77 წლის ლეგენდარულმა რეჟისორმა, გასულ წელს, ახალი დოკუმენტური ფილმი გადაიღო, რომელიც აშშ-ში მცხოვრები ემიგრანტი იტალიელი მუსიკოსების შესახებ მოგვითხრობს. ფილმში „The Oratorio“, რომლის პრემიერა 23 იანვარს სანტა ბარბარას ფესტივალზე გაიმართა, მონაწილეობას ქართველი სოპრანო სალომე ჯიქია იღებს. „პრაიმტაიმი“ მომღერალთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ:
- საკმაოდ ცნობილი მომღერალი ხართ, მაგრამ საქართველოში ნაკლებად გიცნობენ... როდის დაიწყეთ სიმღერა?
ბავშვობიდან, ფორტეპიანოს განხრით ვსწავლობდი. ამის შემდეგ, თბილისის კონსერვატორიაში ჩავაბარე, როგორც პიანისტმა და პარალელურად, სიმღერა დავიწყე, ფაქტიურად, 21 წლის ასაკში. საკმაოდ გვიან მომიწია ევროპაში წასვლა, ამიტომ პირველი მასტერკლასი, რომში, სანტა ჩეჩილიას აკადემიაში, ლეგენდარულ მომღერალ რენატა სკოტოსთან გავიარე. სწორედ აქედან დაიწყო ჩემი ევროპული კარიერა. წარმატება, სწრაფად არ მოსულა, რთული ეტაპები გავიარე. ამჟამად 33 წლის ვარ.
- სად გქონდათ დებიუტი?
პირველი წარმატებული სპექტაკლი, როსინის სახელობის საოპერო ფესტივალის გახსნა იყო, საიდანაც დაიწყო ჩემი აქტიური მოღვაწეობა. იტალია იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საოპერო სამყაროში კარი გამიღო. იტალიელმა სოპრანომ, რენატა სკოტომ ერთ-ერთი კონცერტის დაწყების წინ, კულისებში შემოვიდა და მითხრა - „თქვენი ტალანტის მჯერა და მინდა, რომ ხელი შეგიწყოო“. ეს ჩემთვის, ძალიან დიდი სტიმული იყო. ასევე ძალიან დამეხმარა ფინანსურად, მისი მეგობარი ქალბატონიც, რომელიც ქველმოქმედებას ეწეოდა. ეს ყველაფერი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადაგან ევროპაში ცხოვრება, არც ისე იოლია. ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული და ეს პრობლება, გარკვეულწილად მოხსნილი მქონდა.
- რამდენიმე წლის წინ გამოჩნდით პირველად ოპერის სცენაზე, რა იყო მიზეზი?
დიდი ხნის განმავლობაში, არ ვჩანდი ოპერის სცენაზე, რადგან საჩემო რეპერტუარი არ ჰქონდათ. ჩემი რეპერტუარი მოცარტის და როსინის ნაწარმოებებია, რომელიც საქართველოში ნაკლებად იდგმება. ვისურვებდი, ხშირად დადგან ამ ტიპის რეპერტუარი, რადგან ნებისმიერ მუსიკოსს ზრდის, რომელიც მრავალფეროვნებისთვის და ასევე მსმენელითვისაც, სასიხარულო ამბავი იქნება.
- სად შედგა თქვენი საოპერო დებიუტი?
ჩემ პირველ საოპერო რეპერტუარს მაშინ შევეხე, როდესაც რეჟისორმა დავით საყვარელიძემ, მოცარტის „მითრიდატე, პონტოს მეფე” დადგა. ეს იყო ჩემი პირველი დებიუტი, რომელიც რუსთაველის თეატრში შედგა, რადგან ზ. ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. ამის შემდეგი დებიუტი, სამი წლის წინ შედგა, როცა ჯუზეპე ვერდის „ტრავიატაში“ ვიოლეტას პარტია შევასრულე.
- ამ ეტაპზე სად მოღვაწეობთ?
მიწვევები მაქვს სხვადასხვა ქვეყნებში, მაგრამ ჩემი მდგომარეობის გამო, ჯერჯერობით ვერ ვახერხებ წასვლას. ერთ თვეში პატარას დაბადებას ველოდები და ფეხმძიმობის გამო, რამდენიმე კონტრაქტის გაუქმება მომიწია. მაგრამ დაგეგმილი მაქვს კონცერტები ვენაში, მიუნხენში, შვეიცარიაში, რასაც აუცილებლად განვახორციელებ.
- როგორ მოხვდით მარტინ სკორსეზეს დოკუმენტურ ფილმში?
ამ ფილმზე მუშაობა, შარშან მიმდინარეობდა. ჩემმა მენეჯერმა მითხრა, რომ კალიარის თეატრს სჭირდებოდა სოპრანო, რომელსაც მრავალფეროვანი რეპერტუარის შესრულება შეეძლებოდა. არჩევანი, ჩემზე გაკეთდა. ეს, ნამდვილად იტალიური მხარის დამსახურებაა. ძალიან საპასუხისმგებლო პროექტში მომიწია მონაწილეობა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მათ, რადგან ასეთი მნიშვნელოვანი როლი შემომთავაზეს უცხო ქვეყნის მომღერალს. ამ პროექტით, ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ.
- სად მიმდინარეობდა ფილმის გადაღებები?
კალიარის თეატრში, მთელი გადამღები ჯგუფი ჩამოვიდა და აქ მიმდინარეობდა გადაღებები. ამის შემდეგ კი ნიუ-იორკის წმ. პატრიკის ტაძარში ჩაწერეს. სწორედ, ეს კონცერტი მოხვდა ამ დოკუმენტურ ფილმში, რომელიც ეხება ემიგრანტების როლს, ამერიკული კულტურის განვითარებაში. ეს იყო პირველი ემიგრანტი მარიამ მარი ბრანი, რომელმაც 200 წლის წინ, სწორედ ამ ეკლესიაში გამართა პირველი კონცერტი. მარტინ სკორსეზესთვის ამ ტაძარს დიდი დატვირთვა აქვს, რადგან ბავშვობაში, სწორედ ამ ტაძარში, ბიჭუნათა გუნდში მღეროდა. ამ პროექტში მკვლევარებიც კი ჩაერთნენ, რადგან 200 წლის წინ ამერიკელების მიერ მოსმენილი რეპერტუარი აღედგინათ.
- სკორსეზეს შეხვდით პირისპირ?
სამწუხაროდ, პირადად არ შევხვედრივარ, მაგრამ ხშირად, მის პროფესიონალურ გუნდს ვხვდებოდი, უამრავი ინეტერვიუც კი აიღეს ჩემგან.
- თქვენი მეუღლეც მუსიკოსია?
ჩემი მეუღლე გიორგი მორჩილაძეა, რომელსაც მუსიკასთან არანაირი შეხება არ აქვს, მაგრამ სამაგიეროდ, არაჩვეულებრივი მუსიკალური გემოვნება და შეფასების უნარი აქვს. ძალიან მიწყობს ხელს, ჩემი დიდი გულშემატკივარია - არც ისე იოლია მომღერლის ქმრობა.
ერთმანეთს ბავშვობიდან ვიცნობდით. საშუალო სკოლაში, სადაც ვსწავლობდი, ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს. წლების შემდეგ, მეგობრების საშუალებით აღვადგინეთ ურთიერთობა და ძალიან სწარაფად მოხდა ჩვენს შორის სიყვარულის „აფეთქება“.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის კინოაკადემიის ოსკარის მფლობელი რეჟისორი, მსახიობი, მწერალი და პროდიუსერი მარტინ სკორსეზე (Martin Scorsese), მსოფლიო კინოსამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რეჟისორია, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში არაერთი გახმაურებული ფილმი გადაიღო.
ფილმში „The Oratorio“ მარტინ სკორსეზი,1826 წლის ერთი სპექტაკლის ისტორიაზე მოგვითხრობს, რომელმაც იტალიის ოპერის შემოღებით, სამუდამოდ შეცვალა ამერიკის კულტურული ლანდშაფტი ახალი სამყაროსკენ.
ორიგინალური „ორატორიო“ სკორსეზეს ბავშვობის ეკლესიაში გაიმართა, რომელმაც მოიცვა ემიგრანტების თანმიმდევრული ტალღები, თითოეულ თაობასთან. ეს წყალგამყოფი მოვლენა, ისტორიაში თითქმის 200 წლის განმავლობაში იყო დაკარგული, მაგრამ ახლა ორატორიო გამოისყიდა და ხელახლა დაგა, სტუმრად მყოფმა იტალიურმა საოპერო კომპანიამ... „ძველი ისტორიისა და ახალი ისტორიული გზაჯვარედინისთვის, ეს ადგილი, მხოლოდ ისტორიების სუნთქვაა და დიდხანს დავიწყებული ცხოვრებით ცხოვრობს ”.- მარტინ სკორსეზე.