3 წლის საბა რუხაძის მამის სკანდალური ინტერვიუს „ჯო ენის სამედიცინო ცენტრი“ ეხმიანება

18:28 01-28-2020
452

ჯო ენის სამედიცინო ცენტრი 3 წლის საბა რუხაძის მამის ინტერვიუს ეხმიანება, რომელიც „პრაიმტაიმზე“, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.

სამედიცინო ცენტრის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„ჯო ენის სამედიცინო ცენტრი ეხმიანება „პრაიმტაიმის“ წერილში მოყვანილ ფაქტებს და აცხადებს, რომ მოქალაქე დავით რუხაძის განცხადებები არსებითად მოკლებულია საფუძველს და ადგილი აქვს ფაქტების უხეშ დამახინჯებას.

გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ პაციენტ საბა რუხაძის კლინიკური მდგომარეობა ჯო ენის სამედიცინო ცენტრში შეფასებულია მხოლოდ ერთხელ, 2018 წლის სექტემბერში. მას შემდეგ, მიუხედავად მშობლებისთვის არაერთხელ სხვადასხვა ფორმით შეთავაზებისა, პაციენტი ჩვენს კლინიკაში არ მოუყვანიათ.

არ შევდივართ პოლემიკაში მკურნალობის ფინანსურ მხარესთან დაკავშირებით, რამეთუ მშობლის მიერ გადმოცემული მოსაზრებები საერთოდ არ შეესაბამება რეალობას.

უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია, ნებით თუ უნებლიედ, არ მოხდეს ბავშვისათვის საჭირო სამედიცინო დახმარების გაწევის დაგვიანება. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ მიუხედავად საკითხის არასწორი ინტერპრეტაციისა, თავს ვალდებულად ვთვლით, ნებისმიერ დროს, მომართვის შემთხვევაში, კარდიოლოგიური პროფილის ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება გავუწიოთ პაციენტ საბა რუხაძეს. აქვე დავძენთ, რომ სამედიცინო მომსახურების მიღება შესაძლებელია მშობლებისათვის მისაღებ სხვა კლინიკებშიც.

ჯო ენის სამედიცინო ცენტრი. შენთვის, შენი გულისთვის“ - წერს „ჯო ენის“ ადმინისტრაციული გვერდი.

შეგახსენებთ, რომ 3 წლის საბა რუხაძეს, სასწრაფოდ სჭირდება გულის ურთულესი ოპერაცია. ამისთვის საჭიროა მისი საზღვარგარეთ მკურნალობა.

საბას მამა დავით რუხაძე სააგენტო „პრაიმტაიმს“ დაუკავშირდა და მისი შვილის ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით ესაუბრა.

მისი ინფორმაციით, ბავშვს სასწრაფო ოპერაცია სჭირდება, რაც გარკვეულ თანხებთან არის დაკავშირებული, რისი საშუალებაც ოჯახს არ გააჩნია. დავით რუხაძე შვილის სიცოცხლის გადარჩენის მიზნით, საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.

ავტორი: რუსა ღვანიძე