2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 62 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, აქედან 19 სახელმწიფო და 43 კერძო. 2019 წელს ერთი უნივერსიტეტი დაიხურა. „საქსტატის“ ცნობით ავტორიზაცია შეუჩერდა კერძო უნივერსიტეტს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2019/2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულია 43.2 ათასი სტუდენტი, აქედან სახელმწიფო უნივერსიტეტებში 27.9 ათასი, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში - 15.4 ათასი. სტუდენტთა მიღება წინა წელთან შედარებით 1 600-ით გაიზარდა. ზრდა ძირითადად კერძო უნივერსიტეტებზე მოდის.
სტუდენტთა საერთო რაოდენობა
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა საერთო რაოდენობამ 148.8 ათასი შეადგინა. რაც წინა სასწავლო წელთან შედარებით 0.7%-ით მეტია. სტუდენტთა საერთო რიცხოვნობიდან 50.6% ქალია, ხოლო 49.4% - კაცი.
კურსდამთავრებულთა რაოდენობა
2018 წელს ჩარიცხული 27 906 სტუდენტიდან, 24 800-მა დაამთავრა უნივერსიტეტი. კურსდამთავრებულებიდან 56.7% არის ქალი, ხოლო 43.3% - კაცი.
სახელმწიფო უნივერსიტეტებში კურსდამთავრებულთა რაოდენობა 2.3-ჯერ აღემატება, კერძო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულების რაოდენობას.
სტუდენტთა გაგზავნა საზღვარგარეთ და უცხოელ სტუდენტთა რიცხოვნობა
2019/2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საზღვარგარეთ სასწავლებლად გაიგზავნა 656 სტუდენტი, რაც 17 სტუდენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.
უცხოელ სტუდენტთა რიცხოვნობამ, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, 13.3 ათასი შეადგინა, რაც 8.9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.