„1500 მეტანიით მოპოვებული მადლი.“ - როგორ იცავდნენ მარხვას საქართველოს მეფეები

18:36 03-02-2020
457

სასულიერო პირების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ საუკუნეების მანძილზე, როცა მსოფლიოში სხვადასხვა ინფექცია ვრცელდებოდა, მორწმუნეები საერთო კოვზით ზიარებას არ უშინდებოდნენ. შესაბამისად, ეკლესია, ზიარების წესის შეცვლას არ აპირებს. ამ განცხადებამ, აზრთა სხვადასხვაობა გამიწვია.

width=600

 წმინდა ზიარების საიდუმლოს მნიშვნელობა

საეკლესიო მოძღვრება, ზიარების საიდუმლოს დაწესებას, იესო ქრისტეს მიაწერს (მისი ვნების წინ, საიდუმლო სერობის დროს). ზიარების საიდუმლო, სიმბოლურად გამოხატავს მორწმუნეთა მიერ ქრისტესადმი სამადლობელო (უსისხლო) მსხვერპლს. ასეთ გაგებას ეფუძნება, ზიარების ბერძნული სახელწოდება - ევქარისტია („მადლობა“). 

ზიარება, ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო - მორწმუნის მიერ ქრისტეს სისხლისა და ხორცის მიღებაა. საგანგებო ღვთისმსახურების - წირვის დროს, პური და ღვინო სიმბოლურად ქრისტეს ხორცად და სისხლად იქცევა, რომლის მიღებით მორწმუნე ქრისტეს სიწმინდეს ეზიარება და ცოდვებისაგან იწმინდება, რათა საიქიოში ცხონდეს. მართლმადიდებლური ეკლესიის წესით, ზიარება, ყველა მორწმუნეს შეუძლია. ზიარების შემდეგ ზიარებულნი ემთხვევიან ბარძიმს გარედან და დააყოლებენ ღვინოს თბილი წყლით ანუ სარღვნელს, რათა პირის ღრუში არ დარჩეს მცირე ნაწილაკიც კი წმ. ხორცისა.  

ერისკაცთა ზიარების შემდეგ საკურთხეველში შესული მღვდელი ფეშხუმზე დარჩენილ წმ. ნაწილებს ჩაუშვებს ბარძიმში, რაც ნიშნავს, წმ. სისხლით განწმენდა-განბანას მათი ცოდვებისაგან. შემდეგ მღვდლის მიერ ხდება ერის კურთხევა: “აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი”.  დიაკონს ფეშხუმი გადააქვს სამკვეთლოზე, მღვდელი მიიღებს ბარძიმს და დაბალი ხმით ამბობს: “კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი”. წმ. ბარძიმით აკურთხებს ხალხს და ხმამაღლა იტყვის: “ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე”, და გადაასვენებს სამკვეთლოზე.  

სასწაული, რომელიც მე-8 საუკუნეში მოხდა

ერთ მოძღვარს, რომელიც ლიტურგიას აღასრულებდა, ეჭვი შეეპერა, რომ კვეთისას,სეფისკვერი და ღვინო, ისევე გარდაიქმნებოდა, როგორც ეს მოხდა საიდუმლო სერობაზე. ამის გაფიქრებაზე მან ჩაიხედა ბარძიმში, სადაც ნამდვილად იხილია პური ხორცად გადაქცეულიყო, ღვინო კი სისხლად. შეშინებული გამოვარდნილა საკურთხევლიდან და უფლისათვის შენდობა უთხოვია. აქედან გამომდინარე, ადამიანი უნდა მიხვდეს, რომ მთავარი მსახურებაში მონაწილეობის მიღება კი არა,რწმენაა. ღმერთი განკაცდა და თავისი ხორცი დატოვა საზრდოდ,რათა განიწმინდოს ადამიანთა გულები. ქრისტესთან ზიარებით განიღმრთობა ადამიანი-ანუ, მესიას მიემსგავსება.

როგორ იცავდნენ მარხვას საქართველოს მეფენი:

- წმიდა მეფე დემეტრე თავდადებულზე ჟამთააღმწერელი გვამცნობს:

„ახალგაზრდა მეფეს „ამას თანა მოეგო მარხულობა, ღამით ლოცვა და მუხლთყრა ფრიადი, რამეთუ ათას ხუთასი მუხლი მოადგის მდაბლად მიწასა ზედა, ესრეთ ყოვლითურთ განშვენებული და განათლებული იყო“. სამწუხაროდ, შემდგომ მეფე „სისრულისაგან მცირედ მიდრკა და აღერია წარმართთა და ისწავლა საქმენი მათი უძღებებისა და სიძვისა“. და მოუყვანა სამი ცოლი. ნიკოლოზ კათოლიკოსი დღენიადაგ „ამხილებდა მრავლად და ვერ არწმუნა“ და „ამისათვის დაუტევა კათოლიკოსობა“. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოცხადებით „მოიწია წინაშე დიმიტრი მეფისა“ წინასწარცნობის მადლით გაბრწყინებული მონაზონი ბასილი, რომელმაც ჰკადრა მეფეს: „უკეთუ დაუტევნე უწესონი ქორწინებანი, მე თავმსდებ გექმნე, რათა კეთილად წარგემართოს მეფობანი შენი“. ხოლო როცა ვერაფრით შეასმინა მეფეს, საბოლოოდ უთხრა მას: „უკეთუ არ განეყენო უწესოთა ქორწილშეყოფათა და შეურაცხყვენ სიტყვანი ჩემნი, ბოროტად და უპატიოდ მოიკლა მძლავრთა მიერ“. მხოლოდ მოწამეობრივი აღსასრულით შეძლო მეფემ თავისი შეცდომების გამოსყიდვა და დაიმკვიდრა ცათა სასუფეველი. ხოლო ამ თავგანწირული ნაბიჯის გადადგმაში, მას დაეხმარებოდა მარხვისას ათას ხუთასი მეტანიით მოპოვებული მადლი.

- მეფის პასუხი ექიმთა რჩევაზე:

მარხვის ჟამს, შეუძლოდ შექმნილა მოხუცებული გმირი - მეფე ერეკლე II. ექიმს მისთვის, ძალის მოსაკრებლად, ქათმის ხორცის ნახარში - ბულიონი შეუთავაზებია. ჯიუტად შეუკრავს შუბლი ერეკლეს, მეფემ რომ მარხვაში ხორცის ნახარში შესვას, რა პასუხი გასცეს მან ერსაო - მიუგია მკურნალისათვის.

- როგორ იცავდა წმიდა მეფე ლუარსაბი დიდმარხვას:

დიდმარხვის დროს შაჰის ნადიმზე ლუარსაბმა შემოთავაზებული თევზი არ ჭამა. მან პირდაპირ უთხრა შაჰს: დღეს თევზით გინდა გავტეხო მარხვა, ხვალ - ხორცს შემომთავაზებ, შემდეგ ქრისტეს უარყოფასაც მომთხოვო. სიბრაზისაგან გახელებულმა შაჰმა პირდაპირ სჯულის უარყოფა მოსთხოვა მეფეს.

„მთელი ქვეყანა რომ მიბოძო, მაინც ვერ აღვასრულებ შენს ბრძანებას, რადგან ქრისტეს სახელით ნათელი მიმიღია და მხოლოდ ის მწამსო!“ - მხნედ უპასუხა ლუარსაბმა.

დატყვევებული გვირგვინოსანი შირაზს წაიყვანეს და დილეგში ჩააგდეს. შვიდი წლის განმავლობაში, ყოველდღე შედიოდნენ მასთან ციხეში მოლები, რათა ეცდუნებინათ მეფე - „შეიბრალე შენი სიჭაბუკე, თუ არა, მწარე ტანჯვა და სიკვდილი მოგელისო. „რაცა გნებავთ ყოფად ჩემდა, ჰყავით და აღასრულეთ ბრძანებ ყაენისაო“ - პასუხობდა წმიდა ლუარსაბი.

- მეფე გიორგის უკანასკნელი სათხოვარი:

საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი XII, დიდი მმარხველი და მლოცველი იყო. ის განსაკუთრებით განიცდიდა იმ ამბავს, რომ „განმანათლებლური“ იდეების ზეგავლენის ქვეშ მყოფი მისი ძე, ტახტის მემკვიდრე დავითი, საჭიროდ სულაც არ მიიჩნევდა მარხვის დაცვას. შეშფოთებულმა და შეწუხებულმა მეფემ შეუთვალა რუსეთში მყოფ ვაჟიშვილს: „თუ ჩემი სიამოვნება გინდა, მარხვის ჭამაზედ ხელი აიღე და ეკლესიაში ხშირად იარეო“. დავითმა კი დაუბარა: „რაც მე მწამს, ის შენ გაგიწყრესო და შენ რაცა გწამს, მე გამიწყრესო“. მაშინ ბრძანა მეფე გიორგიმ ფსალმუნი ესე: „დადგა იგი ყოველსა გზასა არა კეთილსა და ბოროტი მას არა მოეწყინაო“. კიდევ არა ერთხელ შეახსენა მეფემ ვაჟიშვილს თავისი ქრისტიანული ვალი: შვილო დავით, თურმე თეატრს, წარმოდგენას ეძახი და წირვას სათამაშოს. ნუ იქცევი ეგრე. მოიქეც და იწამე, თორემ ღმერთი, ღვთისმგმობლეს ტახტს არ აღირსებსო. მაგრამ ამაო გამოდგა მამის შეგონება. სამწუხაროდ, გამართლდა მისი წინასწარმეტყველება - დავითმა სამეფო ტახტი დაკარგა.

შეგახსენებთ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას

“საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის ინტერესებიდან გამომდინარე, მსოფლიოში გავრცელებულ ეპიდემიასთან, – კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებით განვმარტავთ შემდეგს: ინტერნეტ-სივრცეში დაიდო ინფორმაცია, თითქოს რუმინეთის ეკლესიამ, ვირუსისაგან თავდაცვის მიზნით, ზიარებისათვის ერთჯერადი კოვზების გამოყენების ნებართვა გასცა, რაც გადამოწმდა და, როგორც მოსალოდნელი იყო, სიმართლე არ აღმოჩნდა. ზიარებისთვის ერთი კოვზის გამოყენების პრაქტიკა ათასწლოვან ისტორიას ითვლის. ამ ხნის მანძილზე არაერთხელ ქონდა ადგილი სხვადასხვა სახის სიცოცხლისათვის საშიში ინფექციის გავრცელებას. ასეთ პერიოდებში მართლმადიდებელი მორწმუნენი არათუ უშინდებოდნენ საერთო ბარძიმიდან საერთო კოვზით ზიარებას, პირიქით, კიდევ უფრო ხშირად მიეახლებოდნენ ამ სიწმინდეს, რადგან, როგორც ყველამ ვიცით, წმინდა ზიარებისას ადამიანი იღებს ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს, – განმწმენდელსა და მაკურნებელს სულისა და ხორცისა. ამასთან, საერთო თაყვანისცემისთვის სამღვდელოება გამოაბრძანებდა ხოლმე საეკლესიო სიწმინდეებს: სახარებას, ჯვრებს, ხატებს, წმინდა ნაწილებს და აწყობდნენ ლიტანიობებს”, – ნათქვამია საპატრიარქოს 29 თებერვლის განცხადებაში.

ავტორი: რუსა ღვანიძე