საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, დეკნოზ მიქაელ ასათიანის გარდაცვალებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში სამძიმრის პოსტს აქვეყნებს:
„ძალიან განსაკუთრებული ადამიანი გარდაიცვალა, მამა მიქაელ ასათიანი. ის სოხუმელი კაცი იყო, რომელიც გავიცანი 2000-იანი წლების დასაწყისში, როდესაც გლდანის მე-2 მიკრო რაიონში მან შეკრიბა დიდი ჯგუფი ადგილობრივი ახალგაზრდების, ძირითადად დევნილების და უტარებდა მათ ყველანაირ მეცადინეობას, ასწავლიდა კონკრეტულ პროფესიებს. მან ტაძარი გადააქცია ადამიანების ფორმირების ნამდვილს სამჭედლოდ, საიდანაც გამოჰყავდათ კონკრეტული ხელოსნები, სხვადასხვა ხელოვნების მიმდევრები და უბრალოდ კარგი ადამიანები. შემდეგ ის გადავიდა ნუცუბიძის პლატოზე და იქ გააგრძელა თავისი საქმიანობა. ყველაზე მეტად მიქაელ ასათიანს უნდოდა სოხუმში დაბრუნება, ის მუდმივად მესაუბრებოდა თავის ოცნების სოხუმზე. სოხუმზე, რომელიც იქნებოდა ლამაზი, განსაკუთრებული, ისეთი როგორიც არასდროს არ ყოფილა წარსულშიც კი... მუდმივად ვსაუბრობდით, მუდმივად წერილებს მიგზავნიდა და იმ პერიოდშიც კი, როდესაც ყველამ ზურგი შემაქცია მის გარშემო. ეს იყო ადამიანი, რომელიც ბოლომდე მედგა გვერდზე, მამხნევებდა მაშინაც კი, როდესაც დიდი ფიზიკური ტკივილი აწუხებდა. უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული. მე დარწმუნებული ვარ ის და მე აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს დაბრუნებულ სოხუმში, აუცილებლად წაგვიძღვება წინ, მეც და მის გაზრდილ ახალგაზრდობას, იმ ბრწყინვალე ქალაქისკენ და რაც მთავარია, სიკეთის ახალი ჰორიზონტებისკენ.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის თებერვალში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მეგი გოცირიძემ, დეკანოზ მიქაელ ასათიანის სიტყვები გაავრცელა, სადაც სასულიერო პირი მიხეილ სააკაშვილზე საუბრობდა:
„ვინც გაბედავს და მიშას დაპატიმრებას შეეცდება, უბეში გავარვარებულ ნაღვერდლებს ჩაიყრის, რომლისგანაც ისე დაიფერფლება, რომ ნაცრის გარდა არაფერი დარჩება. დამერწმუნეთ, რომ ეს ასე მოხდება. მიშა საქართველოს ეროვნული გმირია. მიხეილ სააკაშვილს, არა მხოლოდ საქართველოსი, კავკასიელ ხალხთა ოთხსაუკუნოვანი რუსული მონობისაგან განთავისუფლების მისიაც აკისრია, რის გამოც მას ვერც ერთი ციხე ვერ გამოკეტავს და დამიჯერეთ, რომ ეს ასეა” - ამბობდა მამა მიქაელი.