„ის რჩეულთა ხვედრი იყო“ - ცნობილი წყალბურთელი სოსო ნიჟარაძე გარდაიცვალა

15:48 02-04-2020
3943

ცნობილი ქართველი წყალბურთელი, რუსეთის სამხატვრო აკადემიის წევრი, აკადემიკოსი სიმონ (სოსო) ნიჟარაძე 29  იანვარს, 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

განსაკუთრებული გარეგნობის და მრავალფეროვანი შემოქმედებითი ნიჭის, 70-იანი წლების თბილისელი კოლორიტი სოსო ნიჟარაძე, პლეხანოვზე დაიბადა. მას 30 წელზე მეტხანს მოუწია საზღვარგარეთ ცხოვრება, მაგრამ მისი მეგობრების და ახლობლების თქმით, ის მუდამ ჭეშმარიტ თბილისელად დარჩება.

 „პრაიმტაიმი“ ბატონი სოსოს ბავშვობის მეგობარს, მწერალ ლაშა თაბუკაშვილს დაუკავშირდა და ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა:

„სამწუხარო ამბავი მოხდა, დღეს სოსოს დასაფლავებაა და ჩემთვის ძალიან რთულია მასზე საუბარი. ის რჩეულთა ხვედრი იყო, ყველაფერში გამორჩეული გარეგნულად, ზნეობრივად, კაცობით, კეთილშობილებით და ეს არ არის აბსტრაქტი. მიცვალებულებზე გადაჭარბებულად იციან საუბარი, მაგრამ ჩემი აზრით, სწორიც არის, თუმცა სოსომ ასეთი სიყვარული, სიცოცხლეშივე მიიღო. ახალგაზრდობაში, არც ჩვენ ვიყავით „არაუშავს“ ბიჭები, მაგრამ სოსო რომ გამოჩნდებოდა, ყველა გოგო გიჟდებოდა. 

width=600

- ანუ, ყოველთვის გამოირჩეოდა გარგნობით...

საოცარი გარეგნობა ჰქონდა. 70 -იანი წლების ნამდვილი კოლორიტი იყო, ყველანაირად, ვაჟკაცობით, მეგობრობის საოცარი შეგრძნებით, გულუხვობით და ყურადღებით. არ ვიცი, რომელი ერთი მოვიგონო. სპორტში დიდი წარმატებები ჰქონდა. 16 წლის ასაკში, უკვე წყალბურთის გუნდის „დინამოს“ მეკარე იყო და ერთ წელიწადში, საბჭოთა ნაკრების წევრი, ხოლო 20-21 წლის ასაკში კი, მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 

width=600

- როგორც პიროვნება...

„დინამოს“ გუნდის მეორე მაკარე, მურთაზ გულედანი იყო, რომელსაც ბინა არ ჰქონდა და რიგში იდგა. წყალბურთელთა გუნდის ძირითად შემადგენლობაში თუ ვერ მოხვდებოდა, ბინას კარგავდა. იმ დროს, სპორტსმენებს ძალიან უჭირდათ. სოსომ ეს ამბავი რომ გაიგო, პირველ მეკარედ გულედანი დააყენა, თავად კი, დროებით დატოვა გუნდი. ისე მოხდა, რომ მას შემდეგ, აღარც დაბრუნებულა. სწორედ, ამის შემდეგ დაასრულა სპორტული კარიერა და სხვა სფეროში გადაინაცვლა. 

- ბოლო პერიოდში სად მოღვაწეობდა?

დაახლოებით, 80 - იანი წლებიდან საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა და კარიერა,  მის ახლო ნათესავთან, ცნობილ მხატვარ და მოქანდაკე ზურაბ წერეთელთან ერთად გააგრძელა. ჰქონდა საკუთარი ბიზნესი, სადაც ასევე წარმატებული და გამარჯვებული იყო. გამარჯვებული იყო, არა მარტო ფულით, არამედ კაცობით და ზნეობით. მისი პიროვნება, ვერაფერმა შეცვალა.

width=600

- ოჯახური მდგომარეობა...

სოსოს რამდენიმე მუღლე ჰყავდა, რომელთანაც შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები ჰყავს.

- რა გახდა გარდაცვალების მიზეზი?

რამდენიმე წლის წინ, ლიმფური ჯირკვლების სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინეს, მაგრამ მკურნალობას დაექვემდებარა. ბოლო რამდენიმე წელია, არ მოუკლია არც ვარჯიში და ზოგჯერ, ქეფზეც კი არ ამბოდა უარს. ბოლო ხანებში, გერმანიაში მკურნალობდა, მაგრამ როგორც ჩანს, გულმა ვერ გაუძლო და გარდაიცვალა. 

width=600 

არაჩვეულებრივი პიროვნებისა და წყალბურთის დიდი ოჯახის წევრის სოსო ნიჟარაძის გარდაცვალების გამო, „პრაიმტაიმი“ მწუხარებას გამოთქვამს. 

შეგახსენებთ, რომ სოსო ნიჟარაძე იყო საქართველოს ნაკრების, თბილისის დინამოს და თბილისის ლოკომოტივის  წევრი, ყველა დროის საუკეთესო მეკარე, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულით. უზარმაზარია სოსო ნიჟარაძის  წვლილი ქართული წყალბურთის წარმატებებში. პროფესიით მხატვარმა ცხოვრების მეორე ეტაპი და მრავალი წელი დაუკავშირა შემოქმედებას, ქანდაკებას  - ის იყო  რუსეთის სამხატვრო აკადემიის წევრი, აკადემიკოსი,  მუშაობდა პროექტებზე  რუსეთსა და ამერიკაში.

ავტორი: რუსა ღვანიძე