აბსოლუტური თავისუფლება ძნელი წარმოსადგენია, თუმცა თანამედროვე ადამიანები თავისუფლებას უმთავრეს მონაპოვრად ვთვლით და მისი ყველა სიკეთით ყოველდღე ვსარგებლობთ.
მაინც... რა არის თავისუფლება? როგორია მისი აღქმა? გამოვლინება? ამ თემაზე იმდენად განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, რომ შესაძლოა, კანონი მართლაც ერთადერთი გამოსავალი იყოს ერთმანეთის თავისუფლებისგან მოქალაქეების დასაცავად.
დღეს ვცადეთ სხვადასხვა სფეროს, პროფესიის ადამიანთა აზრი მოგვესმინა...
ირაკლი ფაღავა, დრამატურგი: - ის, რაც დროში და სივრცეში შეიქმნა, ვერასდროს იქნება თავისუფალი (ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით). თავისუფლებაზე თავისი შეხედულებების მიუხედავად, ადამიანი მაინც ყოველთვის იქნება მიჯაჭვული შეუქცევად კანონზომიერებებზე, მაგრამ მას აქვს უნარი - განსაზღვროს როდის და რასთან მიმართებაში იყოს ან და არ იყოს მიკერძოებული. თავისუფლებაც სწორედ ამ ბალანსის აუცილებლობის გაცნობიერებაა.
ნიკა ჩერქეზიშვილი, პოეტი: - შესაძლოა, სხვა დროს სხვანაირი პასუხი გამეცა, ახლა ასე ვფიქრობ: თავისუფლებაა ის, რომ არ დანებდე, მაშინაც კი, როდესაც დგახარ კედელთან და თვალებში უყურებ შენსკენ მოშვერილ ლულას. უბრალოდ, არ დანებდე. თუნდაც მხოლოდ შენ ხვდებოდე, რომ არ დანებდი. ეს არის თავისუფლება.
თამაზ მჟავანაძე, მწერალი, ლექტორი: - თავისუფლება საქართველოს ჰიმნიდან დიდება და ღირსებაა. პირადი თავისუფლება განვითარების, პროფესიის და მომავლის დამოუკიდებლად არჩევის უფლებაა. ჩემთვის, როგორც შშმ პირისთვის, თავისუფლებაა - მქონდეს ღირსეული გადაადგილებისა და აზრის გამოხატვის უფლება. ჩემი თავისუფლება ჩემი სტატუსის გაჟღერების აუცილებელი მექანიზმია.
მიხეილ კოპლატაძე, მენეჯერი: - თავისუფლება, ვფიქრობ, ადამიანობის საწყისია, მტკიცე ნების გამოხატულება, არჩევანის საშუალება და ინსტინქტებზე მაღლა დგომაა. თავისუფლების მაძიებელი ადამიანი პროგრესის, განვითარებისა და ცვლილებების შემოქმედია, ქვეყნის თავისუფლება კი იდენტობის შენარჩუნებისა და გადარჩენის ერთადერთი გზაა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ცნება ინდივიდუალურია, მაინც მგონია, რომ თავისუფლება, სიყვარული, ღირსება, ურთიერთპატივისცემა ადამიანის ფუნდამენტური და მარადიული ღირებულებებია, რომლებზეც უნდა იყოს დაშენებული საზოგადოება. „სჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ძებნაში მკვდარი!“ - ეს სიტყვები, იმ მუდმივ დილემას, რომელიც ხშირად დგას ჩვენს წინაშე, კარგად პასუხობს. ვისურვებდი თავისუფალ საქართველოს - თავისუფალი და ბედნიერი ადამიანებით.
ოთარ ქათამაძე, რეჟისორი: - ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, თავისუფლება არის დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონებისა და მორალური პრინციპების დაცვა, ხოლო როგორც შემოქმედისთვის - ყველა მისაღები თუ მიუღებელი, მორალური თუ ამორალური, პოლიტიკური თუ სოციალური თემების შესახებ ხმამაღლა და უკომპრომისოდ საუბარი. თავისუფლება პასუხისმგებლობაა!
მარია მჟავანაძე, ჟურნალისტი: - ცნებას თავისუფლებაზე ყველა საკუთარ პრიზმაში ატარებს მარტივი მიზეზის გამო - ყველას თავისებური ხედვა აქვს. ამიტომ რამდენი ადამიანიც დადის დედამიწაზე, იმდენივე თავისუფლების ფორმულა არსებობს. ცხადია, წლებთან ერთად, ჩვენი თავისუფლების საზომიც იცვლება... ჩემთვის თავისუფლება დგება იმ მომენტიდან, როდესაც წყვეტ სხვების გაკიცხვას. აღარაფერს ამტკიცებ, აღიქვამ და ღებულობ ყველაფერს ისე, როგორც სამყარო გთავაზობს. ამის პარალელურად, შენი სული სრულ ჰარმონიაშია შენს სხეულთან, ამჩნევ და გაქვს უნარი, შეიგრძნო სამყარო თავისი დადებითი და, რაც მთავარია, უარყოფითი მხარეებით, მიხვდე, რომ მისი ნაწილი ხარ. აი, მაშინ ხარ თავისუფალი!
ოთო ცანავა, მეზღვაური: - რთულია თავისუფლებაზე საუბარი... ყველა ადამიანი თავისუფალია არჩევანში, გადაწყვეტილებაში და ცხოვრების სტილში, სანამ თვითონვე არ დავიწესებთ რაღაც პრინციპებს, წესებს და ა.შ. ბავშვობაში ვიყავით თავისუფლები, ვაკეთებდით ყველაფერს, რაც გვინდოდა, გვიხაროდა... სანამ არ გავიზარდეთ და ჩავებით რუტინულ, მატერიალურ ცხოვრებაში. დაგვიწესეს ქცევის ნორმები და ამით ვცხოვრობთ შეუგნებლად, რაც სწორად მიგვაჩნია... ამიტომ, ვფიქრობ, ბავშვობა არასდროს უნდა დავამთავროთ ჩვენში. სანამ ბავშვები ვართ, რაღაც დოზით მაინც ვართ თავისუფლები... ბედნიერები.
გიორგი გიორგაძე, სამოქალაქო აქტივისტი: - რა არის თავისუფლება?! ეს ხომ ყველაფერია! ზოგისთვის თავისუფლებაა, დაბადების დღეზე რომ გაუშვებენ, ზოგისთვის კი ის, თვითონ რომ იღებს გადაწყვეტილებას. ეს დამოუკიდებელი ცხოვრებაა, როდესაც შენს თავს შენვე განაგებ და არავინ ცდილობს რამეში შეგზღუდოს. როდესაც ადამიანი არ არის თავისუფალი, მაშინ იგი დამონებულია, ფიზიკურადაც და სულიერადაც. თავისუფალი როცა ხარ და ფლობ საკუთარ თავს, გრძნობ, რომ საკუთარი თავის ბატონი ხარ. მაშინ ცდილობ გააკეთო ყველაფერი კარგი, რაც არ გავნებს.
ნანა სტამბოლიშვილი, მოცეკვავე, დიზაინერი: - თავისუფლება ჩემთვის ის არის, რომ ხარ თავის უფალი, როცა შეგიძლია მართო საკუთარი თავი ნებისმიერ სიტუაციაში და არასოდეს მოექცე სხვისი ზეგავლენის ქვეშ. სამწუხაროდ, ვგრძნობ, რომ საზოგადოების უმეტეს ნაწილს ეს აკლია. ხშირად ექცევიან სხვისი ზეგავლენის ქვეშ და დიდ ყურადღებას უთმობენ იმას, თუ რას იტყვის ან რას იფიქრებს მასზე სხვა. ყველამ უნდა მართოს საკუთარი თავი. მაგალითად, აკეთოს ის საქმე, რაც უყვარს. მერწმუნეთ, ეს ქვეყნის წინსვლაზეც ძალიან დადებითად აისახება.
სალი ბეთლი, მომღერალი: - წლებია, თავისუფლების აღქმა ჩემთვის, როგორც განვითარებადი ადამიანისთვის, ჩემთან ერთად იცვლება. გარკვეულ ასაკამდე ვფიქრობდი, რომ თავისუფლება ის იყო, თუ სხვების მიერ აკრძალულ რამეს გავაკეთებდი, იქნებოდა ეს გვიან სახლში მოსვლა, სკოლაში არწასვლა, სკოლისთვის შეუფერებელი სამოსით სიარული თუ ნებისმიერი ქმედება, რომელიც სხვებისთვის არ იყო მიზანშეწონილი. მაშინ სხვაგვარად ვფიქრობდი, რადგან ვიყავი 16 წლის გოგო, რომელიც ღამეებს ათენებდა ხატვასა თუ ლექსების წერაში. ბევრი დამიწერია თავისუფლებაზე, მაგრამ მაშინ ვერ ვხვდებოდი, რამდენად ვიყავი თავის უფალი. გავიდა დრო, ბევრი კარგი თუ ცუდი პერიოდი გამოვიარე. ხშირად საკუთარი პიროვნების დაკარგვის შიშით ბევრი ნეგატიური ქმედება ჩამიდენია, ისევ და ისევ საკუთარი თავი დავაზიანე ამით, რადგან ვხვდები, რომ სიმშვიდის შენარჩუნებას დიდი ძალა სჭირდება. დღეს, როცა მეუღლე და დედა ვარ, თავისუფლებას სხვაგვარად აღვიქვამ. ვგრძნობ, რამდენად ძლიერი ვარ, როცა ჩემს შვილს ვხედავ. ჩემთვის თავისუფლება არ არის ის, რაც თავში წამომივლის, ყველაფერი ვაკეთო. თავისუფლება ყველასგან და ყველაფრისგან დამოუკიდებლობაა. მე დღესდღეობით სოციალურად აქტიური ვარ და ვგრძნობ, რომ ძალიან ვარ ჩართული და დამოკიდებული ვირტუალურ სივრცეზე, იმის გამო, რომ არ ჩამოვრჩე დინებას. არადა, შინაგანი ხმა მკარნახობს, სხვა რამ მჭირდება, რომ ეს ვირტუალობა ჩემს წლებსა და დღეებს შთანთქავს, რომ აღარ ვარ თავისუფალი. ჩემს „მეს“ ბუნების წიაღში ყოფნა სწყურია, რადგან თავისუფლება ბუნებაში ლაღად ხელების გაშლითა და ბედნიერი ღიმილითაც იზომება. რთულია, ამ კორპუსების ქალაქის ბინადარი თავისუფალიც იყო, მაგრამ საბედნიეროდ, ჩემთვის თავისუფლების სიმბოლო - ზღვა, ამავე ქალაქშია და მუდამ მახსენებს, რომ არ უნდა დავნებდე. თავისუფლება საკუთარი პიროვნების შეცნობაა... მის პოვნას ისევ და ისევ სიყვარულში და სიმართლეში თუ შევძლებთ. თავისუფლებაა, როცა შენგან ყოველგვარ ბოროტებას განდევნი და გრძნობ, თუ რამდენად მჩატე ხდები. ახლა, როცა 22 წლის ვარ, ვთვლი, რომ ყველაზე მეტად თავისუფალი მაშინ ვიყავი, როცა საკუთარი ოთახის კედლებს ვხატავდი.
მიქაელ ნემეზისი (მახარაძე), მხატვარი: - თავისუფლება იმდენადვე რთული ცნებაა, რამდენადაც ადამიანია თავისუფალი. ჩვეულებრივ, თავისუფლება გვესმის დამოუკიდებლობის, თვითმყოფადობის და საკუთარი სურვილის ნებად და შემდეგ სამყაროში განხორციელებულ ქმედებად გადაქცევის კონტექსტში. ასეც არის, მაგრამ ხშირად არ ექცევა ყურადღება იმ ასპექტს, რასაც პასუხისმგებლობა ჰქვია. ასეა, ჩემი ნებელობაა მთავარი და არ მანაღვლებს, ამით ვაზიანებ თუ არა სხვას; და არსებობს თავისუფლება, ანუ ის, რაც მე მსურს, ოღონდ ისე, რომ სხვისი კომფორტის ზონა დავიცვა და ზღვარს არ გადავიდე. აქ ჩნდება კითხვა, სად არის ეს ზღვარი? ან რა არის ზღვარი? შეუძლებელია თავისუფლების ცნებას დავარქვათ ობიექტური... ის, რაც აბსტრაქტული იდეაა, ვერასდროს იქნება ობიექტური, რადგან ადამიანები მკაცრად სუბიექტური და ინდივიდუალური აღქმის მქონე არსებები ვართ. საერთო ჯამში, როცა ვიყენებთ თავისუფლების ცნებას და რაღაც საერთოს მოვიაზრებთ მასში და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ყველა ასე ფიქრობს. მაშასადამე, თუ აღქმა და გონი შორსაა ობიექტურობისგან, მაშინ ერთადერთი საზომი და საზღვარი თავისუფლებისა არის კანონი. ადამიანისთვის თავისუფლების გარანტი კი სახელმწიფოა (ყველაზე კარგ შემთხვევაში). საზოგადოება არ არის მხოლოდ მშრალი კანონის ფარგლებში მოქცეული კავშირი, იგი მოქმედებს დაუწერელი კანონებითაც, რაც შეგნებასა და შინაგან მორალურ გრძნობაზეა დამყარებული. მაშ, ვინ აწესრიგებს ამ სფეროს? რაც უნდა ვეცადოთ, დავიცვათ ადამიანის უფლებები, პრობლემა მუდმივად იარსებებს და ძლიერი გადარჩება, სუსტი კი იცხოვრებს სხვების მიერ დაწერილი ფორმულებით. მახსენდება ფრაზა ქართული სიმღერიდან: „თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია!“ და ფ. ნიცშეს ზარატუსტრადან პასაჟი - „ლომი წავა და შეებრძოლება უდაბნოში თავის გველეშაპს, რომელსაც ჰქვია მე მოვალე ვარ“. იყო თავისუფალი, არ ნიშნავს სტატიკურ მდგომარეობას ცხოვრებაში, ეს პროცესია, მუდმივი ბრძოლაა, პირველ რიგში საკუთარ თავთან, რადგან თუ ვერ ახერხებ საკუთარი თავის გაკონტროლებას, ვერ იქნები თავისუფალი (შენი თავის ღმერთი, მფლობელი, შემოქმედი). არ არსებობს თავისუფლება პასუხისმგებლობის გარეშე, არსებობს ნებელობა პასუხისმგებლობის გარეშე!
ავტორი: მარიამ ხითარიშვილი