„ყველაფერი ღამეებში მოხდა, როცა ვისგანაც დღე მტკიოდა, ყველას ეძინა“ - რეზო ესაძე იუბილარია!

17:36 02-18-2020
408

ქართველი რეჟისორი რეზო ესაძე იუბილარია. მსახიობს დღეს 86 წლი შეუსრულდა. მონაწილეობა აქვს მიღებული 122 ფილმში. გადაღებული აქვს 11 ფილმი.

პოეზიის, მხატვრობისა და კინოს გარდა, რეზო ესაძეს კიდევ ერთი გატაცება აქვს – ფიზიკა. უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, სანამ მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტში ჩააბარებდა და მიხეილ რომის სახელოსნოში ისწავლიდა, რეზო ესაძე უნივერსიტეტის ასტროფიზიკის კათედრის მასწავლებელი იყო, ფიზიკასა და ასტრონომიას ასწავლიდა სკოლაში. თუმცა სინამდვილისა და რეალობის მიღმა სამყაროს შესწავლამ, იგი უჩვეულო დასკვნამდე მიიყვანა. 

„ჩემი სიცოცხლის უკვე ტანმსხვილ ხეზე, ღამეები ხეებზე მეტად შრიალებენ, რადგან ყველაფერი ღამეებში მოხდა, როცა ვისგანაც დღე მტკიოდა, ყველას ეძინა. დღეები ყრუდ მიდიან. სული ვერც ერთ ყვავილობას ვერ იხსენებს. ასე მოვდივარ მწყრალი შარით, სადაც ცხელი ყინულის გაღმა გახურებული ქვები ქშუიან და დამშრალი ტალღების ფსკერზე თევზის ლანდი თამაშობს...გასახსენებელი და სათქმელი ბევრია, ძალიან ბევრი...“ - რეზო ესაძე.

ბატონ რეზოს გადაღებული აქვს ისეთი შესანიშნავი ფილმები, რომლებიც არასდროს დაკარგავენ მაყურებლის დიდ ინტერესს და სიყვარულს. 

width=600

როცა ანდრეი ტარკოვსკის ასეთი შეკითხვა დაუსვეს: „- ნუთუ არ არსებობს ფილმი, რომელიც თქვენს სულიერ მდგომარეობას მიესადაგება?“ - მან უპასუხა: „ჩემი უსაყვარლესი ფილმია - „ერთი ნახვით შეყვარება“!

„პრაიმტაიმი“ ულოცავს ბატონ რეზოს დაბადების დღეს და დიდხანს სიცოცხლეს და ახალ შემოქმედებით წარმატებებს უსურვებს!

შეგახსენებთ, რომ რეჟისორი, მსახიობი, მწერალი და მხატვარი რეზო ესაძე, დაიბადა 1934 წლის 18 თებერვალს ქ. ოზურგეთში.

გადაღებული აქვს 11 ფილმი: „ჭერი ანუ დაუმთავრებელი ფილმის მასალა“; „ნეილონის ნაძვის ხე” (I ადგილი როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე; გრან–პრი აველინოს საერთაშორისო კინოფესტივალზე); „საქორწინო საჩუქარი; „წისქვილი ქალაქის გარეუბანში; „ერთი ნახვით შეყვარება” (I ადგილი როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე); „წკიპურტები; „ყოველ შაბათს” (ბუდაპეშტის საერთაშორისო კინოფესტივალზე დაასახელეს საუკეთესო უცხოურ ფილმად); „წამზომი; „ოთხი ფურცელი; „ფრო; „ერთხელ”.

width=600

შესრულებული აქვს 10 მთავარი და ბევრი ეპიზოდური როლი სხვადასხვა ავტორების ფილმებში. აღსანიშნავია ვარლამი (“ქალაქი ანარა”, გრან–პრი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის გაბროვოს საერთაშორისო კინოფესტივალზე); მეკურტნე გიო (“თბილისი – პარიზი – თბილისი”); მედუქნე გასპარა და მწყემსი სოსიკა (“ზოგი ჭირი მარგებელია”), ლეონარდო და სხვა. 

1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1956-58 წლებში მუშაობდა ფიზიკის მასწავლებლად სკოლაში. 1964 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიია ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. 1966 წლიდან მუშაობდა სტუდია ლენფილმში, ხოლო 1972 წლიდან „ქართულ ფილმში“. 

1955-1957წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის კათედრის  უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ამავე უნივერსიტეტის იუმორისტული გაზეთის ჭინჭრაქას რედაქტორი. 1956-58წწ. იყო თბილისის 23-ე  საშუალო სკოლის ფიზიკისა და ასტრონომიის  მასწავლებელი. 1960 და 1974-1989წწ.  კინოსტუდია ქართული ფილმის, 1965-1974წწ. ლენფილმის რეჟისორი. 1972 წელს საქართველოს ტელეფილმების სტუდიის  რეჟისორი,1979-1989წწ. გაერთიანება დებიუტის მხატვრული ხელმძღვანელი. 1989 წლიდან ხელმძღვანელობს სტუდია +1-ს. თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სრული პროფესორი.

კემბრიჯის, ვაშინგტონის, მიუნხენის „ლენბახჰაუზის საერთაშორისო კატალოგების საბჭოს საპატიო წევრი. რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი (1966). საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი (1966). საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი (1986).

2019 წლის 21 თებერვალს, კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ, საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით, რეზო ესაძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. ღონისძიება, ხელოვანის 85 წლის იუბილეს მიეძღვნა. 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე