კორონავირუსმა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე „საშიშად“ წოდებულ ქვეყანაში, ერაყშიც შეაღწია. „პრაიმტაიმი“ სწორედ ერაყის რესპუბლიკაში მცხოვრებ ქართველ გოგონას ესაუბრა, რომელიც ჩვენს მკითხველს რამდენიმე თვის წინ გავაცანით.
მარიამ ცხადაძის თქმით, ამჟამად ერაყში კორონავირუსით დაინფიცირებული 8 პაციენტია. ქვეყანაში კი ისევ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
„ერაყში ამჟამად 8 ადამიანია კორონავირუსით დაინფიცირებული. ჯერჯერობით ამ ვირუსით არც ერთი ადამიანი არ გარდაცვლილა. როგორც აქაურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, ერაყში კორონავირუსი ირანელმა სტუდენტმა შემოიტანა, რომელიც არდადეგებზე სამშობლოში იყო წასული. მას სცოდნია, რომ დაინფიცირებული ყოფილა, თუმცა ნეჯეფში იმის გამო დაბრუნდა, რომ შიიტების წინამძღოლი ალისთვის ვირუსისგან განკურნებაზე შენდობა ეთხოვა. როდესაც პაციენტს კორონავირუსი დაუდგინდა, თავის ქვეყანაში დააბრუნეს. ამ ფაქტიდან ძალიან მალე, ირანიდან სამშობლოში დაბრუნდა ადგილობრივების ოთხსულიანი ოჯახი, რომლებიც ასევე კორონავირუსით იყვნენ ინფიცირებულები.
რაც შეეხება მოსულში არსებულ ვითარებას, ჯერჯერობით ვირუსის შემთხვევა არ გამოვლენილა და შესაბამისად პანიკა არ შეიმჩნევა. ქუჩაში იშვიათად შეხვდებით პირბადით მოსიარულე ადამიანს. არიან ოჯახები, ვისაც ეშინია ვირუსის და პროდუქტებს იმარაგებენ. სასწავლო პროცესი ქვეყნის მასშტაბით 7 მარტამდე შეწყდა. ამ ყველაფრის პარალელურად გრძელდება საპროტესტო აქციები. აგურებით აგებენ კარვებს და ასე გამოხატავენ პროტესტს“ -ამბობს მარიამ ცხადაძე.
ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი