„რომ იცოდეთ, რამხელა მადლი ტრიალებს ეკლესიაში წირვის დროს, მტვერს მოხვეტდით და სახეზე მოისვამდით. ამ მსახურებაში, ზეციური ანგელოზები მონაწილეობენ“ - ამბობდა წმ. ღირსი მამა გაბრიელ აღმსარებელი-სალოსი.
კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რუმინეთის ეკლესიამ, ვირუსისაგან თავდაცვის მიზნით, ზიარებისათვის ერთჯერადი კოვზების გამოყენების ნებართვა გასცა, რაც გადამოწმდა და, როგორც მოსალოდნელი იყო, სიმართლე არ აღმოჩნდა. „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრის დეკანოზი დავით კუჭავა აცხადებს, რომ ერთი შემთხვევაც კი არ ყოფილა 2 ათასწლეულის მანძილზე, როცა ზიარების დროს ვინმეს რამე ინფექცია შეყროდა:
- ზიარება მორწმუნე ადამიანისთვის პირველი ცენტრალური და მთავარი საიდუმლოა. ჩვენ, ღვინის და პურის სახით ვიღებთ უფლის სისხლს და ხორცს. 2000-წლიანი ისტორიის განმავლობაში, შემთხვევა არ ყოფილა, რომ რამე გადამდები ავადმყოფობა გავრცელებულიყო.
- არც „შავი ჭირის“ დროს?
- მაშინაც კი, სასულიერო პირები, დაავადებულ ადამიანებთან დადიოდნენ და აზიარებდნენ. პირველ რიგში, მათ არ ეშინოდათ. უამრავი შემთხვევაა, დღევანდელ თანამედროვე პერიოდშიც კი, არავის დაუხევია უკან. ყველანაირი ავადმყოფი უზიარებიათ. ზიარების დასრულების შემდეგ, რაც ბარძიმში რჩება, ჩვენ ვიღებთ დარჩენილს.
- იგივე კოვზით იღებთ ბარძიმში დარჩენილ წმინდა ნაწილებს?
- როცა მღვდელი ან დიაკვანი მრევლს აზარებს, რაც რჩება ბარძიმში, იგივე კოვზით, რომლითაც მრევლი ეზიარება, დარჩენილ ნაწილს თავად იღებს და ამის შემდეგ წმინდავს ბარძიმს. ეს იმდენად დიდი სიწმინდეა, ინფექციის გავრცელება გამორიცხულია. დასავლური წყაროს ინფორმციით, რუმინეთის ეკლესიამ თითქოს ერთჯერადი კოვზებით ზიარება დააწესაო. ეს ინფორმაცია, არ აღმოჩნდა სწორი. რუმინეთის პატრიარქმა გამოაცხადა, რომ მივიდნენ სასულიერო პირებთან, გაძლიერდნენ რწმენაში. საპატრიარქოს განცხადებით, ეს ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება. 1990-იანი წლებიდან სასულიერო პირი ვარ. პირველ ხანებში, მახსოვს, რომ ტაძარში ბევრ ადამიანს ჰქონდა ეჭვი - ეს ურწმუნო ადანიანის პრობლემაა.
- როგორ იწმინდება ბარძიმი?
- ცხელი წყლით იწმინდება. მინდა გავიმეორო, რომ ისტორიაში ჯერ არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ზიარების შემდეგ რამე სახის ვირუსი გავრცელებულიყო. მძიმე ავადმყოფების საზიარებლად, სასულიერო პირები ტუბდისპანსერებში, სხვადასხვა კლინიკებში და სამედიცინო დაწესებულებებში დადიან, მაგრამ ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ რომელიმეს გადასდებოდა. მით უმეტეს, ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ, ამის რწმენა გვაქვს და არასდროს არ შეგვშინებია არც ხატზე მთხვევის და არც ინფექციური დაავადების გადადების.
ყველაზე დიდი მადლი, რაც შეიძლება წირვის დროს იყოს, ეს არის სახარების კითხვა, როცა უფალი ჩვენთან არის, როცა უფალთან პირდაპირი კავშირი გვაქვს. სახარების წაკითხვა და წმინდა ზიარება - უფლის სისხლის და ხორცის მიღება, ყველაზე დიდი მწვერვალია უფალთან შეხების.
- ეს შეხება ერთჯერადი კოვზით ვერ შედგება?
- ამის საჭიროება არ არის. პრაქტიკაში, ჯერ არ ყოფილა, რომ ვინმეს, ამის გამო, ვირუსი გადადებოდა. არანაკლები ვირუსები იყო წინა წლებშიც.
- ზიარების დროს, თქვენ რა იცით, ვის რა ტიპის ვირუსი აქვს...
- რა თქმა უნადა, არ ვიცით... თუ სასულიერო პირს, უფლის ლოცვა-კურთხევა აქვს, ეს არ უნდა იყოს შემთხვევითი პირი. ძალიან მძიმე ავადმყოფებთან მივსულვართ საზიარებლად, იქაც საერთო ჩვეულებრივ კოვზს ვიყენებთ, რომელიც ზიარების შემდეგ, ასევე იწმინდება. ავადმყოფებთან, სპეციალური პატარა ბარძიმით და პატარა კოვზით დავდივართ. კოვზი, არის საერთო მოხმარების და არა ერთჯერადი.
- ანუ, სხვა კოვზით აზიარებთ მძიმე ავადმყოფებს?
- ბარძიმის პატარა ზომის კოვზიც, ჩვეულებრივ, როგორც ყველა, მეტალისაა, რომელიც საერთო მოხმარების არის. იმ პირებს, რომლებიც ავადმყოფობის გამო ტაძარში ვერ მიდიან, სახლში ვაზიარებთ. სწორედ, ამისთვის გვჭირდება პატარა ზომის ბარძიმი, რადგან მისი ტარება, გაცილებით უფრო კომფორტულია. ვიღებთ წმინდა ნაწილებს, რაც ძირითადად დიდ ხუთშაბათს იჭრება, რომელიც ინახება მთელი წლის განმავლობაში და სწორედ ამ წმინდა ნაწილებით ვაზიარებთ მძიმე ავადმყოფებს. ამიტომ გვაქვს სპეციალური ჭურჭელი, რომელიც სამგზავროდ, უფრო მისახერხებელია. ეს წინა საუკუნეების ტრადიციაა - ყოველთვის ინახებოდა წმინდა ნაწილები, მძიმე სენით დაავადებული ადამიანებისთვის,
- „იმოქმედეთ ჩემს მეორედ მოსვლამდე...“ - უთხრა ქრისტემ მოწაფეებს, როცა მათ წმინდა ზიარების საიდუმლო დაუწესა. რას ნიშნავს, განგვიმარტეთ...
- უფალი ამაღლდა, ის ყველასთან და ყველგან არის, მაგრამ როცა იესო ფიზიკურად იყო მოციქულებთან, სწორედ მაშინ წარმოთქვა. მან, ეს ნუგეშად დაგვიტოვა, ჩვენ პირდაპირ სისხლს და ხორცს ვეზიარებით, რითიც დიდ ნუგეშს და სიხარულს ვიღებთ... მეორედ მოსვლის დროს, სულ სხვა მდგომარეობა და რეალობა იქნება. მეორედ მოსვლამდე, ეს ადამიანები, ვინც ეზიარებოდნენ, ამ ნუგეშს მიიღებენ. მარხვა სულის სიხარულია და ამ სიხარულს აგვირგვინებს ზიარება. წმინდა ზიარება, უფალთან შეხვედრაა, თორემ, უფლის გარეშე სიხარული, წამიერი და დროებითია. ეს, მარადიული სიხარულის განცდაა დედამიწაზე. ერთ-ერთმა მეუფემ ბრძანა, რომ ეზიარება სისხლი - როგორ შეიძლება, ამ დროს ადამიანს რამე გადაედოს. ზიარებაზე დიდი სიწმინდე, ამქვეყნად არაფერია.
შეგახსენებთ, რომ ბარძიმი, ძვირფასი ლითონისაგან(ოქრო ვერცხლი) დამზადებული მაღალფეხიანი სასმისია, რომელშიც ღვთისმსახურების დროს, ღვინო გარდაიქმნება ქრისტეს სისხლად. ბარძიმიდან ხდება ზიარება. წმ. მამა გერმანე კონსტანტინეპოლელი ბარძიმის მნიშვნელობაზე წერს: - „ტაკუკი არის გამოსახსნელი სასმისი, რაც უფალმა უბოძა მის მოწაფეებს სერობის ჟამს. ზოგჯერ ბარძიმი ნაცვალია ტაკუკისა. მასში ღვთის ძემ და „სიბრძნემ“, ღვინის ნაცვლად, თავისი სისხლი განაზავა, შემდეგ წმინდა ტრაპეზზე დადგა იგი და ეს თქვა: - განზავებული ღვინის წილ „სუთ ამისგან ყოველთა, მისატევებელად ცოდვათა და ცხოვრებად საუკუნოდ“.