როგორ გამოიყურება დღეს 93 წლის „არქიტექტორი გიორგი“ ფილმიდან „აბეზარა“

19:29 02-14-2020
59424

მძღოლი ქალი „აბეზარა“ და არქიტექტორი გიორგი მუხაძე, გასული საუკუნის სამოციან წლებში, ქართული კინოს მოყვარულებში ერთ-ერთ ყველაზე „რომანტიკულ წყვილად“ იყო მიჩნეული. მაშინ ცოტამ თუ იცოდა, რომ მსახიობი, რომესაც თავისი ფიზიკური მონაცემებით ხშირად გრეგორი პეკს ამსგავსებდნენ, სულაც არ იყო მსახიობი. ის იმ დროისთვის, როცა რეჟისორმა ნიკოლოზ სანიშვილმა, ფილმში - „აბეზარა“ მთავარ როლზე დაამტკიცა, უკვე წარმატებული საოპერო მომღერალი იყო.

ეს ამბავი წინა საუკუნეში, ექვსი ათეული წლის წინ მოხდა. ახლა კი, მრავალი წლის შემდეგ, ერთ დროს თაყვანისმცემელი ქალების გულთა მპყრობელი, უკვე 93 წელს მიღწეული მსახიობი ექსკლუზიურად „პრაიმტაიმს“ პირადი ცხოვრების საინტერესო ისტორიებს უზიარებს:

width=600

- როგორ ცხოვრობს ქართული ფილმის „აბეზარას“ მთავარი გმირი - არქიტექტორი გიორგი მუხაძე?

როგორც 93-ე წელიწადში მყოფ ადამიანს შეეფერება, ისე ვგრძნობ თავს. 29 წლის ასაკში, უკვე ოპერის მომღერალი ვიყავი და უამრავ კონცერტში ვიღებდი მონაწილეობას. სწორედ აქ აღმომაჩინა რჟისორმა ნიკოლოზ სანიშვილმა. როგორც ჩანს, ჩემი გარეგნობა მოეწონა და სინჯებზე დამიბარა. გადამიღეს სინჯები და როლზე დამამტკიცეს. ჩემთვის ეს „ახალი ხილი“ იყო. მართალია, სცენაზე ვიდექი და  ვმღეროდი, მაგრამ მსახიობობა და კინოში მოღვაწეობა, ჩემთვის სრულიად ახალი გამოწვევა იყო. როგორ ახალგაზრდა ადამიანს შეეფერება, ძალიან ვღელავდი, მაგრამ შესანიშნავი კოლექტივი დამხვდა და მათი წყალობით, ცოტა გავთავისუფლდი. ძალიან შებოჭილი ვიყავი და რაც შემეძლო გავაკეთე, მაგრამ რა გამოვიდა არ ვიცი (იცინის).

width=600

- ქალბატონი ლეილა აბაშიძე იხსენებდა, რომ ძალიამ მორცხვი ბრაძანდებოდით და ხშირად წითლდებოდით...

კი, ნამდვილად, მაგრამ მალე გადამედო მათი თავისუფლება. ფილმის გადაღების პროცესში მოვინდომე, რომ უფრო დამაჯერებელი და თავისუფალი ვყოფილიყავი. ვფიქრობ, რაღაც გამომივიდა (იცინის). 

width=600

- ძალიან დამაჯერებლად თამაშობთ. ფილმის შემდეგ, საქართველოში ცნობილი ადამიანი გახდით, ყველაზე სიმპათიურ მამაკაცად გაღიარეს და ამავე დროს, ჰოლივუდის ვარსკვლავ გრეგორი პეკს გამსგავსებდნენ...

არა, როგორ გეკადრებათ, არც ეგეთი კარგი ვიყავი. ძალიან დაფარული და მორცხვი ვიყავი. ახლა უფრო თავისუფლები არიან ახალგაზრდები. ჩვენ სხვანაირად აღვიქვამდით ყველაფერს, უფრო სერიოზულად და უფრო დიდი განცდებიც გვქონდა. ახლა ძალიან თავისუფლები არიან.

- „აბეზარას“ გადაღებებიდან რა შეგიძლიათ გაიხსენოთ?

ფილმში გადაღება, ჩემთვის სრულიად ახალი გამოწვევა იყო და ძალიან ვნერვიულობდი. მინდა აღვნიშნო, რომ შესანიშნავ ადამიანებთან ერთად ვმონაწილეობდი. ყველაფერმა ამან, ბევრი რამე მასწავლა და შინაგანად „გავმდიდრი“. სასწაული დამოკიდებულება გვქონდა ერთმანეთში, თუ კარგად გამომივიდოდა თამაში, მაქებდნენ და ეს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და თან მიხაროდა, რაც სტიმულს მაძლევდა. ამის ფონზე დავასრულე ფილმში გადაღებები და შემდეგ, ისევ საოპერო თეატრს დავუბრუნდი, თან ძალიან მონატრებული ვიყავი. 

width=600

- რატომ? გადაღებების დროს აღარ მღეროდით?

კი, როგორ არა, მაგრამ არასრული დატვირთვით. ორივე მხარე, ჩემს მდგომარეობაში შედიოდა და სიმღერასაც ვახერხებდი. როცა ბოლო კადრებში გადამიღეს და ფილმზე მუშაობა დავასრულე, ყოველ დღე საოპერო თეატრში ვიყავი.

- ფილმის გამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ, 1957 წელს, საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება მოგანიჭეს...

ნამდვილად ეგრე იყო, მაგრამ ვფიქრობდი, რა დავიმსახურე ასეთი, რომ დამსახურებული არტისტი გავხდი-მეთქი. ახალგაზრდა ყმაწვილი ვიყავი და ცოტა მიკვირდა. სხვათა შორის, 1965 წელს სახალხო არტისტის წოდება მომენიჭა. ახალგარზრდა ასაკში, ყველაფერი მოვასწარი. რამდენიმე ფოტო მაქვს შემორჩენილი ახალგაზრდობის, რომელიც ინსტრუმენტთან, კედელზე მაქვს დაკიდებული. დანარჩენი, არც ვიცი, სად წავიღე. 

width=600

- უკვე დაოჯახებული ბრძანდებოდით?

კი, როგორ არა. უკვე დაოჯახებული ვიყავი. სამი შვილი მყავს, ორი ვაჟი - ლევანი და ირაკლი, ქალიშვილი ნინო. ამ ეტაპზე, უკვე ოთხი შვილიშვილი მყავს- სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი.

width=600

ჩემი შვილები, ლევანი და ირაკლი ჩემი როლის, არქიტექტორის პროფესიას გაჰყვნენ. ჩემი რძალი ეკა ჩხეიძე, მარჯანიშვილის თეტრის მსახიობია. სიძე კი, ლევან ასათიანია. 

width=600

- სად გაიცანით თქვენი მეუღლე?

ჩემი მეუღლე, სრულიად შემთხვევით გავიცანი. ვაკეში ვცხოვრობდი და ტრანსპორტით მგზავრობის დროს, ტროლეიბუსში შევხვდით ერთმანეთს. გავისაუბრეთ და სწორედ აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. წარმოშობით რუსი ქალბატონია. იმ დროს, სტუდენტი იყო. გარკვეული წლების შემდეგ, ოჯახში ცვლილებები გვქონდა, რომელიც ალბათ უკვე აღარ არის საინტერესო. 

width=600

- დღეს თუ გაქვთ ურთიერთობა თქვენი შვილების დედასთან?

რა თქმა უნდა, მასთან ერთად ვცხოვრობ და ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს.   

-  „დიდოსტატის მარჯვენას“ შემდეგ, არცერთ ფილმში არ გითამაშიათ...

„აბეზარას“ შემდეგ უამრავი მიწვევები მქონდა, მაგრამ არანაირი ინტერესი აღარ მქონდა. ჩემთვის საოპერო თეატრი უფრო მნიშვნელოვანი იყო, რადგან სიმღერით უფრო ვიყავი გატაცებული. „დიდოსტატის მარჯვენაში“, ფილმის რეჟისორმა ვახტანგ ტაბლიაშვილმა მიმიწვია. მასთან კარგი ურთიერთობები მქონდა და მთხოვა, მის ფილმში მიმეღო მონაწილეობა. როგორი გამოვიდა და რა გამოვიდა არ ვიცი.

width=600

- რატომ? ჭიაბერის როლი კარგად მოირგეთ, ძალაინ სახასიათო გმირია და თქვენს გარეგნობაშიც კარგად ჯდება...

სხვათა შორის, მეც ძალიან მომწონს, ძალიან სერიოზული ნაწარმოებია და ვფიქრობ, საკმაოდ სახასიათო სახე შევქმენი, რა თქმა უნდა, თუ გამომივიდა (იცინის). 

- ყველაზე საყვარელი როლები და წარმატებები ოპერის სცენაზე...

ძალიან საინტერესო როლები და უდიდესი წარმატებები მქონდა, ბანის პარტიებს ვმღეროდი, თითქმის ყველაფერი ნამღერი მაქვს. უამრავი გასტროლი მქონდა მთელი ქვეყნის მაშტაბით. იმ პერიოდში საზღვარგარეთ გასვლები ცოტა რთული იყო  და ამიტომ, საბჭოთა კავშირის, თითქმის ყველა ქვეყნის სცენაზე მაქვს ნამღერი. ყველაზე მეტად, ბორის გოდუნოვის პარტიას გამოვარჩევდი. ასევე საინტერესო პარტიები მქონდა - სეველიელი დალაქი, ფაუსტი და ალი.

- და ქართული ოპერებიდან?

ქართული ოპერებიდან მეფე გიორგის პარტიას გამოვარჩევდი. „ცანგალა და გოგონა“- დან პარტია არასდროს შემისრულებია, ამიკრძალეს (იცინის).

- რატომ?

რა ვიცი, ასეთი პარტიების შესრულება შენი საქმე არ არისო. ბანი ვიყავი და ასეთ სახასიათო სიმღერებზე არ მტვირთავდნენ, მაგრამ მე მაინც ჩემი გავიტანე და „ცანგალა და გოგონა“, ფირზე ჩავწერე. დავაფიქსირე, რომ ეს პარტია ნამღერი მაქვს (იცინის).

 width=600

- „ღვინოვ კახურო“ არ გაქვთ შესრულებული?

არა, მითხრეს, შენი საქმე არ არისო და არ მაკარებდნენ, მაგრამ მე მაინც შევასრულე - ფირზე ჩავწერე. 

- თითქმის საუკუნის ადამიანი ხართ, თან ძალიან წარმატებული, რას ურჩევდით ქართველ ხალხს?

ვეტყოდი, რომ ცოტა დამშვიდდნენ. არ მომწონს, დღეს რა მდგომარეობაც არის - შეუპოვრობა, ერთმანეთის ლანძღვა. ვფიქრობ, რომ მთავარია მშვიდად იცხოვრო, გიყვარდეთ და ერთმანეთის მტრები არ იყოთ. ყვველაფერს მივესალმები, მაგრამ როცა კამათი უსაშველო უზრდელობაში გადაიზრდება, უკვე აღარ მომწონს. ცოტა დავწყნარდეთ და ყველაფერი კარგად იქნება!  width=600

შეგახსენებთ, რომ ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი და მსახიობი თენგიზ მუშკუდიანი, მალე 93 წლის იუბილეს აღნიშნავს. საქართველოს სახალხო არტისტმა და უმაღლესი ჯილდოს - „ხელოვნების ქურუმის მფლობელმა, რომელიც მონაწილეობდა ფილმებში - „დიდოსტატის მარჯვენა და „აბეზარა, ქართული ოპერის ისტორიაში, არაერთი შთამბეჭდვი სახე შექმნა.

width=600

სრული დიაპაზონის ლამაზი და სასიამოვნო ტემბრის ბან, თენგიზ მუშკუდიანს მუსიკალობამ და საოცარმა არტისტულმა გარეგნობამ, უდიდესი წარმატება მოუტანა. 2016 წლის 14 ივლისს საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის წინ, ვარსკვლავი გაუხსნეს. საზეიმო ცერემონია, მისი აღზრდილების გალა-კონცერტით დასრულდა.  

ავტორი: რუსა ღვანიძე