მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსის ეპიდემიამ მძიმე გავლენა იქონია ეკონომიკაზე. ეპიდემიის შედეგად მკვეთრად შემცირებული მგზავრთნაკადის გამო, ჩინეთის სამოქალაქო ავიაცია მნიშვნელოვან ზარალს განიცდის. წინასწარი ინფორმაციით, ზარალი 100 მილიარდ იუანს (14,3 მილიარდ დოლარს) მიაღწევს - აცხადებენ ადგილობრივი ექსპერტები. მათ შორის, რისკები არსებობს საქართველოშიც.
ქართველი ექსპერტები შესაძლო რისკებსა და მოსალოდნელ შედეგებს პროგნოზირებენ. ექსპერტ ვახტანგ ჭარაიას თქმით, კორონავირუსის გავრცელებამ, როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც მრავალ დარგს მიაყენა დარტყმა. ის მიიჩნევს, რომ ყველაზე მეტად დაზიანდა ტურიზმი - მსოფლიოს მასშტაბით, ტურიზმის მზარდი ინდუსტრიის განვითარების სწრაფი ტემპი შეჩერდა, რაც ბოლო 10-15 წლის განვალობაში არნახული მაჩვენებლით გამოირჩეოდა.
ქართველი ექსპერტი ვახტანგ ჭარაია აღნიშნავს, რომ ეპიდემიის ჩავლის შემდეგ მარტივი არ იქნება მსოფლიოსთვის, დაუბრუნდეს იმ ზრდის პროცესს, რომელიც ახლა შეფერხებულია, რადგან კორონავირუსის ეპიდემიამ ადამიანების ფსიქოლოგიურ განწყობებზეც იმოქმედა და მათთვის მოგზაურობა უფრო რისკის შემცველად აღიქმება.
კომპანიების დანაკარგები - საფონდო ბირჟებზე ფასიანი ქაღალდების ღირებულება დავარდა. ექსპერტი ვახტანგ ჭარაია ამბობს, რომ ფასიანი ქაღალდების ღირებულების კლება, კომპანიის ზარალის პირდაპირპროპორციული არ არის, თუმცა ფაქტია რომ მსოფლიოს მასშტაბით, კომპანიებს უჭირთ ოპერირება, ხოლო ფასიანი ქაღალდების ღირებულების კლება ეკონომიკაში უარყოფით მოვლენებზე მეტყველებს.
გართულებული ოპერირების რეჟიმზე არიან ავიაკომპანიებიც. ზოგ შემთხვევაში მათი ფასიანი ქაღალდების ღირებულება 1-%-ითაც კი შემცირდა. ჩინეთის მიმართულებით ფრენების შეწყვეტა, მაღალი რისკის მქონე ქვეყნები, როგორიცაა ირანი, იტალია, რა თქმა უნდა. ავიაკომპანიებისთვის დიდი ზიანის მომტანია.
ნავთობი - ნავთობის ფასის კლება შეიძლება საქართველოსთვის პოზიტიურ ასპექტში განვიხილოთ, რადგან როგორც ქვეყანას ნაკლები თანხის დახარჯვა მოგვიწევს იმპორტირებულ ნავთობზე, თუმცა, მეზობელი ქვეყანა აზერბაიჯანი ნავთობპროდუქტის იმპორტიორი ქვეყანაა და დამოკიდებულია მეტწილად ნავთობით მოპოვებულ შემოსავალზე, თავის მხრივ აზერბაიჯანი ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი ქვეყანაა საქართველოსთვის, რაც ინვესტიციების კლებას გამოიწვევს საქართველოში.
ლარის კურსი - ლარმა ბოლო პერიოდში გამყარება დაიწყო. ექსპერტი ვახტანგ ჭარაია მიიჩნევს, რომ კორონავირუსის დაკავშირება ლარის კურსის სიმყარესთან ჯერჯერობით ნაადრევია.
„თუ ვიზიტორთა ჩამოსვლა იკლებს, იკლებს შესაბამისად შემოსავალი უცხოურ ვალუტაში, ანუ ის რაც ამყარებს ლარს. უცხოური ვალუტის შემოდინება თუ შემცირდა, ავტომატურად ლარსაც გარკვეული საფრთხე ემუქრება, თუმცა რადგანაც ეს მოვლენა არ უკავშირდება ტურიზმის სრულად გაჩერებას, არამედ შესაძლოა გარკვეული პროცენტებით იყოს ძირითადად ჩვენი სამეზობლოდან შემცირება და სხვა ქვეყნებიდანაც, თუმცა ალბათ შედარებით ნაკლები პროპორციით, ამან შესაძლოა ნეგატიური გავლენა იქონიოს, თუმცა არსებობს ამის დამაბალანსებელი მოვლენაც, რაც არის საქართველოდან საზღვარგარეთ გამავალი ტურისტების რაოდენობა, რომლებიც აგრეთვე მოიხმარენ უცხოურ ვალუტას“ - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ჭარაია.
„გალტ ენდ თაგარტის შეფასებით, ამ ეტაპზე ძნელია ზუსტი შეფასებების გაკეთება თუ რა გავლენა ექნება კორონავირუსს საქართველოს ეკონომიკაზე. მათივე თქმით, აიკრძალა ფრენები ჩინეთთან და ირანთან, მაგრამ საქართველოს ამ ქვეყნებიდან მნიშვნელოვანი საგარეო შემოსავლები არ აქვს და გავლენაც სუსტი იქნება, მაგრამ თუ ვირუსმა გლობალური ეკონომიკის შემცირება გამოიწვია (რასაც ამ ეტაპზე ვარაუდობენ), მაშინ ეს ჩვენ ეკონომიკაზეც უარყოფითად აისახება.