რა მოხდა ჭოპორტში, რატომ მოკლა შვილმა და და დედა? - ამ კითხვებზე „პრაიმტაიმთან“ ერთ-ერთი ადგილობრივი საუბრობს. მისი თქმით, დედა-შვილს შორის უთანხმოება თანხას უკავშირდება.
„ლაშა ქიმბარიშვილს საქონელი ჰყავდა და დედა რძის პროდუქტებით ვაჭრობდა. ნავაჭრ თანხას ლაშას არ უყოფდა. დედა და და მას დამატებითი სამუშაოს მოძიებას სთხოვდნენ, ამის გამო მათ შელაპარაკება ხშირად მოსდიოდათ. დამ, თეა ქიმბარიშვილმა დედის დაცვა გადაწყვიტა და აშველებდა, რა დროსაც ძმამ დაჭრა, დედას კი ესროლა.“ - ამბობს ჭოპორტის მკვიდრი.
შეგახსენებთ, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭოპორტში, 28 თებერვალს დილის 7 საათზე ტრაგედია დატრიალდა. მეზობელმა დაინახა, როგორ არბოდა კიბეზე სანადირო თოფით ლაშა ქიმბარიშვილი. მერე რამდენიმე გასროლა გაისმა. მეზობლები ეზოში რომ შევიდნენ, კიბე ჩამოირბინა ლაშა ქიმბარიშვილმა, პირველ სართულზე ოთახის კარი ჩაკეტა და პოლიციის მისვლას დაელოდა.
მეზობლებმა 42 წლის თეა ქიმბარიშვილი მძიმედ დაჭრილი იპოვეს, დედამისი კი უკვე გარდაცვლილი იყო. ქალს საავადმყოფოში მიყვანამდე გული გაუჩერდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.