დღეს, ამერიკაში მოღვაწე ქართველი რეჟისორის და მსახიობის ნუგზარ შარიას დაბადების დღეა. მას 79 წელი შეუსრულდა. რამდენიმე დღის წინ, ცნობილი რეჟისორის ვაჟმა, რუსთაველის თეატრის მსახიობმა ზურაბ შარიამ სოციალურ ქსელში მამის წარმატებასთან დაკავშირებით, პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ ფარული კენჭისყრით, სტივენ სპილბერგმა, ბატონი ნუგზარი ოსკარის დაჯილდოების ჟიურის წევრად დაასახელა. „პრაიმტაიმი“ ბატონ ზურას დაუკავშირდა და მამის ამერიკულ წარმატებებზე და პრობლემებზე ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა:
- საოცარი წარმატება ხვდა წილად ბატონ ნუგზარს, მაგრამ სამწუხაროდ ეს ინფორმაცია არ ვიცოდით...
ეს ინფორმაცია, მეც არ ვიცოდი, საიდუმლო ინფორმაცია იყო, ამიტომ თქვენ არ გადანაშაულებთ.
- სად აღნიშნავს იუბილეს, ხომ არ გაქვთ ამის შესახებ ინფორმაცია?
ამჟამად ნიუ-იორკშია, ბროდვეიზე, ერთ ერთ თეატრალურ უნივერსიტეტში აღნიშნავენ მის დაბადების დღეს. „ჟოზევინ ლევინის სახელობის ბროდვეის თეატრის“ პრეზიდენტმა ტედ მენმა, რამდენიმე წუთის წინ, ის ბროდვეის თეატრის ისტორიაში ჟოზევინ ლევინის თეატრის საპატიო წარმომადგენლად დაასახელა. სხვათა შორის 75 წლის იუბილეც ამ თეატრმა გადაუხადა და სწორედ, ამ იუბილეზე განაცხადა სპილბერგმა, რომ ნუგზარ შარიას, ბროდვეის ხელოვანთა ოცეულში, თავისი გარკვეული ადგილი აქვსო. ერთმანეთთან ძველი მეგობრობა და ურთიერთობები აკავშირებთ. 70 -იან წლებში, როცა მამა ახალი ჩასული იყო, ამერიკაში იცნობდნენ, როგორც ნიჭიერ მსახიობს და რეჟისორს. ცნობილ რეჟისორ მაიკლ ნიკოლსის სპექტაკლმა „ალუბლის ბაღი“, რომელიც ნუგზარმა საკუთარი მუსიკით გააფორმა, როგორც ჩანს, სტივენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. გარდა ამისა, უამრავი სცენარის ავტორი და ამავე დროს პროფკავშირების წევრია. ასევე, დაწერილი აქვს ლევ ტოლსტოის „ჰაჯი მურატის“ სცენარი, რაც ასევე მისი თარგმანია, რომელიც ტოლსტოის ქალიშვილთან ერთად გადათარგმნა. როგორც ჩანს, ისევ ამ შთაბეჭდილების ქვეშ იყო სტივენ სპილბერგი იმ დროს, როცა მამა ჟიურის წევრად აირჩია. გარდა ამისა, ნუგზარს, როგორც მუსიკოსს, ამერიკელი კომპოზიტორი და პიანისტი დუკ ელინგტონი, ოჯახის წევრად მიიჩნევდა. ანდერძშიც კი დაწერა: - „როცა ნუგზარ შარია უკრავს, უკრავს, არა მისი ფიქრები, არამედ მისი გული“. მამას, მისი ნაჩუქარი როიალიც კი უდევს სახლში.
ამერიკის ოთხი პრეზიდენტისგან მადლობის წერილები აქვს მიღებული. ამერიკაში, ერთმანეთთან ურთიერთობები, ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, წარმატებულ და ნიჭიერ ადამიანებთან. ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს, როცა 2009 წელს ნობელის პრემია - „მშიდობის დარგში“ მიიღო, პრეზიდენტმა მიწერა - „ნობელის პრემია მაგარია, მაგრამ თქვენნაირ ადამიანთან ურთიერთობა, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანიაო“. ამ ადამიანის ერთადერთი საფიქრალი, სატკივარი და საზრუნავი, ყოველთვის საქართველოა. რასაც ქმნის, ყველაფერს, მისი ქვეყნის საკეთილდღეოდ და მისი ქვეყნის სახელით აკეთებს.
- ნამდვილად დიდი წარმატებაა, რომ ნუგზარ შარიას სახელი, დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა...
ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ პირველი მართლმადიდებელი ქრისტიანია, რომელიც 1976 წლის 25 დეკემბერს, შობა დღეს „ისრაელის საპატიო მოქალაქის წოდება“ მიენიჭა. დილის 5 საათზე ჯვრის მონასტრის კარი გაუღეს, სადაც უამრავი ფოტო გადაუღეს.
- როდის გადაწყდა მისი ჟიურად არჩევა?
რამდენიმე წლის წინ, უკრაინაში, ქ. უჟგოროდში გამართულ კონფერენციაზე გადაწყდა. ასეთმა წარმატებამ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. საიდუმლოდ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტივენ სპილბერგმა ჟიურის წევრად, ნუგზარ შარია წარადგინა. ამერიკაში, ეს საკითხი დიდხანს, ძალიან გასაიდუმლოებული იყო.
- ამის შესახებ თავადაც არ იცოდით?
რა თქმა უნდა, არა ვიცოდი. ამერიკიდან დამირეკეს და პირველად, მათგან გავიგე ეს ინფორმაცია. რამდენიმე ხანში კი, ამის შესახებ, მამაჩემმაც მომწერა.
- როდის შეხვდით პირველად, დიდი ხნის უნახავ მამას?
როცა წავიდა, 2 წლის ვიყავი, მაგრამ არასდროს გაგვიწყვეტია ურთიერთობები.
პირველად 1991 წელს, შევხვდი, როცა საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, 68-ე პრიმა მუხლი - დახვრეტა მოახსნევინა. როცა ისრაელში საპატიო მოქალაქეობა მიანიჭეს, სწორედ იმ დღეს გამოუტანეს უმაღლესი სასჯელი. მას ბრალად ედებოდა საქართველოს ღალატი. სწორედ ამის გამო ვერ ახერხებდა საქართველოში ჩამოსვლას - იმ დღესვე დახვრეტდნენ. ის ერთადერთი ადამიანი იყო, რომელსაც მიუნჰენის რადიოში - „თავისუფლება“, შეუზღუდავი ეთერი ჰქონდა. 1989 წელს, ბერლინარეზე, მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისათვის ფილმიდან - „მონღოლელი ჟანა დარკი“, პრიზი დაიმსახურა.
ორთაჭალაში, ბაგრატიონის ძეგლთან რომ მოზაიკაა, მამაჩემის შემოქმედებაა. ფოტოზე (1970წ.) გამოსახულია დავით ბაქრაძე - საბჭოთა კავშირის გმირი, ნუგზარ შარია და მელიტონ ქანთარია - საბჭოთა კავშირის გმირი, რომლებიც კიევში საქართველოს დღეებს „ცხენოსანთა აღლუმით“ ხსნიდნენ.
- ცოტა რამ დედათქვენის შესახებაც გვიამბეთ...
დედაჩემი ირინა ჭილაძეა, პროფესიით ექიმი. მამაზე, ექვსი წლით უმცროსი იყო. ამჟამად, 73 წლის არის.