„ცნობილი უცნობი ვარ“ - რამ გაანაწყენა ფილმ „რეკორდის“ გმირი ჯოტია ცაავა

19:32 01-14-2020
128919

ცნობილი რეჟისორის გურამ­ პატარაიას სატელევიზიო მხატვრული ფილმი „რეკორდი, 1973 წელს გამოვიდა ეკრანებზე.

ფილმის რეჟისორს, მისი გადაღების იდეა ჩეხი მწერლის, კარელ ჩაპეკის მოთხრობის წაკითხვის შემდეგ დაბადებია, თუმცა სცენარში,­ ჩაპეკის ნაწარმოებიდან მხოლოდ „ქვა“ მოხვდა, სიუჟეტი კი სამეგრელოში ჯოტია ცაავასა და მშვენიერი შოუს სიყვარულის ფონზე განვითარდა.

„პრაიმტაიმი“ ჯოტია ცაავას როლის შემსრულებელ კობა ღვინიაშვილს დაუკავშირდა და ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა:

- სად მოღვაწეობს „ჯოტია ცაავა“?

რამდენიმე წელია ტელევიზია „პირველი არხზე“ ვმუშაობ - მოძრავი სატელევიზიო სადგურის ბრიგადის წევრი ვარ. მყავს მეუღლე და ერთი შვილი. 

- ძალიან საინტერესო როლი გქონდათ, დღემდე ახსოვხართ საზოგადოებას...

ცნობილი უცნობი ვარ, ეკრანიდან შეიძლება მიცნობენ, მაგრამ პირადად არავის ვახსოვარ, რაც ძალიან გულდასაწყვეტია.

width=600

როგორ მოხვდით ფილმში არაპროფესიონალი მსახიობი?  

შემთხვევით მოვხვდი ფილმში. გურამ პატარაიამ ბათუმში აღმომაჩინა. მივლინებაში ვიყავი, ერთ-ერთ გადაცემაზე ვმუშაობდით. კარგად ვიცნობდი გურამს და ფილმში გადაღება შემომთავაზა. 

- კურიოზებით სავსე გადაღების პროცესი...

ფილმის გადაღება ეს ხომ მთლიანად კურიოზი იყო. დურუ ხუნჭუას გმირს ძირითადად გადაღებებზე ვხვდებოდი. 

width=600 

- რას გვეტყოდით შოუზე?

შოუ, მსახიობი არ იყო - სოფელ დიდი ჭყონის მეურნეობის დირექტორის მოადგილის ქალიშვილი იყო. სწორედ იქიდან მოხდა მისი აყვანა. ფილმში პროფესიონალი მსახიობები, მხოლოდ გოვენ ჭეიშვილი (ხუტა), მანუჩარ შერვაშიძე (დურუ) და  ევა ხუტუნაშვილი (ცუცა) არიან.

width=600

- ფილმის რომელიმე მონაწილეს ხვდებით?

არა, არავისთან არ მაქვს შეხება.

- ამ ფილმის გარდა, გქონდათ სხვა შემოთავაზებები?

ფილმის გადაღების დროს, 26 წლის ვიყავი. მას შემდეგ, არც ერთ ფილმში აღარ მიმიღია მონაწილეობა. ცოტა ნაწყენიც ვიყავი, ჰონორარი არ გადამიხადეს იმდენი, რასაც დამპირდნენ. სავარაუდოდ, ფინანსური პრობლემები შეექმნათ და ვერ გადამიხადეს. შევცდი, რომ კონტრაქტს ხელი არ მოვაწერე. 

width=600

შეგახსენებთ, რომ „ქართული სატელევიზიო ფილმების სტუდია“, გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს, საქართველოს ტელევიზიაში შეიქმნა. სწორედ ამ სტუდიაში შეიქმნა გურამ პატარაიას „რეკორდი, რომელიც მიუხედავად ფილმის კომედიური ჟანრისა, მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრ ედუარდ შევარდნაძეს სატირად აღუქვამს და ცენტრალურ კომიტეტში ოფიციალურად დაუყენებია საკითხი - ფილმი „რეკორდი ბიუროზე განეხილათ.

ფილმის ავტორებმა გურამ პატარაიამ და ამირან ჭიჭინაძემ, ცნობილი ჩეხი მწერლის მოთხრობა, ქართულ ყოფას მუსადაგეს. „მსოფლიო რეკორდს ბირთვის ტყორცნაში“ სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში ამყარებდნენ. ფილმის გმირს, ჯოტია ცაავას მხოლოდ მაშინ შეუძლია დაამყაროს რეკორდი, როცა მას აგინებენ. 

width=600

ფილმის გადაღება 1972 წელს დასრულდა, თუმცა საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა დაიწუნა - „რა გინდათ ამით თქვათ, რომ ასეთი უვიცი მილიცია გვყავსო“ და ფილმი თაროზე შემოიდო. ეს ამბავი ედუარდ შევარდნაძის ყურამდე მივიდა... ის ფილმის შინაარსით დაინტერესდა. მალე „რეკორდი შუა აზიაში სატელევიზიო ფილმების მეექვსე საკავშირო ფესტივალზე გაუშვეს, საიდანაც პრიზით დაბრუნდა. 

width=600

 „რეკორდი“, 1975 წლის სატელევიზიო ფილმების მე-6 საკავშირო ფესტივალის პრიზის მფლობელია. 

ავტორი: რუსა ღვანიძე