როცა მუსიკა, ცხოვრების გზას გიჩვენებს - ორი ვიოლინოთი „მზიურიდან“ ვენამდე

23:07 02-24-2020
19764

„ზოგიერთი ვირტუოზად მიჩნეული მუსიკოსი, თეონა გუბბა-ჩხეიძის მოსმენისას, ალბათ განცვიფრებასა და გაოცებისგან დაითრგუნება. მისი დაკვრის ინტერპრეტაცია და საოცრად შთამბეჭდავი ტექნიკური სრულყოფილება, რომელიც თითქოს არანაირ ძალისხმევას არ წარმოადგენს, იყო ბაროკო-ვიოლინოს ბგერისა და ვირტუოზული შესრულების ნამდვილი ზეიმი,“- ამ სიტყვებით ეხმიანება გერმანული პრესა -  „მიუნხენის მერკური“ თეონა გუბბა-ჩხეიძის კონცერტს.

ქართველ მევიოლინე თეონა გუბბა-ჩხეიძეს, რომელიც საკმაოდ ცნობილი ოჯახიდან არის, ქართველი საზოგადოება, ლეგენდარულ ანსამბლ „მზიურის“ მესამე თაობიდან იცნობს. ის, თითქმის 26 წელია, რაც საქართველოდან წავიდა. თეონა, ცნობილ რეჟისორ თემურ ჩხეიძის ქალიშვილი და მსახიობ ეკა ჩხეიძის დაა. უცხოეთში წარმატებულ მუსიკალურ კარიერაზე და პირად ცხოვრებაზე, ცნობილი მუსიკოსი ექსკლუზიურად, „პრაიმტაიმს“ ესაუბრა.

როგორ და სად დაიწყო შენი კარიერა?

თეონა ჩხეიძე - მევიოლინე. ვიოლინოზე დავიწყე დაკვრა, იმიტომ რომ დედაჩემი უკრავდა... როცა უკრავდა, ვიოლინოს ხელში აღება, აკრძალული მქონდა. ინსტრუმენტს რომ დადებდა, ყოველთვის ხემის ხახუნი მინდოდა ვიოლინოზე. ამიტომ მიყიდეს პატარა ვიოლინო - ასე დაიწყო ჩემი კარიერა!

width=600

პირველი პედაგოგი

დედამ, კონსტანტინე ვარდელთან მიმიყვანა, რომელიც არაჩვეულებრივი პედაგოგი იყო - ქართული კლასიკური მუსიკის კორიფე, სახელმწიფო კვარტეტის პირველი ვიოლინო. ვინც კოტესთან სწავლობდა, ყველა გიჟდებოდა, მეც ასევე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პედაგოგს, როგორ შეგაყვარებს საგანს. სხვათა შორის, ძალიან „რბილი“ ხასიათის ადამიანი იყო, არავისთან მკაცრი არ იყო. არ მახსოვს, რომ ჩემთვის ეჩხუბა. ერთადერთი, თუ რამე არ მოეწონებობა, მეტყოდა - „რას უკრავ გოგო, რას?“. ის წლები არასდროს დამავიწყდება, ძალიან კარგად დამამახსოვრდა. 

გოგონათა ანსამბლი „მზიური“ და პირველი წარმატება

7-8 წლის ასაკში, ანსამბლ „მზიურში“ მივედი. იმ პერიოდში ვმღეროდი, ვცეკვავდი, ვუკრავდი, ყველაფერს ვაკეთებდი (იცინის). გურამ ჯაიანმა დამიბარა - მოდი, მოგისმენო. მახსოვს ჩემი პირველი სიმღერა „Чебурашка“ იყო. ასე მოვხვდი მზიურში, სადაც არაჩვეულებრივი ბავშვობა გავატარე. თავიდან,  11 გოგო ვიყავით, მერე, კიდევ რამდენიმე წევრი შემოგვემატა.

width=600

-თქვენი თაობის მომღერლებიდან ვის დაასახელებდი?

ნატო მეტონიძე, ქეთი გაბისიანი, თამუნა ბუხნიკაშვილი - მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი და კიდევ ბევრი გოგო. გურამ ჯაიანი აღიარებდა, რომ ჩვენი თაობა, ყველაზე ნიჭიერი და ყველაზე ცელქი იყო.

width=600

მართალია, ყველა არ გაჰყვა მუსიკას, მაგრამ დღემდე ვმეგობრობთ. ბავშვობაში, ძალიან ბევრი დრო გავატერეთ ერთად. ზაფხულის მთელ 3 თვეს, ერთად ვატარებდით. როგორც ნამდვილი დები, დღემდე ისე ვართ, ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს. თითქმის, 26 წელია საქართველოდან წავედი, მაგრამ არ დაგვიკარგავს ერთმანეთი. 

width=600

 - რატომ წახვედი საქართველოდან?

1994 წელს წავედი გერმანიაში. პირველად თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩავაბარე, მაგრამ ერთი წლის შემდეგ, როცა ჩემი პედაგოგი კოტიკა ვარდელი გერმანიაში, ლიანა ისაკაძის ორკესტრში სამუშაოდ წავიდა, მეც წასვლა გადავწყვიტე. იმ პერიოდში, ლიანა ისაკაძემ აკადემია დაარსა, მაგრამ არ იმუშავა. 1995 წელს კი, მუინხენის კონსერვატორიაში (Hochschule) ჩავაბარე. სწავლის დასრულების შემდეგ, რამდენიმე წელი ლიანა ისაკაძის ორკესტრში ვუკრავდი. 2014 წელს, კონსერვატორიაში ისევ ჩავაბარე და თავიდან დავიწყე სწავლა, რომელსაც ისტორიული შესრულების პრაქტიკა ჰქვია - ბაროკო, კლასიკა, რომელიც სრულიად განსხვავებულია.

მივხვდი, რომ ეს არის ჩემი - სულ სხვანაირად დავიწყე დაკვრა. არ ხარ მიჯაჭვული იმაზე, რაც წერია. ბაროკო მუსიკაში, ძალიან ბევრი იმპროვიზაციაა, ანუ თავად აკეთებ იმპროვიზაციას, თავისებურად ქმნი. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული წესები, რომლებიც უნდა დაიცვა, მაგრამ ძალიან საინტერესოა, როცა შენ თვითონ ქმნი მუსიკას, თან ყოველ ჯერზე, სხვადასხვაგვარად უკრავ - სხვა მიდგომა გაქვს, მასთან ერთად, მეტი ხალისი გაქვს. თან, კითხულობ ისტორიულ ნოტებს, ან ტრაქტატებს, როგორც უნდა დაუკრა და იმის მიხედვით, სხვადასხვა ნაწარმოებს უკრავ - შენც, ავტორი ხარ.

width=600

მეტი ხალისი გაქვს. ამიტომ ვუკრავ სოლოსაც, ანსამბლსაც. ორღანთან ერთად ვუკრავ ძალიან ბევრ ნაწარმოებს. გვაქვს უამრავი გასტროლი. 

width=600

- ამ ეტაპზე სად ცხოვრობ?

2018- ში დიდი ხნის მანძილზე, ბერლინის ორკესტრთან ერთად ვიყავი ვენაში და სწორედ მაშინ დაიბადა იქ გადასვლის იდეა. გასული წლის სექტემბერში გადავედით საცხოვრებლად. განსხვავებული ქალაქია, უფრო მუსიკალური, ბევრი შესაძლებობების მქონე. იმის გამო, რომ მე მაინც პროექტებზე ვარ დაკავშირებული და არა გარკვეულ ორკესტრზე ან ანსამბლზე, მაინც სულ გზაში ვარ (იცინის). ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ სად ვიცხოვრებთ, ქალაქს, მნიშვნელობა არ ექნება. რა თქმა უნდა ბევრი სიარული მიწევს, მაგრამ ისედაც ბევრს ვმოგზაურობ, ამიტომ, მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, რომ ვენაში ცხოვრება, ორივესთვის უკეთესი იქნება. 

- წარმატებული მუსიკოსი ხარ უცხოეთში, საქართველოში ნაკლებად გიცნობენ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან თავმდაბალი ადამიანი ჩანხარ, მოგვიყევი შენს წარმატებებზე?

როგორ ვილაპარაკო ჩემს თავზე (იცინის)? მყავს ანსამბლი - „Concerto de Bassus“, რომელიც ჩემს ორღანისტ პარტნიორთან - ფრანც ჰაუკთან ერთად დავაარსე. სადაც კონცერტმეისტერი ვარ, ეს უფრო ჩემია, უფრო კარგად გამომდის. მე ვარჩევ მუსიკოსებს - 25-ზე მეტი დისკი გვაქვს ჩაწერილი. ჩემი ანსამბლი ინგოლშტატშია - „კონჩერტო დე ბასსუ“. სხვა ორკესტრებშიც ხშირად ვარ კონცერტმეისტერი. „კონჩერტო დე ბასსუს-ის გარდა ვთანამშრომლობ ისეთ ანსამბლებთან, როგორიცაა ბერლინის „ძველი მუსიკის აკადემია“, მიუნხენის ანსამბლები - „პერა, „ფენიქს მუნიქ, „კონჩერტო მიუნხენ, „აუგსბურგის ძველი მუსიკის ფორუმი (FAMA) და ვენის ბახის კონსორტი. ფოტოზე, მიუნხენის „ძველი მუსიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, ჩემი პარტნიორი - კლავესინისტი, პროფესორი მიხაელ ებერტია.

width=600

თანამედროვე მუსიკასაც ვუკრავ, იმიტომ რომ მიყვარს თანამედროვე მუსაკაც. გასული წლის შემოდგომაზე, იტალიაში შევასრულეთ ნაწარმოები, რომლის მუსიკა პირადად ჩემთვის დაწერა მიუნხენის კონსერვატორიის ყოფილმა რექტორმა - პროფესორმა რობერტ ჰელმშროტმა(Robert Maximilian Helmschrott).

width=600

ბევრ ქალაქში შევასრულეთ მისი ნაწარმოები „Lumen“, ჩემი ინტერპრეტაცია ძალიან მოეწონა და ამიტომ ჩემთვის მუსიკა დაწერა, რომელიც, 46 დასარტყამ ინსტრუმენტთან ერთად სრულდება, ნაწარმოების ბოლოს კი, რჩება მარტო ვიოლინო (ემოციის გარეშე ვერ ვლაპარაკობ, მეტირება), რომელიც წარმოგვიდგენს დანგრეულ გაპარტახებულ ქვეყნას.

width=600

ამ დროს, რატომღაც, ყოველთვის ქალები წარმომიდგება ხოლმე - დაღუპული ოჯახები, გაუპატიურებული ქალები. ისეა დაწერილი ნაწარმოები, რომ იქაც იმპროვიზაციაა, ნოტები წერია, რომელიც მე თვითონ შემიძლია განვსაზღვრო, როგორი გრძლიობის ნოტებს დავუკრავ. ანუ, იქაც მე ვქმნი როგორ დავუკრა. არის ცნობილი ფრანგი კომპოზიტორი ნაჯი ჰაკიმი, რომელიც წარმოშობით ლიბანელია. ძალიან კარგი კომპოზიტორია, ჩემთან ერთად დაუკრა თავისი ნაწარმოები, ძალიან მოწონს ჩემი დაკვრის სტილი. აღფრთოვანებით მომწერა შემდეგ: რა ბრწყინვალე ინტერპრეტაცია იყო ჩემი კაპრიჩიოსი, ძალიან ექსპრესიული, რითმიული და პოეტურიო. ისიც ქმნის ჩემთვის ახალ ნაწარმოებს. იცის, რომ ბაროკოს ვუკრავ. გვაქვს ჩანაფიქრი ცნობილ ბაროკოს თემაზე დაწეროს ნაწარმოები, სადაც იმპროვიზაციაც იქნება. მეც მინდა ჩემი წვლილი შევიტანო. ვნახოთ, რა გამოგვივა.  

მქონდა ასევე ჩემი „ტრიო კონ მოტო, რომელიც აღსანიშნავია იმით, რომ მხოლოდ სინთეზი გვქონდა მუსიკის, ლიტერატურისა და მხატვრობის. მაგალითად: სტრავინსკის „ჯარისკაცის ისტორიას ვუკრავდით და მსახიობი კითხულობდა ტექსტს; ლათინური ამერიკის ხელოვნებაზე გვქონდა პროგრამა - ვუკრავდით პიაცოლლას მუსიკას და მე ვკითხულობდი პაბლო ნერუდაზე და ფრიდა კალოზე, რომლის ნამუშევრებს ვაჩვენებდით იმავდროულად.

- როდის გაგიცნო პირველად ქართველმა მაყურებელმა?

ქართველმა მაყურებელმა, პირველად, გასულ წელს გამიცნო - როცა ჩემი პედაგოგის, კოტე ვარდელის 80 წლისთავის იუბილე გაიმართა. კონცერტი, ნიკა რაჭველის დირიჟორობით გაიმართაა, სადაც მეც მივიღე მონაწილეობა. ნიკა რაჭველის ორკესტრთან ერთად შევასრულე -  ანტონიო ვივალდის „წელიწადის დრონი -   „გაზაფხული და „ზაფხული (იხ. ვიდეო „ზაფხული“ - მე-3 ნაწილი). 

 width=600

- როდის გაქვთ დაგეგმილი მორიგი კონცერტი საქართველოში?

ჯერჯერობით არაფერი იგეგმება, არავის არ მივუწვევივარ. გასულ წელს, ნიკამ მთხოვა - „შეგიძლია ჩამოხვიდე და ორკესტრი ამეცადინოო?“. ვუპასუხე, აუცილებლად ჩამოვალ, როგორც კი დროს გამოვნახავ - მეთქი. იმის მერე აღარ ყოფილა ამ თემაზე საუბარი, დაავიწყდა ალბათ (იცინის).

  width=600

- რამდენი ხნით ჩამოხვედით...

რამდენიმე დღით ჩამოვედი. ამჯერად, გეგმაში მაქვს, 25 თებერვალს, ქეთი გაბისიანის კონცერტზე დასწრება. ყოველ წელს ვიკრიბებით „მზიურის“ წევრები. როცა ჩამოვდივარ, ყოველთვის ვხვდებით ერთმანეთს.

width=600

რამდენიმე დღის წინ ქეთი გაბისიანის დაბადების დღე იყო, ვეღარ მოვითბინეთ კონცერტამდე და დაბადების დღე, ჩემთან აღვნიშნეთ - ყველა ერთად შევიკრიბეთ, ძალიან საყვარლები არიან. ერთმანეთს არ ვაცლიდით ლაპარაკს, ერთი რომ საუბრობდა, ერთმანეთის მაინც ყველას გვესმოდა. ბევრი ვიცინით და კარგადაც გავერთეთ. იმ საღამოს შემდეგ, არავის აღარ გვაქვს ხმა. რა ეშველება ქეთის კონცერტზე, არ ვიცი (იცინის).

width=600

- სამომავლო გეგმები...

მიუნხენის ანსამბლ „ფენიკთან“ ერთად, კონცერტები მაქვს დაგეგმილი ჩეხეთში და გერმანიაში. ანსმბლ „პერასთან“  ერთად, „ჰენდელის“ ფესტივალზე, ჩვენ ბაროკოს დავუკრავთ კვარტეტი. ისინი დაუკრავენ აღმოსავლურს. ძალიან საინტერესო იქნება - აღმოსავლური ინსტრუმენტები ძალიან სხვანაირი ინსტრუმენტებია და შესაძლებელია, დასავლურ ბაროკოს მუსიკასთან ერთად შესრულება. ნაწარმოები ისე სრულდება, რომ ერთმანეთში გადადის დასავლური და აღმოსავლური მუსიკა.

width=600

- შენი ოჯახი...

დედა - ლალი გურგენიძე, მევიოლინე. სწორედ, მან დამაწყებინა ვიოლინოზე დაკვრა. კოტესთან(ვარდელი) მეგობრობდა და ერთად ვესწრებოდით მის გაკვეთილებს. 

- სად მოღვაწეობს?

28-ე მუსიკალურ სასწავლებელში ასწავლიდა და ამავე დროს, კონსერვატორიაში იყო კონცერტმეისტერად. ამ ეტაპზე, 28-ე სამუსიკო სკოლის სიმებიანი საკრავების განყოფილების გამგეა. ჩემს კარიერაში, ფაქტიურად, ყველაფერი დედამ გადაწყვიტა. მუსიკალურ ათწლედში ვსწავლობდი, სადაც ჩემი პედაგოგი, კოტე ვარძელი იყო, დედამ ასე გადაწყვიტა. მის აზრს, ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. დღემდე, ძალიან მზრუნველი და შვილებზე გადაყოლილია. ვიოლინო, რომელზეც დღეს ვუკრავ, გადავაკეთებინე ისევ ბაროკოზე. სხვანაირი, შიგნით უფრო მსუბუქი კონსტრუქცია აქვს, არა ისეთი, როგორც თანამედროვე ვიოლინოს. განსხვავებული სიმები აქვს. ანუ, მინდა აღვნიშნო, რომ დღეს, დედაჩემის ვიოლინოზე ვუკრავ, რაც ჩემთვის, ძალიან ემოციურია. სწორედ ის ვიოლინოა, რომელზეც ბავშვიბიდან მინდოდა დაკვრა, მაგრამ არ შეიძლებოდა. ერთხელ ვუთხარი - „იცი რა კარგად ჟღერს-მეთი“, „ყოველთვის კარგად ჟღერდაო“ - მიპასუხა (იცინის).  ყოველთვის მიყვარდა, როცა დედაჩემი უკრავდა. ეკას, ცრემლი მოსდიოდა ხოლმე. ყოველთვის განსაკუთრებული ბგერა ჰქონდა, ვფიქრობ, მე არ მაქვს ასეთი ბგერა. ვიოლინოს თავისი ტრადიცია აქვს.

- შენი და, ცნობილი მსახიობი...

ჩემი უფროსი და - ეკა ჩხეიძე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. ჩემთვის ყველაზე საყვარლესი ადამიანია, ძალიან ნიჭიერი, ყველაფერში გამორჩეული ნიჭი აქვს, მე ასე ვფიქრობ, ყოველ შემთხვევაში. მე უფრო დეტალურად ვსწავლობ ყველაფერს, ჩემგან განსხვავებით, ეკას ერთი ხელის მოსმით გამოსდის ყველაფერი. ძალიან განსხვავებული ადამიანები ვართ. გიჟდება თეატრზე, უყვარს მაყურებელთან კონტაქტი. 

width=600

 - მამაზე რას გვეტყოდი...

მამა - რეჟისორი თემურ ჩხეიძეა. ძალიან საინტერესო პიროვნება, „თბილი“ ურთიერთობები მაქვს.

width=600

საერთოდ, ჩემი მშობლები, ორივე ძალიან ალერსიანი ადამიანები არიან.

width=600

- ასეთი მორიდებული, რომელს უფრო გავხარ?

უი რა ვიცი, მგონი ორივეს (იცინის). ორივე საოცრად მორცხვი და მორიდებულია. მაგრამ ლალი გამორჩეულად - ყოველთვის სხვისთვის არსებობს! სულ ცდილობს, რომ უფრო სხვას ასიამოვნოს. ზუსტად იცის, ვის რა უყვარს - შვილებს, შვილიშილებს. არსდროს ფიქრობს, საკუთარ თავზე. 

width=600

- პირადი ცხოვრება..

მყავს არაჩვეულებრივი ქმარი - დოქტორ ჰანს იოახიმ გუბბა, რომელიც ხელისგულზე მატარებს. უაღრესად ყურადრებიანი, პროფესიით ექიმია - ორთოპედი, რომელიც არის ბავშვებზე სპეციალიზებული. ვენაში ცხოვრება, უფრო იმიტომ ავირჩიეთ, რომ აქ, ძალიან რთულ ოპერაციებს აკეთებდა. მისი კარიერა, ვენადან დაიწყო.

width=600

ავსტრიელმა პროფესორმა მარტინ ზალცერმა, დანერეგა, სრულიად ახალი მეთოდი - ავთვისებიანი სიმსივნის რესექცია, ქიმოთერაპიასთან კომბინაციაში, ანუ პაციენტს, ამპუტაცია აღარ სჭირდებოდა. 5-დან 14 წლამდე ბავშვებში, ხშირია ძვლის კიბო. ადრე, ასეთი დიაგნოზის პაციენტებს, ფეხს მთლიად აჭრიდნენ. ეს ოპერაციები, პირველად, ვენაში დაინერგა. ამის შემდეგ კი, გერმანიაში და აშშ-შიც. ძალიან რთული ოპერაცია იყო. ექიმებს მიაჩნიათ, რომ ბავშვი გაცილებით მეტს იტანს, ვიდრე მშობელი. ისინი, ვისაც ახალი მეთოდით ჩაუტარეს ოპერაცია, დღემდე მშვენივრად არიან. სახლში ყოფნის დროს, პროტეზს იხსნიან და ისე დადიან, თხილამურზეც კი დგანან. სასწაული შედგი ჰქონდა. შტუტგარდში კეთდებოდა ეს ოპერაციები, მაგრამ იმდენად ბევრი ექმი გადაემტერა, რომ კლინიკიდან წამოვიდა. ისედაც ძალიან რთული იყო, ამ ოპერაციების ჩატარება - 14 -15 საათი გრძელდებოდა. ოპერაციას, რამდენიმე ექიმი სჭირდებოდა. ახალა, სხვა ტიპის ოპერაციებს ატარებს. ჰანს იოახიმს მიღებული აქვს, საქართველოს პატრიარქის წერილობითი კურთხევა, მას შემდეგ, რაც ქართველ ბავშვს, გერმანიაში ურთულესი ოპერაცია ჩაუტარა.

 - საზღვარგარეთ ცხოვრება და უცხო ადამიანებთან ურთიერთობები...

26 წლის წინ წავედი გერმანიაში. გერმანული ენა მიყვარს, „ჩემია ანუ, ისიც მშობლიურივით არის ჩემთვის. გერმანიაც მიყვარს, გერმანული ენაც, გვყავს ბევრი მეგობარი. საზღვარგარეთ რომ მეკითხებიან, რა არის თქვენთვის სამშობლოო, ჩემი აზრით პირველ რიგში -  მშობლიური ენაა. მართალია ყველაფერი მენატრება, ჩემი ოჯახი, მეგობრები, ჰავა, ხილი, ხინკალიც კი, მაგრამ ყველაზე მეტად ჩემი ბავშვობა და მშობლიური ენა მენატრება. პირველად რომ ჩავედი გერმანიაში, ძალიან გამიმართლა, კარგი ადამიანები შემხვდნენ. ვცხოვრობდი, ერთ-ერთ ოჯახში - უსაყვარლესი ცოლ-ქმარი იყო. ქალბატონმა ლიანა ისაკაძემ გამაცნო. 50-55 წლის ადამიები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი შვილები ჰყავდათ, მართლაც შვილივით მიმიღეს. როგორც საკუთარი შვილი, ისე ვუყვარდი და მეც ძალიან მიყვარდნენ. იანვარში გარდაიცვალა ქალბატონი, ძალიან გული დამწყდა. დღემდე ახლო ურთიერთობა გვაქვს. რომ ამბობენ, გერმანელები ცივი ხალხიაო, არ ვეთანხმები. თქვენ წაროიდგინეთ, არანორმალურად ყურადღებიანი და ამავე დროს, ძალიან თბილი ხალხია. ყველაფერში მეხმარებიან, რაც არ უნდა დამჭირდეს. ფაქტიურად, საქართველოდან წასვლა, გერმანელმა ოჯახმა და ჩემმა მეგობრებმა გადამატანინა. 

- თეონას დახასიათება, მის მეუღლეს ვთხოვეთ, რომელიც სიამოვნებით დაგვთახმდა:

- როგორ მოგხიბლათ თეონამ?

პირველი, რაც თვალში მომხვდა, ძალიან ნიჭიერი მუსიკოსია. არამარტო ტექნიკურად არის კარგი მევიოლინე, არამედ მუსიკალურადაც. როცა ინსტრუმენტზე უკრავს -  თითქოს ამბავს ჰყვება, რაც ბევრს არ შეუძლია. უკვე 17 წელია ერთად ვართ. 2003 წელს გავიცანით ერთმანეთი და 2006 წელს კი, საქართველოში ვიქორწინეთ. ერთმანეთს შორიდან ვიცნობდით. ცნობილ ქართველ მევიოლინე ლიანა ისაკაძის კამერული ორკესტრს, რომელიც გერმანიაში არსებობდა, ჰყავდა მეგობრული წრე. ეს ორკესტრი, საქართველოში იყო ჩამოსული და თეონა კონცერტს, მის ყოფილ პედაგოგთან ერთად ესწრებოდა. გერმანელების დიდი ჯგუფი ვიყავით ჩამოსული. იმ დროს „მეგობრების წრის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ყოფილი თავმჯდომარე ვიყავი. ძალიან მიყვარს საქართველო და ხშირად დავდიოდით ექსკურსიებზე. სწორედ, იქ დავუახლოვდი თეონას, რომელიც თარჯიმნად იყო წამოსული (ძალიან მინდოდა, რომ წამოსულიყო და ამიხდა კიდეც სურვილი).  ჯვარი, ანჩისხატში დავიწერეთ. მიუხედავად იმისა, რომ 2006 წელს ვიქორწინეთ, ჯვრისწერის ბეჭდებზე - „2003 წლის აპრილი“ გვაქვს ამოტვიფრული.

 width=600

- როგორი მეუღლეა?

ძალიან ჭკვიანია, ბევრ რამეში ჩემზე უფრო. ოღონდ, ყველაფერში არა (იცინის). 

- გასტროლზე როგორ გიშვებს, არ ეჭვიანობს?

უი არა, იოახიმი საერთოდ არ არის ეჭვიანი, ბოლო წლებში, ერთად ვგეგმავთ დროს, რომ გასტროლზე ჩემთან ერთად წამოვიდეს. თითქმის სულ ერთად დავდივართ.

- თქვენ რას მეტყვით, ეჭვიანობთ?

როგორ არა, მაგრამ ამ თემაზე არ გვინდა საუბარი. საბაბი არა მაქვს, თორემ ეჭვიანი ვარ. 17 წელია ერთად ვართ და არასდროს გვიჩხუბია. ძირითადად, დრო არ გვაქვს, რომ ვიჩხუბოთ. საბაბსაც არ ვაძლევ, ეს ჩემი „ტრიუკია“ (იცინის).

- სასწაული იუმორი აქვს, ქართულს გავს...

კი, ძალიან განათლებული და ინტელექტუალური ადამიანია. მისი კარგი იუმორი, ამანაც განაპირობა, რაც ძალიან მიადვილებს მასთან ურთიერთობას. როცა ქალი, რამე საკითხზე ჩხუბობს, მეუღლე იუმორით რომ გპასუხობს, უკვე გიადვილდება ურთიერთობა. ჩხუბის საბაბს, ძირითადად არ მაძლევს. 

- თეონას მშობლებზე რას გვეტყოდით?

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა, ორივესთან კარგი ურთიერთობები მაქვს. როცა თეონას ცოლად შერთვა გადავწყვიტე, თეონას ოჯახისთვის ეს ყველაფერი, ცოტა რთული იყო, თან მე შვილებიც მყავდა. მისი მშობლებისთვის, ეს ნამდვილად არ იყო ადვილი. მაგრამ ეხლა სასწაული ურთიერთობები გვაქვს. იმდენად დამაჯერებელია ჩვენი ურთიერთობები მათთვის, რომ ალბათ ამიტომ ძალიან თბილად არიან ჩვენს მიმართ განწყობილი. თავიდან ძალიან შეშინებულები იყნენ და ნერვიულობდნენ, ეხლა პირიქით. ჩემის სიდერი, როცა რამეს აკეთებს, როგორც ვიცი, ყველაფერი ჩემზეა გათვლილი, ყოველთვის ითვალისწინებს, რა კერძი მიყვარს. თემურთანაც კარგი ურთიერთობები მაქვს. მისი ბრწყინვალე ნამუშევრები, ნანახი მაქვს როგორც საქართველოში, ასევე პეტერბურგში, აშში, ჰამბურგში. მისი სპექტაკლები ძალიან დამაჯერებელი და ბევრის მეტყველია. ძალიან დიდი ხელოვანია. გული მწყდება, რომ ენობრივი ბარიერი გვაქვს. თეონა გვითარგმნის, არადა ჩვენ პირდაპირი საუბარი გვინდა (იცინის).

- მეუღლე ქართულ კერძებს გიმზადებთ?

საუკეთესო ხაჭაპურს აცხობს, მსოფლიოში ყველაზე გემრიელს. როგორ შეიძლება საქართველო არ გიყვარდეს! ტორტიც კი გემრიელი გაქვთ. ხინკალი, ჩურჩხელა და განსაკუთრებით ქართული ღვინო ხომ პირდაპირ საოცრებაა. 

- სასიხარულოა, რომ ასე გიყვართ ერთმანეთი...

ჩვენც გვიხარია (იცინის). 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ, გერმანული გაზეთი „donaukurie“, თეონა გუბბა-ჩხეიძის ერთ-ერთი კონცერტის შესახებ წერდა:

სტაკატო-ოვაციები, დამაგვირგვინებელი აკორდი იყო, კვირას, ნოიბურგის სასახლის ეკლესიაში გამართული კონცერტისა. კონცერტის, რომელმაც ღირსეულად და ბრწყინვალედ გააგრძელა ნოიბურგის არც თუ ისე უმნიშვნელო ბაროკო მუსიკის ტრადიცია. „კონჩერტო დე ბასსუს შესაძლოა ინგოლშტადტის საზღვრებს გარეთ სახელგანთქმულობით ჯერ-ჯერობით არ სარგებლობს, მაგრამ ვისაც თეონა გუბბა-ჩხეიძის ნახვა-მოსმენა სურს, უნდა იჩქაროს. 

width=600 მისი სწავლის დაუოკებელ წყურვილს, ერთ დღეს, სადმე მუდმივად დასახლების სურვილი შეცვლის. ნაკლებად სავარაუდოა, ეს პატივი ამ რეგიონს ხვდეს წილად. წმინდაწყლის ჟღერადობის კოლორიტით - ჰ. ი. ფ. ბიბერის სონატით - გაიხსნა კონცერტი. აქ ვირტუოზობა, არ წარმოადგენს თვითმიზანს: გუბბა-ჩხეიძე ფლობს, არამარტო სრულყოფილად ინსტრუმენტს, არამედ ბალანსსაც სიმსუბუქესა და სერიოზულობას შორის. როდესაც მუსიკა ემოციას ითხოვს, მევიოლინე მას იაფფასიანი ეფექტის სახით არ იყენებს. იგი „ფრთებშესხმულიც კი ეძებს, ამ მუსიკისთვის რეალურ ადგილს, რაც მას დამაჯერებელს და თანამედროვეს (რადგან დღევანდელ დღეს იკვრება) ხდის. უდიდესი დამსახურება იდეალური ბალანსისთვის მიუძღვის - კლავესინისტ ანდრიი ზლოტას. მან კარგად იცის, თუ როგორ დააკავშიროს, სოლოში თუ კონტინუოში, სიმკაცრე და თავბრუდამხვევი სიმსუბუქე ერთმანეთთან. ორი ასეთი დონის მუსიკოსის შეხვედრა არქანჯელო კორელის სონატას აქცევს პროფესიონალურ ზენიტად კულმინაციებით ისედაც მდიდარ კონცერტში. - წერს გერმანული გაზეთი „დონაუკურიერი“. 

„სწორედ რომ ბრწყინავდა სოლო პარტიის შესრულებით კონცერტმეისტერი თეონა გუბბა-ჩხეიძე თავისი მგრძნობიარე და იმავდროულად ვირტუოზული დაკვრით ვიოლინოზე; ფრანც ჰაუკი კი მოქნილად დირიჟორობდა ორკესტრსა და გუნდს და თავად უწევდა კლავესინზე რეჩიტატივებში თანხლებას“ - წერს გერმანული პრესა.

 



ავტორი: რუსა ღვანიძე