3 წლის საბა რუხაძის მამა, რამდენიმე ხნის წინ „პრაიმტაიმს“ დაუკავშირდა და შვილის სიცოცხლის გადარჩენის მიზნით, საზოგადოებას, დახმარების თხოვნით მიმართა. მისი ინფორმაციით, პატარა საბას გულის ურთულესი ოპერაცია ჰქონდა ჩასატარებელი, რისთვისაც საჭირო იყო მისი საზღვარგარეთ მკურნალობა.
„პრაიმტაიმის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, ჯანდაცვის სამინისტრო და მერიის სამსახური გამოეხმაურა, რომლებმაც დახმარების მიზნით, საბას ანგარიშზე, მკურნალობის თანხის გარკვეული ნაწილი გადაურიცხეს. რამდენიმე დღის წინ, მას ასევე, ანიტა ფაცაციას ოჯახი დაუკავშირდა, რომელმაც ასევე გარკვეული თანხა ჩაურიცხა.
ამ ყველაფერმა, საბას ოჯახს საშუალება მისცა, რომ ბავშვი სამკურნალოდ, თურქეთში წაეყვანა. ამის შესახებ დავით რუხაძე „პრაიმტაიმს“ თავად უამბობს:
„ამ საომარ მდგომარეობაში, როცა „საშიში“ ვირუსი უტევს საქართველოს, სტამბულში წასვლა გადავწყვიტეთ. ძალიან ვინერვიულეთ, იმდენი ცუდი ამბავი ისმის, სახლიდან გასვლა შეგეშინდება, არათუ 1300 კილომენტრზე წასვლა. უფლის ნებით ყველაფერი კარგად იქნება. საბას, ქალაქში მოძრაობა უჭირს, ამხელა გზაზე განსაკუთრებით გაუჭირდებოდა, მაგრამ ყველაფერი ღვთის ნებით მოხდა.
მადლობა „პრაიმტაიმს“ ყურადღებისთვის, მადლობა ჯანდაცვის სამინისტროს, მადლობა მერიის სამსახურს და ანიტას ოჯახს და რაც მთავარია საქართველოს მოსახლეობას, რომლებიც გვერდში დაგვიდექით და საბას გულისთვის მაქსიმალური შეძელით! შეგატყობინებთ, რას გვეტყვიან კლინიკაში - ექიმები შეაფასებენ თუ არა, ყველა ინფორმაციას მოგაწოდებთ! გვითხრეს, რომ 15 დღე-ღამე, აქ მოგვიწევს დარჩენა.
ამ ეტაპზე, სტამბულის „Acibadem University Hospital Atakent“- ის კლინიკაში ვიმყოფებით. ბავშვს, უკვე ოპერაციისთვის ამზადებენ. დიდი წილი თქვენი დამსახურებაა - „პრაიმტიმი“, როგორც ოჯახის წევრები, ისე დამიდექით გვერდში. მადლობა, რომ საბას ბედით დაინტერესდით. ღმერთმა დაიფაროს საბუნა!“ - ამბობს საბას მამა.
შეგახსენებთ, რომ 3 წლის საბა რუხაძეს, სასწრაფოდ გულის ურთულეს ოპერაცია და საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება, რაც გარკვეულ თანხებთან არის დაკავშირებული, რისი საშუალებაც ოჯახს არ გააჩნია. საბას სხვადასხვა დროს დაუდგინდა ფილტვის ღეროს სარქველოვანი სტენოზი Q22.1, ფილტვის ვენების ნაწილობრივ ანომალური დრენაჟი Q26.3, წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტი Q21.1, სამკარიანი სარქველის ნაკლოვანება (უკმარისობა) Q22.8, თავის ტვინის მხრივ ჰიდროცეფალური სინდრომი G91.8, თავის ტვინის ცერებლური კისტები G93.1 და პერინატალური ენცეფალოპატია G93.8. ოჯახმა გასულ წელს, საზღვარგარეთ დიაგნოსტიკის დაფინანსებაზე შეიტანა განაცხადი და უთხრეს, რომ 2020 წელს, ოპერაციის დაფინანსებაზე შევიტანთო. მათ გაარკვიეს, რომ დიაგნოსტიკა არ ფინანსდება და ოპერაციაზე დაფინანსება კი, არ ჰქონდათ მოთხოვნილი. საბას მშობლები, თბილისის მერიას განმეორებით განცხადებაში დახმარებას სთხოვს - როგორც გამონაკლის შემთხვევას, თავიდან შეისწავლონ და გამონახონ გარკვეული თანხები, საბას სტამბულში რთული ოპერაციული მკურნალობისთვის.