როგორ უმკლავდებოდნენ წლების განმავლობაში სხვადასხვა ვირუსებს - კარანტინის ისტორია

12:16 02-03-2020
260

დაავადებების გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად დიდი ხანია იყენებენ კარანტინს. ტერმინი კარანტინი გაჩნდა მე-14 საუკუნეში, როდესაც ეპიდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით იზოლაციის ეს ხერხი პირველად გამოიყენეს.

მე-14 საუკუნეში, ევროპაში ჭირის ეპიდემია გავრცელდა. ვენეციაში შემოიღეს წესი, რომლის მიხედვით პორტში ჩასული გემები 40 დღის განმავლობაში იზოლირებული იყო. ამ პრაქტიკას „quarantino“-ს უწოდებდნენ - ანუ „საკარანტინოს“.

უცნობია, თუ რატომ შეარჩიეს ეს ტერმინი, ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის მედიცინის პროფესორი მარკ ჰარისონი. მისი თქმით, შესაძლოა იდეა მოდის ახალი აღთქმიდან, რომლის მიხედვით იესომ 40 დღე უდაბნოში გაატარა.

დროთა განმავლობაში საკარანტინო პერიოდი შემცირდა, თუმცა ეს პრაქტიკა კვლავ მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაავადების გავრცელების პრევენციის კუთხით.

ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ცნობილი კარანტინის მაგალითია დიდი ბრიტანეთის სოფელი იმი, სადაც შავი ჭირი იყო გავრცელებული. 1665 წელს სექტემბრიდან დეკემბრამდე სოფელში 42 ადამიანი გარდაიცვალა.

1666 წლის ივნისში, ახლად დანიშნულმა მღვდელმა უილიამ მომპესონმა გადაწყვიტა სოფელში კარანტინი გამოეცხადებინა. მან მრევლს განუცხადა, რომ სოფელი უნდა ჩაკეტილიყო - სოფელი არავის უნდა დაეტოვებინა და არც უნდა შესულიყო.

კარანტინის გამოცხადებიდან ორ თვეში სიკვდილიანობამ იმატა და დღეში 5-6 ადამიანი კვდებოდა. თუმცა, დროთა განმავლობაში სიკვდილიანობის მაჩვენებელმა იკლო და 1666 წლის ნოემბერში ეპიდემია დასრულდა - კარანტინმა იმუშავა.

მასშტაბური კარანტინი 1900 წელს სან-ფრანცისკოში გამოაცხადეს, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ სასტუმროში ჩინელი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. აღმოჩნდა, რომ იგი შავი ჭირისგან გარდაიცვალა. პოლიციამ მაქსიმალური ზომები მიიღო და Chinatown მავთულხლართებით შემოღობა. მოსახლეობას ტერიტორიის დატოვება აეკრძალა, შესვლა მხოლოდ პოლიციელებსა და ექიმებს შეეძლოთ.

2002-2003 წლებში ჩინეთში გაჩნდა ახალი ვირუსი SARS coronavirus. ეპიდემიის დროს კარანტინში იყო ყველა ის პირი, რომელსაც უშუალო კონტაქტი ჰქონდა ვირუსთან. თუმცა ვირუსი მაინც გასცდა საზღვრებს და კანადაში ჩააღწია. 

კანადაში ვირუსის გავრცელების შედეგად 44 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ასობით დაინფიცირდა. დაავადების გავრცელების შესაჩერებლად კანადაში 7000 ადამიანი იყო კარანტინში.

ავტორი: ალექსი ქამადაძე