ვინ არის „კანონიერი ქურდი“, რომელმაც თბილისში ალისა ფრეინდლიხი დააყაჩაღა

13:08 03-04-2020
3288

73 წლის ქართველი „კანონიერი ქურდი“ ამირან ებრალიძე ამჟამად თურქეთში ცხოვრობს და რუსულ პრესას თუ დავუჯერებთ, კვლავაც აქტიურად მონაწილეობს ქურდულ გარჩევებში.

ბოლოს ის სტამბულში გამოჩნდა, სადაც ორ გავლენიან კლანს შორის ურთიერთობას განიხილავდნენ. საუბარია ჯანგველაძე-ონიანის დაჯგუფებასა და „კანონიერ ქურდ“ ვაჟა ბიგანიშვილის მომხრეებს შორის არსებულ კონფლიქტზე.

ამირან ებრალიძე წარმოშობით ლანჩხუთიდან გახლავთ. კრიმინალურ წრეებში მას „ცხვირას“ მეტსახელით იცნობენ. ქურდის ტიტული 21 წლის ასაკში, 1968 წელს მიიღო. 

მის სახელს უკავშირდება საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის, ალისა ფრეინდლიხის დაყაჩაღება.

ცნობილი მსახიობი თბილისში 1972 წელს რეჟისორ გიორგი შენგელაიას მოწვევით ჩამოვიდა. ის გადაიღეს ფილმში „ვერის უბნის მელოდიები“ - საბალეტო სტუდიის ხელმძღვანელის როლზე. 

ცნობილია, რომ ფილმის გადაღების შემდეგ მსახიობმა პლეხანოვზე გასეირნება გადაწყვიტა, რაც საკმაოდ ძვირად დაუჯდა. მოულოდნელად მას ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაესხა თავს, დანა ყელზე მიაბჯინა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ძვირფასი ქურქი გასტაცა. 

საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის დაყაჩაღების საქმე მაშინდელი მილიციის პრიორიტეტად იქცა. თავდამსხმელი მართლაც მალევე დააკავეს. ის 26 წლის „კანონიერი ქურდი“ ამირან ებრალიძე, იგივე „ცხვირა“ აღმოჩნდა. ალისა ფრეინდლიხს ქურქი დაუბრუნეს, ებრალიძეს კი საბჭოთა კავშირის სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით (ბანდიტიზმი) 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 

მას შემდეგ ამირან ებრალიძემ სხვადასხვა დანაშაულისთვის სასჯელი კიდევ 4-ჯერ მოიხადა.