი. სანამ დაჭრის ფაქტი მოხდებოდა, რამდენიმე საათით ადრე დამირეკა და დიდხანს ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე. 

- რა გეგმები აქვს ოთარს, ისევ არის მკლავჭიდით დაკავებული?

- როგორც ვიცი, საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადებოდა. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე მოქმედი სპორტსმენია.

- რას გამოარჩევდი მისი პიროვნული თვისებებიდან? 

- ძალიან რბილი ხასიათი აქვს - ჭიანჭველასაც არ დაადგამს ფეხს. 

- რა იცი მისი დაჭრის შესახებ?

- როგორც ვიცი, უცნობმა ადამიანმა პატრულის მანქანა გააჩერა და სანამ მანქანიდან გადმოვიდოდა, მოულოდნელად დაესხა თავს და ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა.

- შენი აზრით, რატომ ვერ შეძლო საქართველოს ჩემპიონმა თავდამსხმელის მოგერიება?

- შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა მანქანიდან გადმოდიოდა. როგორც ჩანს, არ ელოდა - მოულოდნელად დაარტყა დანა. ოთარს, მანქანიდან გადმოსვლა რომ მოესწრო, ეჭვიც არ მეპარება მოიგერიებდა, ძალაინ ძლიერი ბიჭია, აუცილებლად მოერეოდა.

width=600 

- თუ გაქვს ინფორმაცია, რა იყო დაჭრის მიზეზი?

- როგორც ამბობენ, იმ პიროვნებას უთქვამს - ამ „სისტემის“ წინააღმდეგი ვარო და ამიტომაც დაჭრა.  

- როგორია ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და რას უსურვებდი ჩემპიონს?

- მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. გუშინ ველაპარეკე სკაიპით. უჭირს საუბარი, მაგრამ აზროვნება და წერა შეუძლია. მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!

დარწმუნებული ვარ, რომ მალე გააგრძელებს თავის პროფესიულ საქმიანობას, მკლავჭიდსაც დაუბრუნდება და ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად, კიდევ ბერჯერ იბრძოლებს. 

width=600

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა, მიმდინარე წლის 18 დეკემბერს, ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ „პლაზასთან“ მოხდა. უცნობმა მოქალაქემ საპატრულო ეკიპაჟის წევრები ოთარ თავართქილაძე და ავთანდილ მჟავანაძე გააჩერა. მოულოდნელად აღნიშნულმა პირმა პატრულ-ინსპექტორ თავართქილაძეს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი პოლიციელის მეწყვილემ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზევე დააკავა. დაკავებისას, ბრალდებულმა მჟავანაძესაც მიაყენა ფეხის არეში მსუბუქი ჭრილობა.როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი „პრაიმტაიმს“ უყვება, მამაკაცმა გზად მოძრავი საპატრულო ეკიპაჟი გააჩერა, რის შემდეგაც, ის მანქანიდან გადმოსულ პოლიციელს, მოულოდნელად თავს დაესხა.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული პირი დაკავებულია. იგი პოლიციელის მეწყვილემ, ადგილზე აიყვანა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, მინისტრის პირველ მოადგილე კახა საბანაძესთან და აჭარის რეგიონის პოლიციის ხელმძღვანელებთან ერთად, ბათუმში დაჭრილი პატრულ-ინსპექტორი მოინახულა. ვახტანგ გომელაურმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის - ოთარ თავართქილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ინფორმაცია, ექიმებისგან პირადად მოისმინა. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციაზე ან, ხელისუფლების წევრზე თავდასხმას გულისხმობს.

ოთარ თავართქილაძე, რომელიც მკლავჭიდში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონია, სხვადასხვა დროს სხვადასხვა წონით კატეგორიაში ასპარეზობდა - ძირითადად 70-75 კგ-ში.

ავტორი: რუსა ღვანიძე