exclusive - რა ანდერძი დატოვა რეზო ჩხეიძემ ნუგზარ შარიასთან დაკავშირებით

17:45 02-20-2020
1384

19 თებერვალს, ამერიკაში მოღვაწე ქართველ რეჟისორ ნუგზარ შარიას დაბადების 79 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ჟოზევინ ლევინის სახელობის ბროდვეის თეატრის პრეზიდენტმა ტედ მენმა, ბროდვეის თეატრის ისტორიაში, ჟოზევინ ლევინის თეატრის „საპატიო წოდება“ მიანიჭა.

მისი ვაჟის ინფორმაციით, ბატონ ნუგზარს, რამდენიმე წლის წინ, ამერიკაში ვარსკვლავი გაუხსნეს. მისი ინფორმაციით, იგივე საქართველოშიც იყო დაგეგმილი, მაგრამ კინოაკადემიისგან უარი მიიღეს. ამ თემაზე ზურა შარია „პრაიმტაიმს“ დეტალებს უამბობს.

width=600 2013 წელს, როცა რუსთაველის კინოთეატრის წინ, რეჟისორ რეზო ჩხეიძის ვარსკვლავი გაიხსნა, მამა საქართველოში იმყოფებოდა. მეც მასთან ერთად ვიმყოფებოდი. ცერემონიას იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს პარტიარქი ილია მეორე ესწრებოდნენ. ბატონმა რეზომ განაცხადა, რომ ჩემი ვარსკვლავის გვერდით, ნუგზარ შარიას ვარსკვლავი უნდა გაიხსნასო. რაც ბატონი რეზო გარდაიცვალა, მისი ანდერძი არავის გახსენებია.

width=600

სხვათა შორის, ცნობილი ფილმის „შესანიშნავი შვიდეულის“ ერთ-ერთი მთავარი გმირი - იულ ბრინერი, რომელიც გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივი მსახიობი, ამავე დროს კარგი მუსიკოსი და მომღერალიც იყო, აცხადებდა, რომ ჩემი ვარსკვლავი, ნუგზარ შარიას ვარსკვლავის გვერდით უნდა გაიხსნასო.

width=600

ბრინერის დამ, გარდაცვალების წინ დაიბარა - „როცა მოვკვდები, დამწვით და ჩემი ფერფლი, ჩემი ძმის, იულის და ნუგზარ შარიას ვარსკვლავს შორის დამარხეთო“. საქართველოში კი, რეზო ჩხეიძის ანდერძს არავინ სცემს პატივს. აღმოჩნდა, რომ კინოკავშირმა „დაბლოკა“ და ვარსკვლავის გახსნის უფლება არ მისცა. ისეთი არგუმენტები მოგვაწოდეს, რომ ადამანს შეიძლება გული გაუსკდეს. ერთ-ერთი ასეთი არგუმენტიც იყო  -  „ჩვენთვის საყვარელმა რეჟისორმა სამშობლოს უღალატა და ვარსკვლავი როგორ უნდა გავუხსნათო“. 

width=600

გამოდის, რომ დღემდე მოუგვარებელია ეს საკითხი?

დიახ, დღემდე არ გვარდება ეს საკითხი. არ მინდოდა ეს თემა გამესაჯაროვებინა, რადგან პოლიტიკური სარჩული არ დადებოდა. ცხონებულმა ზაზა ურუშაძემ, სამჯერ დააყენა ეს საკითხი, მაგრამ სამივეჯერ უარი მიიღო. ამბობდნენ, ჯერ სხვას გავუხსნათ, ვისაც მეტი დამსახურება აქვს და მერე გავუხნათ ნუგზარსო.  ისიც კი თქვეს - „რა ფილმებში თამაშობდა, რომ ვარსკვლავი გავუხსნათო“. ახლა ბატონი ბუბა ხოტივარი დანიშნეს კინოკავშირის თავმჯდომარედ. ბატონი ზაზა მეუბნებოდა, რა ვქნა, ამ ძველ ბოღმა კომუნისტებს, „გაჩხერილი“ ჰყავთ ნუგზარი ყელში და რა ვქნაო. ყველა შეწუხებულია ამ ამბით. არიან ისეთი ადამიანები, ვისაც დღემდე, შური და ბოღმა აქვთ, მამაჩემის მიმართ.

თქვენ რას ითხოვთ?

ჩემი თხოვნა იქნება, გონს მოეგონ, რეზო ჩხეიძის ანდერძი გაიხსენონ და 80 წლის (2021წელს) იუბილესთან დაკავშირებით მაინც მოაწერონ ხელი მამაჩემის ვარსკვლავის გახსნას. ყველაზე მტკივნეული, ამ ამბავში არის, რომ ეს რეზოს ანდერძია და სწორედ, რეჟისორმა მოითხოვა, მისი ვარსკვლავის გვერდით, ნუგზარის ვარსკვლავის გახსნა.

width=600

სხვაგვარად არც გამოვიდოდა, აუცილებლად რუსთაველის კინოთეატრის წინ უნდა გახსნილიყო ვარსკვლავი და ამაზე თანხმობა კინოკავშირისგან უნდა ყოფილიყო. მიმართვა დავით ოქიტაშვილთანაც იყო შეტანილი, მაგრამ უარი მივიღეთ. ნუგზარი რომ მამაჩემი არ იყოს და ბიძაჩემი იყოს, საშინელ ამბავს ავტეხდი. არ მინდა ვინმემ „პოლიტიკური“ ქულები ჩაიწეროს. ძალიან გული სტკივა ნუგზარს, ამბობს - „რა უნდათ, ვერ ვხვდები. წავედი, მოვშორდი და მეტი რა ვქნაო“. ვერ გადაყლაპეს ჩემი ნიჭი და წარმატებებიო.

width=600

ოქიტაშვილმა მითხრა, იურიდიულად თუ არ იქნა დამტკიცებული, „მამაზეციერმაც“ რომ მთხოვოს, ვერაფერს ვიზამო. ჩემი აზრით, მამაჩემის ვარსკვლავის გახსნა, კინოსტუდიის გადასაწყვეტი არ უნდა იყოს. კინოცენტრი, სახელმწიფო ორგანოა და კინოკავშირი კი - საზოგადოებრივი, რაც ნიშნავს, რომ ისინი ხალხის მიერ არჩეული საზოგადოებაა და მათ გადაწყვეტილებებს საზოგადოება ენდობა. ჩემი მიმართვა იქნება: მიპასუხონ, რატომ ბლოკავს კინოკავშირი რეზო ჩხეიძის ანდერძს? 

რამდენიმე საათის წინ, მამამ დაბადების დღის ცერემონიიდან ფოტო და მესიჯი გამომიგზავნა, რასაც უცვლელად გთავაზობთ:

„ბუბას(ხოტივარი) ტელეფონზე მივწერე - ბუბა სალამი! მე არაფერი მაქვს სათხოვარი, მაგრამ რეზო ჩხეიძის ანდერძი უნდა შესრულდეს, ეხლა შენ იცი. გასაგებია? ზურიკო აქ დიდი ამბავია და სარასოტადან მოგწერ. ახლა შესვენებაა და სასტუმროდან გწერ, ხვალ ვბრუნდები სარასოტაში და მოგწერ. ჩემ დაბადების დღეს, თეატრში მოიტანეს კოლუმბიის უნივერსიტეტიდან ლუკა შარიას 125 სურათი და თეატრის პრეზიდენტმა ტედ მენმა განაცხადა, რომ ნუგზარ შარია, შარიების 100 წლიანი გვარიდან არისო.

width=600

ასე გაიხსნა, ჩემი დაბადების დღის შეხვედრა. ლუკა შარია არის, ემზარ შარიას დიდი ბაბუის მამა, ესე იგი მისი ბაბუის ბარნაბას მამა!!! ოკ? ეხლა გავრბივარ ისევ თეტრში. ოკ?“ - წერს ნუგზარ შარია. 

ცხადია, „პრაიმტაიმი“ კინოაკადემიის პრეზიდენტ ბუბა (რამაზ) ხოტივარს დაუკავშირდა: 

width=600

ამის შესახებ, არაფერი ვიცი. მახსოვს, რომ ბატონ ნუგზარის ვარსკვლავის გახსნასთან დაკავშირებით, რამდენიმე წლის წინ იყო საუბარი. მაგრამ, თუ არ ვცდები, 3-4 წლის წინ, საქრთველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა, თუ კინოკავშირმა თითქოს უარი თქვეს.

მიზეზს, ვერ იხსენებთ?

არ ვიცი არაფერი და რა გიპასუხოთ?

იყო არგუმენტები, თითქოს ერის მოღალატე იყო, ზოგი ამბობდა, რომ არ ჰქონდა შესრულებული იმდენი როლი, რომ ვარსკვლავი გაეხსნათ...

თქვენი აზრით, ჩვენი კინემატოგრაფისტები ასეთი სულელები და ბრიყვები არიან, რომ ასეთი არგუმენტები წაეყენებინათ!? 

ზურა ამბობს, რომ ამ საკითხზე უარი მიიღო...

ამ თემაზე, იმ ხალხს გაესაუბრეთ, ვინც ამ საკითხის გადაჭრას ესწრებოდა. მე არ ვესწებოდი და არაფერი ვიცი.

ზაზა ურუშაძე ითხოვდა ვარსკვლავის გახსნას, თქვენ არ იცოდით?

ისეთ რამეს მეკითხებით, რაშიც მონაწილეობა არ მიმიღია და რა გიპასუხოთ? ფაქტია, რომ საბოლოო პასუხი უარი იყო. მოღალატეობას რაც შეეხება, მე არ მახსოვს ეგ არგუმენტი, რაღა დროს ეგ ამბავი და მოღალატეობაა, კაცი წავიდა უცხოეთში. რამდენი ემიგრანტია გასული, ნახევარი საქართველო ემიგრაციაშია და გამოდის, რომ ყველა ერის მოღალატეა? ასეთ სისულელეებს ჩვენთან არ ამბობენ. ზურა ხომ არ ესწრებოდა ამ ამბის განხილვას, რა იცის, რა არგუმენტებზე იყო საუბარი?

თქვენ დამისახელეთ...

როგორც ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანი სკეპტიკურად იყო განწყობილი. იმიტომ კი არა, რომ მოღალატეა, ჩემი აზრით, მიაჩნდათ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უფრო ეკუთვნით, ვარსკვლავის გახსნა. 

ერთ-ერთი არგუმენტი იყო, რომ ძალიან ცოტა როლი ჰქონდა ნათამაშები?

ალბათ ასეა. ვარსკვლავის გახსნა, პატარა საკითხი არ არის. ზურა შვილია და ალბათ, იტყვის ისეთ რამეს, რომ მამის მიმართ სიმპატიები გამოავლინოს. მე არ ვესწრებოდი ვარსკვლავის გახსნის საკითხის განხილვას. კინოაკადემიიდან ყურმოკვრით ვიცი, რომ ნუგზარს უნდოდა ვარსკვლავის გახსნა და უარი მიიღო. რაც თქვენ იცით, მეც იგივე ვიცი. მაგრამ ტექსტები, რომ „მოღალატეა“ და „შპიონი“, ასეთი რამე, ჩვენი მხრიდან არ გაჟღერებულა. 

- ანუ, იმ დონის მსახიობად არ მიაჩნიათ, რომ ვარსკვლავი გაუხსნან?

ეტყობა ეგრე მიიჩნიეს. შეიძლება კინოცენტრმა, ან მერიის სამსახურმა უთხრა უარი. არ მიმაჩიანია, რომ ეს ის თემაა, რისთვისაც ღირდეს ჩხუბი. მე არ ვიცი, ვისგან მიიღო უარი. 3-4 წლის წინ, ნუგზარ შარიამ დამირეკა და მითხრა, რომ საქართველოში არ მაძლევენ ვარსკვლავის გახსნის უფლებას და მინდა შეგატყობინო, რომ ჩემი ვარსკვლავი, იურ ბრინერის ვარსკვლავის გვერდით გაიხსნაო. მე ვუთხარი - „ეს რა ვარსკვლავია, „სასაფლაოს ვარსკვლავია“, თუ რა არის მეთქი“. 

- და რა გიპასუხათ?

არაფერი, გაიცინა და ამით დასრულდა ჩვენი საუბარი.

გამოდის, რომ გქონდათ შეხება?

კი როგორ არა, ნუგზარს კარგად ვიცნობ, მირეკავს ხოლმე, მაგრამ ამ თემაზე, რატომღაც არ საუბრობს. ჩვენ კარგი ურთიერთობები გვაქვს, ძალიან მიყვარს და ამავე დროს მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი მსახიობია. მან ბევრი რამ გააკეთა უცხოეთში წასვლის შემდეგ, თუნდაც გადაცემების წაყვანით. 

ბატონ ნუგზარ შარიას დაბადების დღეს პოეტი, მწერალი და მხატვარი კობა ჭუმბურიძე გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

„მოგონებანი გარდასულ დღეთა:

ახლახანს გავიგე, რომ ნუგზარ შარია ოსკარების ჟიურის თავმჯდომარედ აირჩიესო.

ჰო-და ეს ისტორია გამახსენდა:

width=600

დაახლოებით 1983 წელია, ალბათ. იმხანად თბილისის ახალგაზრდულ კლუბში ვმუშაობდი. მოდის ნუგზარის შვილი (ასე 14-15 წლისა იქნებოდა მაშინ ზურა) და მეკითხება - მამაჩემის ფილმი რომ მოვიტანო, გაუშვებთო? დავიმარტოხელე დირექტორი - გიორგი ჭანტურია და ვეუბნები - ასეთი რამე გვთხოვა ზურამ - მეთქი. ჩემხელები, კი მიხვდებით რა ხდება, მაგრამ ახალგაზრდებისთვის ავხსნი: - ეს ის დროა, როცა ვიდეო არ არსებობს და ფილმის ნახვა, მხოლოდ კინოპროექტორით შეიძლება. ფირები ვეება რკინის კოლოფებშია და სხვაგან და სხვანაირად ვერ ნახავ. დირექტორის მონაწილეობა აუცილებელია. ჯერ ერთი, პასუხს აგებს და მეორეც - კინოპროექტორის გაშვება იცის. ვიღაცამ საშინლად გარისკა, ეს ფილმი ზურას რომ ათხოვა. უნდა გავრისკოთ ჩვენც, რადგან ამ ფილმის გაშვება აკრძალულია და ამისთანა რამეებს, ის ქვეყანა არავის ჰპატიობს. იმიტომ, რომ ნუგზარ შარია ემიგრაციაში წავიდა და სსრკში მოღალატედ გამოცხადდა. შესაბამისად, აიკრძალა მისი მონაწილეობით ფილმების გაშვება. ესენი იყო - „აბესალომ და ეთერი, „პალიასტომი, „ხევისბერი გოჩა და „ენგურის ნაპირებზე. ჰოდა ვუთხარი დირექტორს... გია არც კი შეყოყმანებულა, ისე მითხრა - პატარა ბიჭს მამა ენატრება და რომ გადამაყოლონ ამას, უარს როგორ ვეტყვიო - ასეთი კაცი იყო გია ჭანტურია. ხოლო დღეს ნუგზარის დაბადების დღეა“ - წერს ჭუმბურიძე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ცნობილი რეჟისორის ნუგზარ შარიას ვაჟმა, რუსთაველის თეატრის მსახიობმა ზურაბ შარიამ, სოციალურ ქსელში მამის წარმატებასთან დაკავშირებით, პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ 2020 წლის 5 იანვარს, ლოს ანჟელესში, ოსკარების ჟიურის შეკრებაზე, ამერიკელმა კინორეჟირორმა და პროდიუსერმა სტივენ სპილბერგმა, ფარული კენჭისყრით, ჟიურის თავჯდომარედ - ნუგზარ შარია დაასახელა. 

ავტორი: რუსა ღვანიძე