საჩხერეში, ერთ-ერთ სასტუმროში ამ დრომდე კარანტინში რჩება ჩინეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს 31 მოქალაქე. საჩხერის საავადმყოფოს დირექტორის, მაია ხელაძის განმარტებით, კორონავირუსის ნიშნები არცერთს აღენიშნება, თუმცა, პრევენციისთვის კარანტინში რჩებიან.
კარანტინში მყოფმა ერთ-ერთმა მოქალაქემ „პრაიმტაიმს“ მიაწოდა სასტუმროს ფოტოები. როგორც ის ჩვენთან საუბრისას განმარტავს, სასტუმროში კარგ პირობებში იმყოფებიან.
„მიუხედავად იმისა, რომ კარანტინში ყოფნა არც ერთ ჩვენგანს არ აურჩევია და არც არჩევანის საშუალება ყოფილა, ადამიანები ვინც ამის ორგანიზება გააკეთა, ნამდვილად იმსახურებენ მადლობას იმ მზრუნველობისთვის, რასაც ჩვენ მიმართ იჩენენ.
ეს ქალბატონი ინგაა. ინგას პროფესია რა არის ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ის ჩვენთვის ყველაფერს აკეთებს. ჩამოსვლის დღიდან ჩვენთან ერთად არის და ჩვენ ის გვიყვარს“, - გვიყვება კარანტინში მყოფი მოქალაქე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეები ჩინეთიდან 22 თებერვალს ჩამოიყვანეს და საჩხერის საავადმყოფოსთან არსებულ სასტუმროში მოათავსეს. ჩინეთში მყოფმა მოქალაქეებმა სამშობლოში დაბრუნების სურვილი თავად გამოთქვეს.
ავტორი: ალექსი ქამადაძე